საზაფხულო/ზამთრის სკოლები

საზაფხულო სკოლა საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა

 

2018 წლის 16-19 ივლისს ჩატარდა საზაფხულო სკოლა „საკონსტიტუციო სამართალწარმოება საქართველოში“, საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალზე მონაწილეებს სერთიფიკატები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა გადასცა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ლექციები საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებმა, სამართლებრივმა მრჩევლებმა წაუკითხეს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებსა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ. კერძოდ, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მეტი ინფორმაცია, ზოგადად, საკონსტიტუციო კონტროლის წარმოშობასა და მის სისტემურ ასპექტებზე. ლექციათა მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს, საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურას, და ასევე, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ღირებული ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად, განეხილათ გადაწყვეტილებების შინაარსობრივი ასპექტები. საკონსტიტუციო სასამართლომ წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს მეექვსედ უმასპინძლა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაინტერესებულია სამომავლოდაც გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მან სიტყვით მიმართა მონაწილეებს და მოულოცა საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულება.

მონაწილეებს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მენეჯერმა,   ანასტასია ფუტკარაძემ და ასისტენტმა სოფო დემეტრაშვილმა.

ზამთრის სკოლა თემაზე: პერსონალური მონაცემები და მათი დაცვის ინსტრუმენტები“ დასრულდა

2018 წლის 2-4 თებერვალს დაბა ბაკურიანში ზამთრის სკოლა თემაზე: პერსონალური მონაცემები და მათი დაცვის ინსტრუმენტები“ ჩატარდა.

ზამთრის სკოლა განხორციელდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით, რომელიც დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

ზამთრის სკოლას უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი ნინო ქურასბედიანი, რომელმაც ლექციები ჩაატარა  პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის, ინსპექტორის მანდატის, მონაცემების დამუშავების პრინციპებისა და საფუძვლების შესახებ, ყურადღება გაამახვილა ვიდეოკონტროლის განხორციელებაზე, პირდაპირი, აგრესიული მარკეტინგის მნიშვნელობაზე პერსონალური მონაცემების დაცვისას. ზამთრის სკოლის მსმენელებმა მიმოიხილეს კონკრეტული კაზუსები, ევროსასამართლოს პრაქტიკა და საქართველოში არსებული კანონმდებლობა.

დასასრულს, ზამთრის სკოლის ორგანიზატორებმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა ასისტენ-პროფესორმა ანა ფუტკარაძემ, ასისტენ-პროფესორმა გოგა მამფორიამ  და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ნინო ქურასბედიანმა ზამთრის სკოლის მსმენელებს გადასცეს სერტიფიკატები.

ზამთრის სკოლის გახსნა

2018 წლის 2 თებერვალს დაბა ბაკურიანში ზამთრის სკოლა თემაზე: პერსონალური მონაცემები და მათი დაცვის ინსტრუმენტები“ გაიხსნა.

ზამთრის სკოლა ხორციელდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით, რომელიც დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

ზამთრის სკოლა გახსნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ნინო ქურასბედიანმა, რომელმაც ისაუბრა  პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის, ინსპექტორის მანდატის, მონაცემების დამუშავების პრინციპებისა და საფუძვლების შესახებ, ყურადღება გაამახვილა ვიდეოკონტროლის განხორციელებაზე, პირდაპირი, აგრესიული მარკეტინგის მნიშვნელობაზე პერსონალური მონაცემების დაცვისას.

 ზამთრის სკოლა ქუთაისში თემაზე: „სახელმწიფო, პოლიტიკა, რელიგია“ ჩატარდა

2018 წლის 27-31 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით ქალაქ ქუთაისის , აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა თემაზე: „სახელმწიფო, პოლიტიკა, რელიგია“ გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობის მიერ მოწვეულ იქნა გერმანელი პროფესორი  იოჰანეს ვეისი, რომელმაც სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „პოლიტიკა, როგორც მოწოდება ან ხელობა ვებერის მიხედვით“ და „განსჯადობის პრობლემა ვებერის რელიგიის სოციოლოგიაში“

ზამთრის სკოლის მსმენელებს უცხოელ პროფესორთან ერთად ლექცია/სემინარები  ჩაუტარეს პროფესორ მამუკა ბერიაშვილმა, პროფესორ ემზარ ჯგერენაიამ და  პროფესორ მინდია ოკუჯავამ თემებზე: ევროპული კულტურის მთავარი ნიშანი ვებერის „წინასწარი შენიშვნების“ მიხედვით, სამართლებრივი სახელმწიფო და თანამედროვე შეხედულებები საკანონმდებლო-აღმასრულებელ ურთიერთობათა შესახებ, სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო,  რელიგიის ზეგავლენა ეკონომიკურ ცხოვრებაზე „პროტესტანტული ეთიკის და კაპიტალიზმის სულისკვეთების“ ვებერის მიხედვით და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები და ხელისუფლებრივ უფლებამოსილებათა განაწილების ზოგიერთი თავისებურება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ლექციების შემდგომ გაიმართა შემაჯამებელი  დისკუსია, რომლის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდნენ ფაკულტეტის სტუდენტები.

ზამთრის სკოლის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

აღნიშნულ ზამთრის სკოლაში ასევე მონაწილეობდნენ  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  და ქუთაისის აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონიალი გაიმართა 31 იანვარს, სადაც მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ზამთრის სკოლა თემაზე: „ადამიანის ძირითადი უფლებები და 21-ე საუკუნის გამოწვევები" დასრულდა

 სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით  2017 წლის 24-27 დეკემბერს გაიმართა ზამთრის სკოლა თემაზე: „ადამიანის ძირითადი უფლებები და 21-ე საუკუნის გამოწვევები“.  აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკოლა განხორციელდა სტუ-ს გენდერული ცენტრისა და  ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ახალგაზრდა იურისტთა კლუბის ინიციტივით. რაც ფაკულტეტის ადმინისტრაციისგან კერძოდ კი ფაკულტეტის დეკანის,  პროფესორ ირკლი გაბისონიას მხრიდან სრულად იყო მოწონებული და მხარდაჭერილი. მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სკოლის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული და მრავალმხრივი იყო, კერძოდ რამდენიმე პროფესორმა ჩაატარა ლექცია მსმენელებისთვის, მათ შორის, პროფესორებმა ქეთევან ჯინჭარაძემ, მაია ყიფიანმა, ციალა გლოველმა და ლელა წიკლაურმა. ასევე, ზამთრის სკოლის ფორმატში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში და სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები განსახილველ საკითხებთან მიმართებაში.

ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონიალს უძღვებოდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც ზამთრის სკოლის მსმენელებს საზეიმო ვითარებაში გადასცა სერტიფიკატები, მადლობა გადაუხადა ინიციტივისა და აქტიურობისთვის და სთხოვა რომ სამომავალოდაც გამოჩინონ სურვილი.

 

ზამთრის სკოლის ფორმატში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

 2017 წლის 24-27 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის ფარგლებში მესამე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა,  ზამთრის სკოლის მსმენელების მიერ დაკომპლექტდა მოსარჩელე და მოპასუხე მხარეთა გუნდები. მათ  ლექტორის მიერ  გადაეცათ  კაზუსი, რომელიც მხარეებმა მცირე დროის მიუხედავად შეისწავლეს, წარმოადგინეს სარჩელი და გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი.

მხარეებმა საკმაოდ დაძაბული პოლემიკისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი,  სამმა მოსამართლემ კი თავის მხრივ დაწერა გადაწყვეტილება და მხარეებს წარუდგინა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სამართლის სპეციალობის სტუდენტები ასევე საერთაშორისო ურთიერთობების  სპეციალობის სტუდენტები. აღნიშნული ფორმატი  ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა ვინაიდან, მსგავსი სახით გუნდების ჩამოყალიბებამ მეტი შესაძლებლობა მისცა ზამთრის სკოლის მსმენელებს.

ზამთრის სკოლის მეორე დღე

 

2017 წლის 25 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის მეორე სამუშაო დღე  გაიმართა. თავდაპირველად ზამთრის სკოლის მონაწილეებმა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით აირჩიეს სამი მოსამართლე, რისთვისაც დასჭირდათ არჩევნების ორი ტურის ჩატარება, საბოლოოდ, კი ზამთრის სკოლის მსმენებელმა იმიტირებული სასამართლოს პროცესისთვის აირჩიეს  სტუდენტები : ბაჩო კვირკველია, თორნიკე კაპანაძე და  მაკა ბენაშვილი, რომლებიც მოირგებენ მოსამართლის როლს.

მეორე სესიაზე ზამთრის სკოლის მსმენელებს საჯარო ლექცია ჩაუტარა პროფესორ ქეთევან ჯინჭარაძემ თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სამართალი“.

თავდაპირველად, პროფესორმა გააკეთა ზოგადი მიმოხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილი პრაქტიკის შესახებ, ისაუბრა  ხელისუფლების დანაწილების თეორიაზე და მის რეალურ შინაარსზე, ხელისუფლების დანაწილების კუთხით ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის მმართველობის ზოგად მახასიათებლებზე, სახელმწიფოებრივი ფუნქციის როლზე და ხელისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ დილემებზე.

ზოგადი მიმოხილვის შემდგომ პროფესორ ქეთევან ჯინჭარაძემ წარმოადგინა ძირითადი თემა, რომელიც მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი და მნიშვნელობა, გადაწყვეტილებათა აღსრულების მექანიზმის მახასიათებლები,  განცხადებათა დასაშვებობის კრიტერიუმები, მოსამართლე არჩევის ასპექტები, ტერიტორიული იურისდიქცია  და სხვა. განმარტა სუბსიდიურობის პრინციპი და აბსტრაქტული კონტროლის  აკრძალვა.

 

ზამთრის სკოლის გახსნითი ღონისძიება ბაკურიანში გაიმართა

2017 წლის 24 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის  გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ზამთრის სკოლა თემაზე: „ადამიანის ძირითადი უფლებები და 21-ე საუკუნის გამოწვევები“ იმართება  24-27 დეკემბერს ბაკურიანში.  ზამთრის სკოლა სრულიად დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან.

ღონისძიების განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა სტუ-ს გენდერული კვლევითი ცენტრი და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ბაზაზე შექმნილი ახალგაზრდა იურისტთა კლუბი.

ზამთრის სკოლაში 28 სტუდენტი და 5 პროფესორი იღებს მონაწილეობას, რომლებიც სტუდენტებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან ასპექტებზე ჩაუტარებენ ლექციებს, ასევე სტუდენტები გამართავენ პრეზენტაციას მათთვის საინტერესო თემატიკაზე, დასკვნით დღეს კი გაიმართება იმიტირებული პროცესი ადამიანის უფლებათა  დაცვის სამართალში, სადაც ზამთრის სკოლის მონაწილეები მოირგებენ როგორც მოსარჩელისა და მოპასუხის როლს, ასევე, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა მანტიებს.  მნიშვნელოვანია რომ ზამთრის სკოლის დღის წესრიგი მოიცავს მრავალფეროვან შესაძლებლობას სტუდენტმა გაიფართოვოს თვალსაწიერი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

 

საზაფხულო სკოლა თემაზე ,,კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, ასევე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამა წლის 23 დან 29 ივლისის ჩათვლით ჩატარდება საზაფხულო სკოლა თემაზე: ,,კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“.

საზაფხულო სკოლის პროექტი მიზნად ისახავს აკადემიური და საზოგადოებრივი დისკუსიების ხელშეწყობას თანამედროვე ქართული სივრცისთვის ისეთ რელევანტურ სოციალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო, კონსტიტუციური სახელმწიფოს პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, და სხვა.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საშუალება აქვთ მოისმინონ ქართველი და ევროპელი მეცნიერების თეორიული ლექციები, ჩაიწერონ მასალები, პროექტის ფარგლებში წაკითხეული სემინარები გადაითარგმნება ქართულად და  გამოქვეყნდება კრებულებში
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც დაესწრებიან სემინარებს და შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში.
პროფესორი მამუკა ბერიაშვილი მსმენელებს გააცნობს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო, ლევან შატბერაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ადამიანის უფლებების დაფუძნება, გეორგ ლომანი გააცნობს სტუდენტებს ადამიანის უფლებებს და ევროპულ კონსტიტუციას და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ლექცია-სემინარი ჩაუტარდებათ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უსურვებს წარმატებებს საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს და გამოთქვამს იმედს, რომ სხვა დროსაც აქტიურად ჩაერთვებიან მსგავს საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

საკონსტიტუციო სასამართლომ სტუ-ს საზაფხულო სკოლას უმასპინძლა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მიმდინარე წლის 13-18 ივლისს, უკვე მეხუთედ, უმასპინძლა საზაფხულო სკოლას „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ამავე უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩევლები საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებზე ესაუბრნენ, ლექციებზე მიმოიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. სალექციო კურსის პარალელურად სტუდენტები სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც ესწრებოდნენ. დასასრულს, საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე მიესალმა და სტუდენტები საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატებით დააჯილდოვა.