პროექტში „პოლიტიკა სამსჯავროზე“ მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

მიმდინარეობს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტების (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები) რეგისტრაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის მულტიდისციპლინურ სამეცნიერო-პრაქტიკულ პროექტში „პოლიტიკა სამსჯავროზე“ მონაწილეობის მისაღებად.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd9nKK5WeM0vU_1AMQNtq3qqjwCtmA2QQdPuZbbflaUBGegdA/viewform  შეიძლება დარეგისტრირდეთ ზვიად გამსახურდიას სახელობის კაბინეტშიც (მე-6 კორპუსი, მე-6 სართული, ა ბლოკი) ნინო ოდიშელიძესთან, ასევე, ტელეფონითაც 555 119 829
ამ უნიკალური ინოვაციური პროექტით გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა სპეციალობების თეორიულ-პრაქტიკული სინთეზისა და უნივერსალიზაციის პროცესში სტუდენტების ჩართვა, მათში სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ფაკულტეტზე მრავალმხრივად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, მაღალი დონის სპეციალისტის მომზადებას. ინოვაცია მოიცავს სამართალმცოდნეობის (0601), პოლიტიკის მეცნიერებების (0702), საერთაშორისო ურთიერთობების (0705) და ინფორმატიკის (0401) სამეცნიერო კვლევის სპეციალობების თეორიულ-პრაქტიკულ სინთეზს.
ჩვენ გვაინტერესებს განვითარების ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ მონაკვეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა. უნდა დავინახოთ შეცდომები, რომლებიც აღარ უნდა გავიმეოროთ. ჩვენი ფაკულტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ამ სხვადასხვა სპეციალობების სტუდენტებმა ერთობლივად უნდა გააანალიზონ, სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით შეაფასონ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კრიტიკულ სიტუაციებში, რამდენად შეესაბამებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
მაშ ასე, პროექტი “პოლიტიკა სამსჯავროზე”

საქართველოში პირველად შედგება ცნობილი ქართველი პოლიტიკური ფიგურების მიერ წარმოებული პოლიტიკის იმიტირებული სასამართლო პროცესი, ანუ პიროვნება კი არა, არამედ პოლიტიკა წარდგება სამსჯავროზე. სტუდენტებისა და ექსპერტ პროფესორ-მენტორების მიერ წინასწარი პოლიტოლოგიური და სამართლებრივი შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, პროფესორებისა და სტუდენტების მიერ განაწილებული იქნება მოსამართლის, მბრალმდებელისა და ადვოკატის ფუნქციები. იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდეგ სტუდენტებისა და პროფესორებისაგან შემდგარი ჟიური გამოიტანს განაჩენს, რამდენად შეესაბამებოდა პოლიტიკოსის პოლიტიკური საქმიანობა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

ამჯერად, სამსჯავროზე პირველი წარდგება ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის მიერ წარმოებული პოლიტიკა და მხოლოდ პოლიტიკა. მათი მეფობის პერიოდში განხორციელდა ჩვენთვის აუნაზღაურებელი დანაკარგების მომტანი თემურლენგის შემოსევები, რაც საბოლოოდ საქართველოსათვის კატასტროფული შედეგით დასრულდა, განადგურდა ქართული გენოფონდი, დაიწყო ისეთი დაღმასვლა, რომ შედეგებს დღემდეც იმკის ქვეყანა. რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმოებული პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, შეიძლებოდა თუ არა კატასტროფის თავიდან აცილება.
ინტერესით მოელის მთელი საქართველო თუ როგორ შეფასდება სამსჯავროზე ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მათი პოლიტიკა პოლიტიკური და სამართლებრივი კუთხით.

რიგს ელოდება და სამსჯავროზე მალე წარდგება: ნოე ჟორდანიას, ლავრენტი ბერიას, ედუარდ შევარდნაძის, გიორგი სააკაძის და სხვათა პოლიტიკა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply