2018 წლის 13 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გაფართოებული საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია. როგორც მან აღნიშნა „ფაკულტეტზე აქტუალურ საკითხების შესწავლასთან დაკავშირებით ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, ამ დროისთვის დასრულდა რამდენიმე პროექტი, მათ შორის, ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“, პროექტის ხელმძღვანელი იყო პროფესორი მაია ყიფიანი, პროექტის წევრები: პროფესორები ირაკლი გაბისონია და ციალა გლოველი, ტექნიკური უზრუნველყოფა: მარინა ჩხარტიშვილი და დავით სამარღანიშვილი. პროექტი ხორციელდებოდა ერთი წლის მანძილზე 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე. ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ პროექტის ხელმძღვანელს პროფესორ მაია ყიფიანს პროექტის ანგარიშის წარსადგენად გადასცა სიტყვა.
პროფესორმა მაია ყიფიანმა წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია, მან აღნიშნა, რომ „ოჯახში ძალადობის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და საჭიროებს მიზეზების საფუძვლების შესწავლას“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური მეცნიერული კვლევა, საჭირო მასალის მოძიება-გადამუშავება, დამხმარე სახელმძღვანელოს ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“ შექმნა და გამოცემა. აგრეთვე, საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის ,,მსოფლიო და გენდერის“ ჩატარება, რომელშიც 72 მეცნიერ-მკვლევარმა მიიღო მონაწილეობა, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან. გამოიცა კონფერენციის შრომების კრებული, რომელშიც დაიბეჭდა 45 სამეცნიერო სტატია. სამეცნიერო მუშაობის გარდა, ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა სხვა ღონისძიებებიც: სტუდენტური ვორქშოფები თემაზე-,,გენდერი და მსოფლიო“ და ,,დისკრიმინაცია“, სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები; საიას წარმომადგენელმა სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე ,,ფემიციდი“; ბაკურიანში გაიმართა ზამთრის სკოლა ,,ადამიანის ძირითადი უფლებები და XXI-ე საუკუნის გამოწვევები“.
სხდომაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დამხმარე სახელმძღვანელოს ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“ განხილვამ: გაიმართა მწვავე დისკუსია ნაშრომთან დაკავშირებით. პროფესორებმა ხმათა უმრავლესობით მოიწონეს წარმოდგენილი ნაშრომი, დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევა და ავტორებს უსურვეს შემდგომი საქმიანობის განხორციელება აღნიშნული მიმართულებით.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეა შაყულაშვილმა გამოცემულ წიგნს მისცა რეკომენდაცია სასწავლო პროგრამაში გამოიყენებოდეს როგორც დამხმარე სახელმძღვანელო.