საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას ბრძანებით შექმნილი კომისიის წინაშე საბაკალავრო ნაშრომების დაცვის მიზნით წარდგნენ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები.
სტუდენტების ნაშრომები შეეხებოდა ისეთ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯის თავისებურებანი; ტერორიზმი; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობა; პენიტენციარული დანაშაულობა; ოჯახში ძალადობის პრობლემატიკა; დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ; შრომითი ხელშეკრულების რეგულირება; ანდერძისმიერი მემკვიდრეობა; კეთილსინდისიერების პრინციპი; სამეზობლო სამართლის შედარებითი სამართლებრივი კვლევის ანალიზი; გენოციდი საერთაშორისო სამართალში;თავდებობა-როგორც საბანკო გარანტია; ჩუქების სამართლებრივი ბუნება; საჯარო ინფორმაცია და მისი მოთხოვნის თავისებურებანი; ქმედუნარიანობა და მრავალი სხვა.
წარმოდგენილი ნაშრომების შეფასების დროს გათვალისწინებულ იქნა როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური მხარე, თემის აქტუალობა, წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზები და სხვა კრიტერიუმები.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია შეხვდა სტუდენტებს და უსურვა მათ შემდგომი წარმატებები.