„საინჟინრო სამართლის“ განხილვა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სენატის წინაშე გაიმართა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ 2017 წლის 8 ნოემბერს სტუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს სენატის წინაშე სპიკერ პროფესორ ჯემალ გახოკიძის მოწვევით განსახილველად გაიტანა საკითხი ფაკულტეტზე ინტერდისციპლინარული დარგის „საინჟინრო სამართლის“ როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბების შესახებ.

აღნიშნული საკითხის წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე განხილვა მიზნად ემსახურებოდა პირველ რიგში მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ ფაკულტეტის ბაზაზე ხორციელდება მსგავსი სახის, ერთობ მნიშვნელოვანი პროექტი, ასევე, დეკანის ინიციატივით მათ მიმართ გაჟღერდა სურვილი ერთობლივად შეიმუშავონ სასწავლო სილაბუსი, და რაც მთავარია სახელმძღვანელოები, რომელიც სამომავლოდ ახალი დარგის სრულყოფილად შესწავლის შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს.

საბჭომ სრულყოფილად მოისმინა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც კრიტიკულად შეაფასეს  ინიციატივა,  თუმცა  განხილვების შემდგომ საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის, სპიკერმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ წამოწყებას. მეტიც, ყველა იდეურად დაკავშირებულმა ფაკულტეტმა გამოთქვა სურვილი, გაეწიათ დახმარება აღნიშნული პროგრამის ჩამოყალიბების საქმეში და შეეტანათ საკუთარი წვლილი საქართველოში პირველად შექმნილიყო ინტერდისციპლინარული პროგრამა, რომელსაც არ აქვს ანალოგი კავკასიაში.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply