სამეცნიერო და სტუდენტური კონფერენციები

კონფერენციის მასალები

საერთაშორისო-სამეცნიეროკონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“ გაიმართა

2018 წლის 25 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“ ჩატარდა. კონფერენცია გახსნა სტუ-ს ვიცე-რექტორმა პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ფაკულტეტის აქტიურობაზე სხვადასხვა კონფერენციების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარების კუთხით და წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს. მოხსენებლებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგორ კვესელავა, პროფესორი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რევაზ მიშველაძე და სხვები. კონფერენცია დაყოფილი იყო რამდენიმე სამუშაო სექციად და მომხსენებლებმა საკმაოდ საინტერესო თემები წარმოადგინეს, მათ შორის: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება, სასამართლო ხელისუფლება საქ-ს პირველ რესპუბლიკაში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საერთაშორისო ასპექტები, 1920 წლის მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები, მშვიდობიანი ეკონომიკა უკეთესი მომავლისთვის და სხვა. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა სტუ-ს ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა და სტუ-ს პროფესორმა იგორ კვესელავა.

 

საერთაშორისო სამეცნიერო-კონფერენცია თემაზე: „საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის და ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო თანამედროვე სამართლებრივი მექანიზმების და რეგულაციების შედარებითი ანალიზი.

2018 წლის 16 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  და გერმანიის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის და ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო თანამედროვე სამართლებრივი მექანიზმების და რეგულაციების შედარებითი ანალიზი.

კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც  მადლობა გადაუხადა გერმანელ დელეგაციას ჩამობრძანებისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტიდან პროფესორი, სტუ-ს საპატიო დოქტორი ჰანს იორგ ალბრეხტი,  ფრაიბურგის მაქს-პლანკის   საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის  ყოფილი საბჭოთა ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელი,  პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი, ბურიატსკის (ულან უდე) სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ელვირა რადნაევა, ისტამბულის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სელმან დურსუნი,     ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კარიმ სალიმოვი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს  და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და სტუ-ს პროფესორები, მათ შორის, ჯემალ გახოკიძე, ირაკლი გაბისონია, ჯემალ ჯანაშია, ბესო კვირიკაშვილი და სხვები.

კონფერენციის მოხსენებები შეეხებოდა თემებს: რას გვეუბნება კანონები ნარკოტიკების შესახებ  მსოფლიოს მასშტაბით?- ახალი რეგულაციები და მათი შედარებითი მიმოხილვა, საერთაშორისო ნარკოპოლიტიკის და საქართველოს ნარკოსტრატეგიის შედარებითი ანალიზი,   ნარკოტიკულ დანაშაულთა ბრძოლის თანამედროვე ტენდენციები ყოფილ  საბჭოთა კავშირში (რუსეთის მაგალითზე),    ნარკოტიკული საშუალებების ან სტიმულანტების მოხმარების   წესების რეგულაციები თურქეთის სისხლის  სამართალში-დეკრიმინალიზაცია და დივერსიფიცირება“,      პრევენციის როლი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში, საქართველოში ნარკოტიკების მოთხოვნის  შემცირებაზე გამიზნული   სამედიცინო სერვისების პროგრამა, ნარკოლიბერალიზაციის შედეგების ზოგიერთი ასპექტი ჰოლანდიის    მაგალითზე,   ნარკოპოლიტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში. აწმყო და მომავალი, საქართველოს და გერმანიის საკონსტიტუციო   სასამართლოების     გადაწყვეტილებები კანაბისის შესახებ -  შედარებითი ანალიზი, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და სხვა.

კონფერენცია შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, რომელმაც დადებითად შეაფასა კონფერენციის შედეგად გაჟღერებული რეკომენდაციები  და  მადლობა გადაუხადა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სტუმრებს ასეთი ნაყოფიერი კონფერენციის ჩატარებისთვის.       

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „„სამხრეთ კავკასია საერთაშორისო არენაზე, რეგიონში არაფრის მომცემი თამაშის გადალახვის გზები“ ჩატარდა

2018  წლის 15 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტთან და რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩატარდა  ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სამხრეთ კავკასია საერთაშორისო არენაზე, რეგიონში არაფრის მომცემი თამაშის გადალახვის გზები“.

კონფერენცია გახსნა  სტუ-ს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, სტუმრებს მიესალმა სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

კონფერენციას ესწრებოდა, სტუმრებს მიესალმა და მოხსენება გააკეთა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, რომელმაც უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნია მსგავსი კონფერენციების ჩატარება და ისეთი თემების განხილვა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს იტალია-საქართველოს ურთიერთობებს. საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ასევე, ხაზი გაუსვა ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რომი ლა საპიენცას უნივერსიტეტების თანამშრომლობას და წარმატებები უსურვა მათ საერთო საქმეში.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ რომის ლა საპიენცას და რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტების დელეგაციის წევრები: ანდრეა კარტნეი, გაბრიელ ნატალიცია და ნენო გაბელია, რომლებმაც მიმოიხილეს თემები: „ეთნიკურობა და ნაციონალიზმი  დასავლეთსა  და აღმოსავლეთს შორის, ინტეგრაცია და დეგრარირება ევროპასა და ევრაზიაში“ „საერთაშორისი  პოსტ-საბჭოთა ცვლილები, დროში და სივრცეში:  რუსეთის  და სამხრეთ კავკასიის აუტორიტეტის დაბრუნება” „ფედერალიზმი, როგორც აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მოგვარების საშუალება“.

კონფერენციის მონაწილეებმა ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს,მათ შორის,  „მშვიდობიანი ეკონომიკა კონფლიქტების დარეგულირებისათვის“, „გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები სამხრეთ კავკასიაში“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი საფუძვლები და დეოკუპაციის პერსპექტივები“სამხრეთ კავკასია, როგორც  საერთაშორისო ინტერესების გზაჯვარედი“ და სხვ.

კონფერენცია შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და  ასეთი საინტერესო მოხსენებებისთვის.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და გენდერი“-4 გაიმართა

 

სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის სამართლის სექციის მუშაობა

 2017 წლის 16 ივნისს  სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის სამართლის სექციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის დეპარატემენტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები.

 

ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში

 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი მანანა დარჩაშვილი და ასისტენტ პროფესორი ემილია ალვერდოვა მიმდინარე წლის 30ივნისი-2ივლისს იმყოფებოდნენ საბერძნეთის ქალაქ პატრაში განათლების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

 

კონფერენცია პატრას უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მასპინძლობდა განათლების თემაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ მკვლევარებს, რომელთა კონფერენციაზე მიწვევა წინასწარი კონკურსის წესით, აბსტაქტების შერჩევის საფუძველზე მოხდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამიტომ კონფერენცია, სამი დღე, სხვადასხვა თემატურ პანელად იყო დაყოფილი.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მანანა დარჩაშვილმა და ასისტენტ პროფესორმა ემილია ალვერდოვამ პანელში – „განათლება და პოლიტიკა“ წარმოადგინეს საკითხი – „განათლების საკითხი ქართულ პოლიტიკაში (პარტიების საპროგრამო დოკუმენტების მიხედვით 2012- 2016 საარჩევნო ციკლში)“.კონფერენციის დასრულებისთანავე პატრას უნივერისიტეტის  კონფერენციის სპეციალულ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია მომხსენებლების გამოსვლის შესახებ. ამასთან, მათ მიიღეს შემოთავაზებები არაერთი უნივერსიტეტის წარმომადგენელისგან სხვადასხვა სახის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების, საერთშორისო კონფერენციებში მიწვევის, საერთო პროექტებში თანამშრომლობის შესახებ.

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია მიესალმება ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო პროგრამებსა და ღონისძიებებში  მონაწილეობას.  ასევე, იმედოვნებს, რომ ფაკულტეტის  სხვა პროფესორ-მასწავლებლებიც გამოთქვამენ სურვილს და გამოიჩენენ ინიციატივას, რათა განახორციელონ მსგავსი საერთაშორისო ვიზიტები.

 

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“.

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ 2017 წლის 25 მაისს  გაიმართა ერთობლივი საერთაშორისო  კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“.

კონფერენცია გახსნა სტუს-რექტორმა აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და მომხსენებლებს სთხოვა მოხსენების წარდგენა.

პირველი მოხსენება გააკეთა, პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტმა, თემაზე:  „თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები სისხლის სამართალში. განუსაზღვრელი შესაძლებლობები და მორალი რისკების პირობებში“. მოხსენებისას პროფესორი შეეხო იმ ასპექტებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე, განიხილა ტერორისტული ძალადობის ფაქტები, ტრანსასაზღვრო დანაშაულები და კიბერდანაშაული. ისაუბრა ისეთ ჩარევაზე ადამიანის უფლებებში, რომელსაც ვერც კი ამჩნევენ ადამიანები. მიმოიხილა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მოიყვანა თემატიკასთან დაკავშირებული მაგალითები და დასკვნის სახით საზოგადოებას  გაუზიარა საკუთარი შეხედულება .

მეორე მომხსენებლად კონფერენციაზე გამოვიდა სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე: „ფარული გამოძიება სპეცსამსახურების საქმიანობაში და ადამიანის უფლებები“ მან განიხილა სპეცსამსახურების უფლებამოსილების მინიჭებისა და ამ კუთხით ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკა, აღნიშნა, რომ „სპეცსამსახურებისათვის უფლებამოსილების გაზრდა აპრიორში არ უნდა ნიშნავდეს ადამიანის უფლებების დარღვევას“  კონფერენციის მონაწილეებს გააცნო რამდენიმე ქვეყნის მაგალითი და იქ განხორციელებული ცვლილებები. ყურადღება გაამახვილა სპეცსამსახურების დამსახურებებზე, მიღწევებსა და შესაძლებლობებზე, ამ კუთხით წარმოადგინა გარკვეული რეკომენდაციები და სთხოვა გერმანულ დელეგაციას ქართველ მეცნიერებთან ერთად ემუშავათ აღნიშნულ პრობლემატიკაზე.

მაკა კვაჭაძე, რომელიც წარმოადგენდა უზენაეს სასამართლოს მიესალმა სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის, მან მოკლედ მიმოიხილა ევროპული დირექტივები, რომლის შესრულებას ახორციელებს საქართველოს შესაბამისი უწყებები, კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე გაამახვილა ყურადღება და შეეხო მართლმსაჯულების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების გარკვეული ასპექტები.

პროფესორმა პეტერ იურგენ გრაფმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „ტელეკომუნიკაციების ოპერატიულ ვიდეო-აუდიო ინფორმაციის მოპოვება/გამოყენების შესაძლებლობები და საზღვრები, გლობალური ტერორისტული საფრთხეების და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში“, რომლის დროსაც მოიყვანა კონკეტული მაგალითები,  ყურადღება გაამახვილა აუდიო- ვიდეო საშუალებებზე, როგორც ინფორმაციის მოპოვების საშუალებებსა  და ტერორისტული საფრთხეების მაპროვოცირებელ ფაქტორებზე.

თეოდორ ლამიხმა და ელიკო წიკლაურმა-ლამიხმა  ერთობლივად მიმოიხილეს „დარკნეტი/ ვაჭრობა ვირტუალურ სივრცეში და რეალური დანაშაულობა“-სთან დაკავშირებული პრობლემატიკა. თეოდორ ლამიხმა განმარტა სხვადასხვა ქსელები, რომლებიც არიან ინფორმაციის ტრანსფერები, ახსნა ქსელში მუშაობის თემატიკა, თაღლითური პროგრამები,კრიპტოგრაფიული გაყალბებისაგან დაცვის ტექნოლოგია.  სრულად მიმოიხილა დარქნეტის საფრთხეები და არსებული პრაქტიკა, დანაშაულის გამოვლენის და აღკვეთის საშუალებები.

ოთარ ზუმბურიძე ისაუბრა თემაზე: „საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ასპექტები და ციფრული უთანასწორობა“ განიხილა ინფორმაციული კომუნიკაციების განვითარების ინდექსი, ტენდენცია გერმანიასა და საქართველოს შორის,ინფორმაციის განვითარების ინდექსი რეგიონისათვის, კერძოდ რუსეთი, ყაზახეთი, საქართველო და სხვა ქვეყნების მაგალითზე. ასევე, ისაუბრა ეკონომიკისა და განათლების განვითარების საჭიროებაზე.

კახა საბანაძე, რომელიც არის სტუ-ს დოქტორანტი და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე გააკეთა მოხსენება თემაზე: „სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის რეფორმა – პროგრესული ნაბიჯი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის სფეროში“. დეტალურად მიმოიხილა ყველა ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა 2012 წლის შემდგომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში, აღწერა უსაფრთხოების სისტემის დემოკრატიზაციის პროცესი,  ისაუბრა პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორზე და შსს-ში განხორციელებულ სხვა ცვლილებებზე.

დოქტორ ვოლფრამ შედლერი, რომელიც იყო  გერმანიის გენერალური პროკურატურის პროკურორი გააკეთა მოხსენება თემაზე:“დამნაშავის პიროვნებაზე წვდომა GPS სისტემების საკონტროლო სამაჯურის საშუალებით პიროვნების, როგორც პრევენციული ასევე, რეპრესიული კონტროლი (გერმანული გამოცდილება)“.მან დეტალურად აღწერა ელექტრონულ ხელბორკილთან იგივე წვივსამაგრთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები, მოიყვანა გერმანიის სტატისტიკა წვივსამაგრით მოსარგებლე პირთა შესახებ,  განიხილა შედეგები და სამომავლო პერსპექტივებიც მოახსენა კონფერენციის მონაწილეებს.

აღნიშნული კონფერენციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის, პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელმაც სთხოვა სტუმრებს საკუთარი შეხედულებები გაემხილათ მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა დაკავების პერიოდთან  და ეჭვმიტანილის სტატუსთან დაკავშირებით დისკუსია გამართა გერმანიის ყოფილ პროკურორთან. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება: ირაკლი გაბისონია, ჯემალ ჯანაშია, ვასილ კვირიკაშვილი, გურამ ნაჭყებია და სხვები.

დისკუსიის შემდგომ მოხსენება გააკეთა გიორგი ღლონტმა, რომელმაც ტექნიკური პროგრესი და დანაშაულობათა დინამიკა მიმოიხილა შედარებითი ანალიზის საფუძველზე. წარმოადგინა რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკა და ტრეფიკინგის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, რომელმაც აღნიშნა, რომ ფაკულტეტმა ერთი წლის თავზე შეძლო ასეთი ღირებული, ძვირფასი სტუმრების მასპინძლობა, მათთან მემორანდუმის გაფორმება და საერთაშორისო კონფერენციის უნაკლოდ ჩატარება. გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის და დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ფაკულეტეტის საქმიანობისა და იგი აუცილებლად შექმნის სტუ-ს ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლებს.

 

კონფერენცია : დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში

2017 წლის 19-20 მაისს  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და აბრეშუმის გზის კვლევითმა ინსტიტუტმა,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიაუნის მხარდაჭერით ჩაატარა მე -12 ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით: ,,დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში“.

კონფერენციის მიზანი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობიოთ გაიმართულიყო მრგვალი მაგიდა, სადაც განხილული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან, მმართველობის ფორმებთან, ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები. მსჯელობის საგანი იყო ასევე, რამდენად საჭიროა რეგიონის ქვეყნებისათვის კონსტიტუციოური რეფორმა და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს იგი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი პროფესორები: ავთანდილ დემეტრაშვილი,  ირაკლი ბურდული, გიორგი კვერენჩხილაძე,  ვასილ გონაშვილი, დიმიტრი გეგენავა, გიორგი კახიანი და უცხოელი სტუმრები Prof. Dr. Gerd Morgenthaler, Professor Kathleen E. Mahoney QC, Prof. Dr. Joan Lluis Perez francesch, Prof Dr. Fernando Pena lopez და სხვები.

