მესამე კურსის სტუდენტი ირინა მიქავა

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ ირინა მიქავას, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მესამე კურსზე.

მოგესალმებით, ირინა, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს შესახებ.

მე გახლავართ ირინა მიქავა, ყოველთვის მაინტერესებდა კომუნიკაცია და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, უკვე მეათე კლასიდან ვიცოდი რა მინდოდა და როგორ მოვრგებოდი ადგილობრივ ბაზარს. ვაცნობიერებდი თუ რაოდენ დიდი იყო კონკურენცია, მაგრამ აგრეთვე ისიც ვიცოდი რომ მიუღწეველი არაფერია, ასე მოვხვდი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი ვარ, რაც მიხარია, მაგრამ არ მაკმაყოფილებს, ინდივიდი თავად აყალიბებს პიროვნებას, დღეს კონკურენციის ერაა, წარმატებას აღწევს ის ვისაც მეტი გონებრივი და სხვა სახის რესურსი გააჩნია, თუ ვერ ერგები შიდა ბაზარს, ეს შენი პრობლემაა.

  1. გააცანით ჩვენს მკითხველს თქვენი სტუდენტური აქტივობები?

ვმონაწილეობ სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებში, რაც დღითიდღე მზრდის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტად. აგრეთვე, დაინტერესებული ვარ სტაჟირების პროგრამებით, გახლდით 3 თვიანი სტაჟირებით საქართველოს პარლამენტში, სადაც შევიმუშავეთ ეთნიკური უმცირესობების კანონპროექტი საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თობაზე.  ვიყავი საქართველოს მოხალისე, რთულია გაანალიზო მოხალისეობრივი კულტურის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის, აკეთო სიკეთე დაუღალავად ყოველგვარი საფასურის გარეშე, მაგრამ ესეც ადამიანზეა დამოკიდებული.

  1. რითი ხართ ამჟამად დაკავებული?

დღეს  „გაყინული კონფლიქტების“  და მსოფლიოში არსებული კრიზისული მდგომარეობის შესწავლით ვარ დაკავებული. ვგულისხმობ, კონფლიქტებს (კორეა, ავღანეთი,სირია და ა.შ) და ვცდილობ  გავაანალიზო პრობლემის სირთულე, გადაჭრის გზებით. ასევე ადამიანის უფლებები, შრომის კოდექსში არსებული ხარვეზების გამოკვეთა -რედაქტირება, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და საზოგადოებასთან ინტეგრაცია, ქუჩაში მომუშავე ბავშვებთან  კონტაქტი  და მათი უფლებების შესწავლა ეს ყოველივე ჩემი ცხოვრების დღის წესრიგი და ჩვეული ნორმაა.

  1. ამჟამად, საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებთ, რას საქმიანობს კლუბი?

საერთაშორისო ურთიერთობების კლუბში განვახორციელეთ პროექტი „26 მაისი  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები, ისტორიის მოკლე ანალიზი სათანადო დასკვნებით, სტუდენტებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდა დეკანი, დეპარტამენტის უფროსი და პროფესორ-მასწავლებლები. ამ დროისათვის სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად ვგეგმავთ ძველი კონსტიტუციის განხილვას, რაც საკმაო პასუხისმგებლობასა და დიდ შრომას მოითხოვს ჩვენგან როგორც ხელმძღვანელებისგან ისე სტუდენტებისგან .

  1. თქვენ ასევე ფაკულტეტზე არსებული „ეკომოლაშქრეთა კლუბის“ დამფუძნებელი ხართ, რა არის თქვენი საქმიანობის არსი?

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი, რომელიც გეგმავს და ახორციელებს ლაშქრობებს საქართველოს მასშტაბით, ასევე ველორბოლებს, ტრენინგ-სემინარებს, ფოტოკონკურსსა და სხვა გარემოს დაცვით აქტივობებს. სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ორგანიზებით პირველი ლაშქრობა შედგა ბირთვისში 25 კაციანი შემადგენლობით, ასურეთში, სადაც მიმოვიხილეთ სოფლისთვის დამახასიათებელი ძველი გერმანული არქიტექტურა, იქვე შემორჩენილი ძველი ეკლესია. მეორე ლაშქრობა განვახორციელეთ რაჭაში (ნიკორწმინდა, ცხრაჯვარი, შაორის წყალსაცავი). კლუბი აერთიანებს 100 მდე სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე ეკომოლაშქრეები თსუ-დან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და  ევროპული უნივერსიტეტიდან.

  1. რა არის კლუბის სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, იგი დაყოფილია სეზონურად. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ველორბოლას, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი ცხოვრების  კულტურის დანერგვაში, საქველმოქმედო ღონისძიება ბედიანის თავშესაფრის დასახმარებლად, გარემოს დაცვითი აქტივობა და ტური ყაზბეგში, სადაც გაიმართება ფოტოკონკურსი სახელწოდებით „განაგრძე აღმოჩენა გახდი ეკომოლაშქრე“. ხოლო გაზაფხულზე შეჯიბრი რბენაში სხვა საინტერესო ღონისძიებებთნ ერთად . დავაანონსებთ ზაფხულის გეგმებს, რომელიც ფართომასშტაბიანია და ითვალისწინებს ექსპედიციას სამეგრელოში არსებული ტურისტული ზონების დასალაშქრად მაგალითად, როგორიცაა: ტობოვარჩხილის ტბა, ინწრის ჩანჩქერი, ყვირას მთა და ა.შ  ამავე დროს აქაც გაიმართება ფოტოკონკურსი .

  1. გაგვიმხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები

დღეს ჩემი მიზანია უცხო ენების შესწავლა  და საზღვარგარეთ მოკლევადიანი ან გრძელვადიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რის განხორციელებასაც შეძლებისდაგვარად ვცდილობ  და მსურს მოვერგო ქვეყნის კონკურენტუნარიან შიდა ბაზარს.

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის ადმინისტრაციის შესახებ?

უდავოა, რომ ფაკულტეტს შესანიშნავი ხელმძღვანელობა ჰყავს. კლუბის დაარსების იდეიდან დღემდე გვერდში მიდგას ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, დეკანის მოადგილე ჯემალ გაბელია და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულების დეპარტამენტი. არაერთი აქტივობა განვახორციელეთ და დეკანი აქტიურად ესწრება,  მხარს გვიჭერს, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციის წყაროა. ვისარგებლებ შემთხვევით და საჯაროდ მადლობას ვეტყვი მათ.

  1. რას ურჩევდით პირველკურსელებს?

ჩემი რჩევა იქნება, გაწევრიანდნენ ფაკულტეტზე არსებულ სტუდენტურ კლუბებში, ჩააერთონ აქტიურად, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქტივობებში, რადგან ეს დაახლოვებს მათ მომავალ წარმატებებთან.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *