ერაზმუს +

სრული სამაგისტრო პროგრამები ევროპის უნივერსიტეტებში

 

თუ გსურს სამაგისტრო აკადემიური ხარისხის მოპოვება ევროპულ უნივერსიტეტებში, მაშინ Erasmus+ პროგრამა საშუალებას გაძლევს ჩაერთო ერთობლივი სამაგსიტრო პროგრამების კონკურსში.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება:

  • ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს ბაკალავრის დიპლომი (ან არის ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე)
  • ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს
  • არ არის საჭირო აქტიური სტუდენტის სტატუსი
  • საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე მანამდე მიღებული Erasmus+ სტიპენდია დაბრკოლებას არ წარმოადგენს

ზოგადი მოთხოვნები:

  1. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნის ცნობა მშობლიური უნივერსიტეტიდან)
  2. ინგლისური ენის ფლობის საერთაშორისო სერტიფიკატი B2 დონეზე (მაგ. IELTS, TOEFL)
  3. CV (გირჩევთ გამოიყენოთ Europass ფორმატი)
  4. სამოტივაციო წერილი
  5. სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი

გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამების მიხედვით !

რას გულისხმობს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები:

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები ეს არის ევროპის წამოდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტების მიერ ერთობლივად შემუშავებულ პროგრამას. ევროპული უნივერსიტეტები წარადგენენ მათ მიერ მომზადებულ სამაგისტრო პროგრამებს ერაზმუსის კონკურსზე და გამარჯვების/დაფინანსების შემთხვევაში აცხადებენ სტუდენტების მიღებას. ანუ აპლიკანტს, რომელსაც სურს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობა, შეუძლია პროგრამის არჩევა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალიდან.

სამაგისტრო პროგრამების სია ყოველწლირად შემოდგომაზე ახლდება

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სამაგისტრო პროგრამაში მონაწილე სულ მცირე ორ ევროპულ უნივერსიტეტში (ევროპის შიგნით მგზავრობის ხარჯებს პროგრამა ანაზღაურებს). სამაგისტრო პროგრამის მოცულობა შეიძლება იყოს 120, 90 ან 60 ECTS კრედიტი, შესაბამისად სწავლის ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს ერთ და ორ წელს შორის. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ან ერთობლივი (Joint Degree), ან მრავლობითი (Multiple Degree) აკადემიური ხარისხი. საზღვარგარეთ მიღებული აკადემიური ხარისხების აღიარების პროცესს საქართველოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (www.eqe.ge) ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობის წესები:

ერთ აპლიკანტს ერთდროულად (ერთი კონკურსის ფარგლებში) შეუძლია განაცხადის გაგზავნა მაქსიმუმ სამ პროგრამაზე.

აპლიკანტი ინდივიდუალურად განაცხადს აგზავნის პირდაპირ პროგრამის მაკოორდინირებელ უნივერსიტეტში (საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია კონკრეტული პროგრამის ვებგვერდზე). განაცხადი კეთდება ონლაინ რეჟიმში.  წინასწარ უნდა დაადგინოთ ყველა დეტალი სწორედ მაკოორდინირებელ უნივერსიტეტთან, რამდენადაც კონკურსის წესები შეიძლება პროგრამების მიხედვით განსხვავებული იყოს.

ინფორმაცია დაფინანსების შესახებ:

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სტუდენტი იღებს სტიპენდიას (1000 Euro თვეში). პროგრამა ასევე ფარავს სწავლის საფასურს, ვიზის, დაზღვევის და მგზავრობის ხარჯებს.

რას უნდა მიაქციოს ყურადღება აპლიკანტმა:

  • მიუხედავად საერთო მახასიათებლებისა, ყველა პროგრამას აქვს ინდივიდუალური მოთხოვნები - აუცილებლად გადაამოწმეთ დეტალები პროგრამის ვებგვერდზე. დამატებით მიმართეთ პროგრამის საკონტაქტო პირს (ინფორმცია იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე)
  • აპლიკაციების მიღება პროგრამაზე ცხადდება ორჯერ - ერთხელ სტიპენდიის მაძიებელთათვის (Scholarship seekers) და ერთხელ მათთვის, ვისაც სტიპენდია არ სჭირდება და თავად აპირებს საკუთარი სწავლის დაფინანსებას). Deadlines არის განსხვავებული და ეს არ უნდა აგერიოთ.
  • ჩვენ ვერ/არ ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე ყოველ ცალკეულ სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღების ვადებს (100-ზე მეტი პროგრამაა), ასე რომ თავად აპლიკანტებმა უნდა ადევნონ თვალყური მათთვის საინტერესო პროგრამების ვებგვერდებს.
  • როგორც წესი, მიღება ცხადდება შემოდგომაზე, საბუთების მომზადებისათვის სამი-ხუთი თვეა, საბუთების წარდგენის ვადები - გვიანი შემოდგომა, ან მომდევნო წლის იანვარი-მარტი, შეტყობინება სტიპენდიის მიღების შესახებ - ყველაზე გვიან მაისში. სწავლა იწყება აგვისტო - ოქტომებრში (გააჩნია პროგრამას)

სასარგებლო ინფორმაცია:

http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/

https://www.facebook.com/ESN.Tbilisi.ISU/

 

 

ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

Erasmus+ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების (JMD) კონკურსი ღიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მაღალი კონკურენციის მიუხედავად საქართველოდან შესული აპლიკაციების რაოდენობა და ხარისხის გამორჩეულია. საქართველოს მაჩვენებელი მსოფლიო მასთაბით ოც საუკეთესო ქვეყანათა შორისაა. მას უსწრებენ ისეთი დიდი ქვეყნები როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია და ინდოეთი.

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შექმნა და ქართული უნივერსიტეტების ჩართულობა ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებში

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები  მაღალი ხარისხის ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც შემუშავებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან შემდგარი საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში. ძირითადად პროგრამები შემუშავებულია ევროპული უნივერსიტეტის მიერ, თუმცა კონსორციუმში შეიძლება ჩართული იყოს პარტნიორი ქვეყნის საგანმანათლებლო ან არააკადემიური პარტნიორი ორგანიზაციები, როგორც სრული ასევე ასოცირებული პარტნიორ სტატუსით.

კონსორციუმში მონაწილე ყველა უსდ უნდა იყოს აღიარებული საკუთარი ქვეყნის ფარგლებში, წარმოადგენდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც გასცემს მაგისტრის ხარისხს, და მისი პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შინაარსს.

ფინანსური მხარდაჭერა გამოყოფილი იქნება:

  • კონსორციუმის შიდა სამენეჯერო საქმიანობისთვის და პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მიღების მინიმუმ სამჯერადი პროცესისათვის
  • მოწვეული პროფესორებისა და ლექტორების საქმიანობის ხარჯების დასაფარად
  • საუკეთესო სტუდენტების სტიპენდიების ანაზღაურებისათვის

 

ამჟამად შვიდი ქართული უნივერსიტეტი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს Erasmus Mundus Joint Master Degree რვა პროგრამაში:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (სრული პარტნიორი Central and East European, Russian and Eurasian Studies)
  • შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორი Docnomads+ Documentary Filmdirecting)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორები European Politics and Society: Vaclav Havel Joint Master Programme)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და GIPA (ასოცირებული პარტნიორები European Master in Migration and Intercultural Relations)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორი European Master in Lexicography)
  • კავკასიის უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორიTourism Development and Culture)
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორი International Master on Wine Tourism Innovation)
  • შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორი Erasmus Mundus Master in Soil Science)

 

პრეზენტაცია უსდ-ებისათვის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამებში მონაწილეობისათვის

კონკურსის ვადები

საერთაშორისო კრედიტ მობილობა

 
საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოს და ევროპის (პროგრამის ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში. ანუ თუ თქვენი უნივერსიტეტი, რომელშიც ეხლა საქართველოში სწავლობთ, არაა ჩართული Erasmus+  ICM პროგრამაში, თქვენ ინდივიდუალურ დონეზე ამ პროგრამის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.

ძირითადი მახასიათებლებია:

  • მობილობის შესაძლებლობა ყველა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა);
  • მობილობა ყველა მიმართულებაზე;
  • სტუდენტებისათვის: 3 დან 12 თვემდე;
  • აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის: 5 დღიდან 2 თვემდე;
  • მობილობის მიმართულებები და რაოდენობები დამოკიდებულია უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე;
  • ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს 12 თვემდე სასწავლო მობილობით თითო სასწავლო საფეხურზე;

მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და მგზავრობის (საქართველო - პროგრამის ქვეყანა - საქართველო) ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 800-900 ევრომდე (ევროპული (პროგრამის) ქვეყნის სიძვირის მიხედვით ). ხოლო საქართველოში ჩამომსვლელი სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს 700 ევროს თვეში.

 

* Erasmus+ პროგრამა მონაწილე ქვეყნებს ჰყოფს ორ ჯგუფად: პროგრამის ქვეყნები (28 ევროკავშირის წევრი ქვეყანა + თურქეთი, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მაკედონია და სერბეთი) და პარტნიორი ქვეყნები (დანარჩენი მსოფლიო მათ შორის საქართველო)

კრედიტ მობილობის პროგრამაში ჩასართავად, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე დაინტერესებულმა პირმა უნდა:

  • მიმართოს საკუთარი უნივერსიტეტის სართაშორისო ურთიერთობების განყოფილებას;
  • გაარკვიოს ხორციელდება თუ არა Erasmus+ ის გაცვლითი (ICM) პროექტები მის უნივერსიტეტში;
  • მოიძიოს ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე;
  • შეავსოს შიდა საუნივერსიტეტო აპლიკაცია;
  • გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა;

პროცედურები იგივეა ადმინისტრაციული / აკადემიური პერსონალისათვის;

Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამაში მონაწილე ქართული უნივერსიტეტების და მათი ევროპელი პარტნიორების არასრულ სია მუდმივად განახლებადია.

იხილეთ მონაწილე უნივერსიტეტთა საკონტაქტო მონაცემები

Erasmus+ ეროვნული ოფისი არ ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც გაცვლით პროგრამებში სურთ მონაწილეობის მიღება. გაითვალისწინეთ, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად დეტალური ინფორმაციისთვის მიაკითხეთ საკუთარ უნივერსიტეტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

 


 

ზოგადი ინფორმაცია საქართველოში საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტების თაობაზე

ICM პროგრამები საქართველოში არსებული 56 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 33-ში ხორციელდება და სრულად ფარავს ქვეყნის ყველა საუნივერსიტეტო რეგიონს (თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და აჭარა). ბოლო წლების მანძილზე საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციას წარმატებული ქვეყნების პირველ ათეულში. ხოლო 2018 წელს პირველად საქართველომ 141 მონაწილე ქვეყანას შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. 
 

ERASMUS+ ICM Scholarships 2020

# Country Scholarships
1 Albania 4 062
2 Russia 3 907
3 Ukraine 3 904
4 Bosnia & Herzegovina 3 861 
5 Israel 3 474
6 Georgia 2 888
     
 
ბოლო წლების მანძილზე საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციას წარმატებული ქვეყნების პირველ ათეულში.
 
წელი საქართგველოდან გასული საქართველოში შემოსული სულ
2015 695 190 885
2016 989 570 1559
2017 818 515 1333
2018 1109 699 1808
2019 1144 751 1895
2020 1754 1134 2888
ჯამი 6509 3859 10368
 
ამ ეტაპზე ქართული უმაღლესები აქტიურად თანამშრომლობენ 241 ევროპულ უნივერსიტეტთან. მათ შორის ყველაზე წარმატებული პარტნიორობა ხორციელდება შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე იზრდება არა მხოლოდ საქართველოდან წამსვლელი სტუდენტებისა და პერსონალის, არამედ საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა. შესაბამისად საქართველო სულ უფრო მეტად მიმზიდველი ქვეყანა ხდება ევროპული აკადემიური საზოგადოებისათვის.
 
 
 
საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდნტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება. მობილობა ეს არის შესაძლებლობა გაიფართოვო თვალსაწიერი და ეზიარო ევროპულ განთლებას, კულტურასა და ღირებულებებს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე მოქალქისა და მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.
პრეზენტაცია ICM პროექტებში უსდ-ების ჩართვის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები - FAQ

რა პერიოდით შეუძლია სტუდენტს სასწავლო მობილობით სარგებლობა ?

- სტუდენტს შეუძლია სასწავლებლად წასვლა 3 – 12 თვის ვადით (სტაჟირების ვადის ჩათვლით თუ ეს გათვალისწინებულია/დაგეგმილია წინასწარ). თითოეულ სტუდენტს აქვს საშუალება მიიღოს გრანტი სასწავლო მიზნებისთვის საერთო ჯამში 12 თვის ვადით (თითოეულ საფეხურზე):

  • უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის პერიოდში (ბაკალავრიატი ან მასთან გათანაბრებული), ასევე მოკლე ციკლის განმავლობაში (EQF 5 და 6 დონეზე) - პირველი კურსის დასრულების შემდგომ და მეოთხე კურსის ბოლო სემესტრამდე;
  • უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლის პერიოდში (მაგისტრატურა ან მასთან გათანაბრებული – EQF 7 დონე) - მეორე კურსის ბოლო სემესტრამდე;
  • უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე სწავლის პერიოდში დოქტორანტის სახით (EQF დონე 8) - სასწავლო პროგრამის ბოლო სემესტრამდე;

აუცილებელი პირობები

სტუდენტი უნდა იყოს დარეგისტრირებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, რომელიც საბოლოოდ მიანიჭებს მას აღიარებულ აკადემიურ ხარისხს ან სხვა უმაღლესი დონის კვალიფიკაციას (დოქტორანტის ხარიხის ჩათვლით).

მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტთაშორისი ხელშეკრულების (ე.წ. Learning agreement) საფუძველზე არსებული ჩარჩოს ფარგლებში, რომელშიც ჩართულნი არიან გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტები.

როგორია წინასწარი სამზადისი ?

გამგზავრების წინ მობილურ სტუდენტს უნდა გადაეცეს:

  • საგრანტო ხელშეკრულება, გათვლილი მობილობის სრულ პერიოდზე, ხელმოწერილი სტუდენტისა და გამგზავნი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
  • სასწავლო ხელშეკრულება (Learning agreement) – წინასწარ განსაზღვრული სასწავლო პროგრამით, დამოწმებული სტუდენტის, გამგზავნი და მიმღები უმაღლესი სასწავლებლების მიერ.
  • Erasmus + სტუდენტური ქარტია (Erasmus+ Student Charter) – რომელშიც მოცემულია სტუდენტის უფლებები და მოვალეობები მისი მობილობის პერიოდისთვის.

მობილობის პერიოდის დასასრულს:

მიმღებმა უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს სტუდენტი და გამგზავნი უნივერსიტეტი ე.წ. ნიშნების ფურცლით, დასტურად იმისა, რომ სტუდენტის მობილობის პროგრამა დასრულებულია შეთანხმებისამებრ დაგეგმილი შედეგებით.

გამგზავნმა უნივერსიტეტმა უნდა აღიაროს დამაკმაყოფილებლად დასრულებული სასწავლო შედეგები, რომლებიც მიღებული იქნა სტუდენტის მიერ მობილობის პერიოდში (სასწავლო ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტების (ECTS) სისტემის ან მასთან გათანაბრებული სხვა სისტემის გამოყენებით). მობილობის პერიოდი ასევე უნდა აისახოს/ჩაიწეროს დიპლომის დანართში.

იქნება თუ არა უზრუნველყოფილი ფინანსური დახმარება ან ანაზღაურებული გადასახადები?

სტუდენტები დაფინანსდებიან Erasmus+ ევროკავშირის გრანტით, გაცვლითი პროგრამის პერიოდში საჭირო სამოგზაურო და საარსებო ხარჯების დასაფარად. 

სასწავლო პერიოდში Erasmus + სტუდენტები განთავისუფლებულნი არიან სასწავლო გადასახადისგან მიმღებ უნივერსიტეტში:

  • რეგისტრაციის,
  • გამოცდების,
  • ბიბლიოთეკისა
  • ლაბორატორიების მოხმარებისთვის

 მობილობის პერიოდში უნდა იქნას შენარჩუნებული სტუდენტის ფინანსური ვალდებულებები გამგზავნი უნივერსიტეტის მიმართ.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მიმართონ საკუთარ უნივერსიტეტებში არსებულ საერთაშორისო ურთიერთობის / Erasmus + დეპარტემენტებს, სადაც გაეცნობიან საზღვარგარეთ სწავლის საშუალებებსა და პირობებს Erasmus + ევროკავშირის გრანტის მისაღებად.

ენის ცოდნა

ცხადია, აუცილებელია იმ ენის ცოდნა, რომელზედაც მიმღებ ევროპულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი (შეგახსენებთ, რომ ხშირ შემთხვევაში არაინგლისურენოვანი ქვეყნებიც მობილურ სტუდენტებს სასწავლო პროგრამებს ინგლისურ ენაზე თავაზობენ). ენის ცოდნის დადასტურებას სხვადასხვა უნივერსიტეტი განსხვავებულად ითხოვს: რიგ შემთხვევებში საკმარისია ცნობის წარდგენა გამგზავნი უნივერსიტეტიდან, რომ სტუდენტს გავლილი აქვს უცხო ენის კურსი და დაგროვილი აქვს კრედიტების გარკვეული რაოდენობა; რიგ შემთხვევებში გამგზავნ უნივერსიტეტს ევროპელი პარტნიორები თხოვენ უცხო ენაში დამატებითი გამოცდის ან გასაუბრების ჩატარებას; ხოლო ზოგი ევროპული უნივერსიტეტი ითხოვს ენის ცოდნის სპეციალური სერტიფიკატის წარდგენას (მაგ. IELTS, TOEFL, GMAT, GR, etc). აუცილებლად გაეცანით მობილობის კონკრეტული პროექტის ფარგლებში ენის ცოდნის მოთხოვნებს და გაიარეთ კონსულტაცია თქვენ უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებზე პასუხისმგებელ პირებთან.

აქვთ თუ არა ერაზმუსის პროგრამის ამჟამინდელ სტიპენდიანტებს კიდევ ერთხელ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება? 

ერაზმუსის სტიპენდია შეგიძლიათ მიიღოთ  უმაღლესი განათლების ერთ საფეხურზე მაქსიმალური ვადით - 12 თვე.  ანუ ერთ საფეხურზე შესაძლებელია ორჯერ 6-6 თვიანი მობილობის განხორციელება თუ ამას არ ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის შიდა რეგულაცია.

მობილობისათვის საჭირო საბუთები

მობილობის სხვადასხვა პროგრამა განსხვავებულ საბუთებს ითხოვს, მაგრამ როგორც წესი, ძირითადი საბუთების ჩამონათვალი მსგავსია. მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარადგინოს:

  • CV (გირჩევთ გამოიყენოთ Europass ფორმატი )
  • ცნობა სტუდენტობის შესახებ
  • ენის ფლობის სერტიფიკატი (რიგ შემთხვევებში ენის ტესტი ტარდება უნივერსიტეტში)
  • სამოტივაციო წერილი
  • უკვე გავლილი საგნების ჩამონათვალი კრედიტებისა და შეფასების მითითებით (გაიცემა უნივერსიტეტის მიერ)
  • რიგ შემთხვევებში დამატებით ითხოვენ სარეკომენდაციო წერილს პროფესორებისგან

Erasmus–ის სტიპენდიანტებისათვის 

სტიპენდიის მიღების შემდეგ კონსულტაციას ევროპის უნივერსიტეტში სწავლის პირობების შესახებ, მგზავრობის, დაბინავების, დაზღვევის და სხვა საკითხების შესახებ გაგიწევთ თქვენი მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტები. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ წყაროებიდანაც:

http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/

https://www.facebook.com/ESN.Tbilisi.ISU/

ასევე გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე ევროპის ქვეყნებში და პრობლემების შემთხვევაში, საჩივრის ფორმას.

  1.  დისტანციის კალკულატორი

საერთაშორისო პროგრამა IES - სწავლებისა და სტაჟირების შესაძლებლობა გერმანიაში

 

Copernicus Berlin e.V. ასოციაციის (გერმანია) საერთაშორისო პროგრამა (International Excellence Scholarship Program - IES) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტუდენტებს სთავაზობს 6-თვიანი სწავლებისა და სტაჟირების შესაძლებლობას გერმანიის ორ უნივერსიტეტში: ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტსა (Free University of Berlin - FU Berlin) და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (Humboldt University of Berlin - HU Berlin).

სწავლების სამეცნიერო მიმართულება შეზღუდული არაა და სტუდენტებს, ნებისმიერი სპეციალობით, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.

IES საერთაშორისო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სააპლიკაციო ფორმები და შესაბამისი პროცედურები იხილეთ ვებგვერდზე.

პროექტი PRINTeL - სამუშაო შეხვედრა დამატებითი აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებით

17 დეკემბერს, Erasmus+ PRINTeL პროექტის ფარგლებში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც არსებული პანდემიის პირობებში Zoom პლატფორმის საშუალებით ონლაინრეჟიმში ჩატარდა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების ინსტიტუციონალურმა კოორდინატორებმა პარტნიორი ქვეყნებიდან.

შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა, პროფ. არმენ ბუდაგიანმა (Armen Budaghyan) (ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დეტალურად განიხილა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2021 წლის იანვარ-თებერვალში, მათ შორის უნივერსიტეტში ინოვაციური პედაგოგიკის განვითარებასთან დაკავშირებული დამატებითი აქტივობების ჩატარების საკითხები, რომელიც პროექტის თავდაპირველი გეგმით არ იყო გათვალისწინებული. დამატებითი აქტივობები ითვალისწინებს 2021 წლის იანვარსა და თებერვალში პროექტის პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ 3-დღიანი ონლაინტრეინინგების ჩატარებას იმ ტრენერებისთვის, რომლებმაც მანამდე, 2018 წელს, პროექტის ფარგლებში გაიარეს შესაბამისი ტრეინინგების კურსები ამ ევროპულ უნივერსიტეტებში.

შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნა პროექტის ფარგლებში შექმნილი სწავლისა და სწავლების ვირტუალური აკადემიის - VATL ვებპორტალის სისტემა და მისი საშუალებით ვირტუალური საზოგადოების შექმნის საკითხები. საგულისხმოა, რომ  VATL პორტალზე გათვალისწინებულია 5 ვირტუალურ საზოგადოების შექმნის შესაძლებლობა, სადაც პროექტის კოსორციუმის წევრი უნივერსიტეტების აკადემიურ თანამშრომლებს შეუძლიათ თავისუფლად დარეგისტრირდნენ და ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და მიღწევები ინოვაციურ სწავლასა და სწავლებაში და შესაბამისად, აიმაღლონ სათანადო კომპეტენციები. ამგვარი აქტივობები, ხელს შეუწყობს ვირტუალური აკადემიური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას და, ამავდროულად, უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მიმდინარე პროცესებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

საერთაშორისო ურთიერთობათა სტანდარტების სამსახური