აღნიშნული კონფერენციაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

სამართლის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ბექა წიკლაური, რომელმაც გააკეთა მოხსენება, თემაზე: პრეზიდენტის ვეტოს ინსტიტუტი, როგორც შეკავება – გაწონასწორების მექანიზმი (მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში – Institute of President’s Veto as a Mechanism of Check and Balance (in the frame of ongoing constitutional reform).

სამართლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი თამარ ბარამია  წარდგა მოხსენებით თემაზე: „საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი“ – Constitutional Court as a Mechanism for Human Rights Protection

სამართალმცოდნეობის მეოთხე კურსის  სტუდენტი  ბორენა ყურაშვილი მოხსენების თემა იყო – კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში-  Constitutional Reform in Georgia,

სტუ-ს  მოწვეული სპეციალისტმა ნათია ჭკადუამ გააკეთა მოხსენება შემდეგ თემაზე: ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები

სექციის მოდერატორი გახლდათ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის ლექტორი ვახტანგ ჟვანია.  

კონფერენცია სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის აღმოჩნდა ძალზედ საინტერესო, რადგან მომხსენებლებმა გააშუქეს არაერთი აქტუალური საკითხი. გაიმართა დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს, მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებისა და ხელისუფლების შტოებს შორის დანაწილებასთან დაკავშირებით. მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორის ფაკულეტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მიესალმება ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცებში.

კონფერენცია – “დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებზე”

საქართველოს პარლამენტის ილია  ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე. კონფერენცია გახსნა ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები”-ს თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა.

კონფერენციაზე მოხსენებით თემაზე: „ძიებანი საქართველოს განდგომილი რეგიონების შემორიგებისათვის“  წარსდგა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  პოლიტიკისა და სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ  ნაშრომი „ძიებანი საქართველოს განდგომილი რეგიონებისათვის“ შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის მიერ, იგი მთლიანად ეთმობა საქართველოს  კონფლიქტური რეგიონების პრობლემატიკას.  ნაშრომში დეტალურადაა გაანალიზებული, თუ რამ განაპირობა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სეპარატიზმის იმ დონემდე გაღვივება, რომ იგი შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიური ნაბიჯების ძიებაზე, რომელიც გადადგმულია კონფლიქტების გადაწყვეტისას ამა თუ იმ სახელმწიფოში,  ამ მიზნით შერჩეული და შესწავლილია სამი პრეცედენტი  ჰონკონგის, სამხრეთ ტიროლისა და შოტლანდიის.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, მან აღნიშნა, რომ მეცნიერთა ჯგუფმა ფაქტიურად შექმნა ახლებულად გააზრებული და ფუნდამენტურად გამოკვლეული ნაშრომი საქართველოს განდგომილი რეგიონების შემორიგებისა და ერთად ცხოვრებისათვის. სამივე სახელმწიფომ ჩინეთმა, იტალიამ და შოტლანდიამ კომპრომისების საშუალებით, ურთიერთმისაღები და ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებისა და მორიგების გზით ცივილურ დონეზე  მოახერხა ჰონკონგთან და  სამხრეთ ტიროლთან კონფლიქტების მოწესერიგება. ჯემალ გახოკიძემ წამოაყენა კონკრეტული წინადადებები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ  კონფლიქტის დასარეგულირებლად.

სტუ-ს სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, პროფესორმა ავთანდილ დემეტრაშვილმა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტის სწავლულმა მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფო მიდელაშვილმა მიიღეს დებატებში მონაწილეობა.

საქართველოს იურიდიულ მენციერებათა აკადემიამ ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის ზოგიერთი პრობლემა“

2017 წლის 24 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში საქართველოს იურიდიულ მენციერებათა აკადემიამ ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის ზოგიერთი პრობლემა“.

აღნიშნული კონფერენციის უმთავრესი მიზანი იყო დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა და სათანადო სამეცნიერო პრაქტიკული რეკომენდაციების ჩამოყალიბება, კანონშემოქმედებითი საქმიანობის, საგამოძიებო-სასამართლო რეფორმის სწორად წარმართვისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული იურისდიქციის აღდგენის რამოდენიმე შესაძლო რეკომენდაციის განხილვა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის მთავრობის, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და, საზოგადოების წარმომადგენლები.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა, რომელმაც  კონფერენციის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგი, ისაუბრა ახლად დაარსებული აკადემიის მიერ გაწეულ საქმიანობაზე  და აღნიშნა, რომ აკადემიის წევრთა შორის არიან სამართლის ყველა დარგის უმაღლესი სამეცნიერო ხარისხისა და წოდების მქონე პირები, რომლებსაც ამავე დროს აქვთ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება.

ამასთან, ხაზი გაუსვა განსახილველი თემატიკის აქტუალობასა და მნიშვნელობას კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა  საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელმაც  დადებითად შეაფასა ახლად დაარსებული აკადემიის საქმიანობა, აღნიშნა, რომ  აკადემიას ნამდვილად შესწევს უნარი გარკვეული წვლილი შეიტანოს საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობაში. განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა აკადემიის მიერ საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „იურისტი“ -ს დაფუძნებას და მისი პირველი ნომრის გამოცემას დადებითად შეაფასა ჟურნალში განთავსებული სტატიები, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიისა და ნინო გოგნიაშვილის წიგნზე “კრიმინალისტიკა“ კრიტიკული რეცენზიის დროულ და დასაბუთებულ გამოქვეყნებაზე. აგრეთვე, სტუდენტთა დასახმარებლად პროფესორ შოთა ფაფიაშვილის საინტერესო ლექციაზე. მისი აზრით, აკადემიის საქმიანობა ჟურნალში კარგად არის გაშუქებული და მჯერა, რომ აკადემის წევრთა ძალისხმევა უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლის მეცნიერბისა და პრაქტიკის განვითარებას.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა აფხაზეთის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ლომთათიძე და აფხაზეთის იუსტიციის მინისტრი იგორ კოპალიანი, რომლებმაც გამოთქვეს სრული მზადყოფნა, ითანამშრომლონ იურიდიული მეცნიერების აკადემიასთან, რაც მათი აზრით, დიდად შეუწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპიკერმა იურიდიულ  და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა,  გენერალ ლეიტენანტმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ გააკეთა მოხსენება თემაზე, “აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს სახელმწიფოში“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტთა დარეგულირებაში. ამასთანავე, ხაზი გაუსვა სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას. შეეხო რა დღევანდელ სიტუაციას ცხინვალსა და სოხუმში აღნიშნა, რომ თავიდანვე მოხდა კონფლიქტის ეთნიზირება, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ მას უფრო პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე-ეთნიკური, რადგან აღნიშნულით პოლიტიკური ძალები იყვნენ დაინტერესებულნი. დასასრულს, ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მოგვარების მიზნით, კონკრეტული წინადადებების შემუშავებაზე.

მოხსენების შემდეგ გაიმართა ცხარე კამათი. თემის ირგვლივ დაისვა მრავალი შეკითხვა, გამოითქვა მოსაზრებები და კამათში აქტიურად ჩაება კონფერენციის ყველა მონაწილე, რომლებმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე მოხსენებით თემაზე: „კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ერთი საკითხის შესახებ“ წარდგა იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ზაურ ჯინჯოლავა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის შემდგომი სრულყოფის საკითხებზე. აღნიშნა, რომ პარლამენტი იღებს არა კანონპროექტს, არამედ კანონს. ეს საკითხი მან არაერთხელ დასვა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, მაგრამ დღემდე საუბარია კვლავ არა კანონზე, არამედ კანონპროექტზე. რაც მისი აზრით, არასწორია და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი კატეგორიული მოსაზრება.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა გურამ ნაჭყებიამ, რომან შენგელიამ, ავთანდილ ხაზალიამ და მიხეილ მამნიაშვილმა.

„საქართველოში ნარკომანიისა და ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის სისხლის სამართლის პოლიტიკის შედარებითი ანალიზი“- მოხსენებით გამოვიდა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი, პროფესორი ჯემალ ჯანაშია, რომელმაც ისაუბრა დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებზე. წარმოადგინა სურათი თუ რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს ნარკოტიკების ლეგალიზებამ. „ჩვენ არ გვაქვს წინასწარ განსაზღვრული რეცეპტები“- განაცხადა მან. საჭიროა შემუშავდეს სიცოცხლისუნარიანი რეკომენდაციები. აღნიშნული საკითხისადმი მიდგომა უნდა იყოს პრაგმატული. მომხსენებლის მიმართ კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან  ადგილი ჰქონდა  კრიტიკულ შეკითხვებს და წინააღმდეგობრივი შეხედულებების ჩამოყალიბებას.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა დურმიშხან ჩიტაშვილმა ისაუბრა მეცნიერთა როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში და ამ მიმართებით წამოაყენა კონკრეტული  წინადადებები.

დასასრულს, პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა შეაჯამა კონფერენციის მუშაობის შედეგები. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფოს სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას კონფლიქტების დარეგულირების, საკანონმდებლო საქმიანობის სრულყოფისა და ნარკომანიასთან ბრძოლის გაძლიერების საქმეში.

კონფერენცია „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისათვის“

ჩეხეთში ქალაქ  პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე, გაიმართა კონფერენცია „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისათვის“ („Students for Liberty).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით აღნიშნულ კონფერენციაზე მონაწილეობდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები: ასოცირებული პროფესორი ნონა ლომიძე, ასოცირებული პროფესორი ემილია ალავერდოვი, ასისიტენტ პროფესორი ეკა რუსიეშვილი, უფროსი მასწავლებელი სალომე ფიფია და სტუდენტები ანნა ჩოგანაიძე და თეონა ბებია.

სტუდენტები თავისუფლებისათვის არის ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისიას წარმოადგენს ლიდერი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის თავისუფლების მიმართულებით განვითარების, გაძლიერების და განათლების ხელშეწყობა.

კონფერენცია „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისათვის“ იყო წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იმ ევროპელი და არა ევროპელი სტუდენტებისათვის და აკადემიური პერსონალისთვის, რომლებიც შეირჩნენ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.  სტუდენტები და აკადემიური პერსონალი სამი დღის მანძილზე ეცნობოდნენ  თავისუფლების შესახებ მეტ ინფორმაციას მოძრაობის ლიდერებისგან: მაგ: Matt Kibbe (აშშ-ის პოლიტიკური ორგანიზაცია „Alternative Pass“ და ორგანიზაცია „Free People“ პრეზიდენტი); Jeffrey Tucker (ამერიკის ეკონომიკური განათლების ფონდის პრეზიდენტი და ჰარკლენდის ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩეველი) და ა.შ, აქტიურად ერთვებოდნენ თავისუფლების განვითარების შესახებ გამართულ პრაქტიკულ დისკუსიებში და ეძლეოდათ შესაძლებლობა თავი ეგრძნოთ თავისუფლების ფართომასშტაბიანი მოძრაობის წევრად.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა დაეხმარა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებსა და სტუდენტებს  კონტაქტები დაემყარებინა  ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან, გაეზიარა  მათი მოსაზრებები, პრაქტიკა და გამოცდილება, რაც დაეხმარა მათ პროფესიულ განვითარებაში, რომელიც შემდგომში გამოიყენეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.