ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია აკადემიურ პერსონალს შეხვდა

2017 წლის 21 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესორ-მასწავლებლებისათვის საკონკურსო პირობების და წესების გაცნობას. დეკანმა დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას კონკურსის ვადები, წესები, საკონკურსო დოკუმენტაციისა და საკონკურსო კომისიის შესახებ ინფორმაცია. მათ შორის,
კონკურსის ძირითადი პირობები:
პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანკლებ 3 წლის გამოცდილება;
ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
კონკურსის ვადები:
კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 12 აგვისტოდან 05 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2017 წლის 05 სექტემბრისა, კონკურსის შედეგების დამტკიცება აკადემიურ საბჭოში მოხდება 11 სექტემბერს.
კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.
პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტუ-ში გაიმარჯვებს კონკურსში, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე სტუ-თან უნდა გააფორმოს აფილირების ხელშეკრულება.
პროფესორ-მასწავლებლებმა დასვეს შეკითხები, გამოთქვეს შეხედულება კონკურსის შესახებ და იმედოვნეს, რომ გააგრძელებენ სამომავლოდ თანამშრომლობას.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა პროფესორ-მასწავლებლებს მიიღონ მონაწილეობა კონკრუსში და უსურვა წარმატებები .

ჩვენი კურსდამთავრებული Sapienza University of Rome-ში აგრძელებს სწავლას

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებული მეგი ჯაფარიძე ჩაირიცხა Sapienza University of Rome-ში სამაგისტრო პროგრამაზე. მან 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2013 წელს მიიღო მონაწილეობა USAID-ის საზაფხულო სკოლაში “IFES Democracy and Citizenship”, სადაც წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.
2014/2015 წელს გახდა ევროკავშირის სტიპენდიანტი და სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტში, ესტონეთში. 2015წელს მიიღო მონაწილეობა ნატოს ახალგაზრდულ სამიტზე.
2016 წელს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ფარგლებში, მონაწილეობა მიიიღო საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში, რომელიც ჩატარადა ჰააგაში, ნიდერლანდები; იმავე წელს მონაწილეობდა „პროაქტივ ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდა ლიდერთა სამიტზე „ახალგაზრდული გამოწვევები და შესაძლებლობები“, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი; ასევე, მიიღო მონაწილეობა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში თემაზე: საკონსტიტუციო სამართალწარმოება, რომელიც ჩატარდა ქალაქ ბათუმში. 2017 წელს მონაწილეობდა ეროვნულ კლიენტთა კონსულტირების ტრენინგსა და შეჯიბრში, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია შეხვდა მეგი ჯაფარიძეს მიულოცა სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა Sapienza University of Rome-ში და უსურვა შემდგომი წარმატებები.

საკონსტიტუციო სასამართლომ სტუ-ს საზაფხულო სკოლას უმასპინძლა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მიმდინარე წლის 13-18 ივლისს, უკვე მეხუთედ, უმასპინძლა საზაფხულო სკოლას „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ამავე უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩევლები საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებზე ესაუბრნენ, ლექციებზე მიმოიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. სალექციო კურსის პარალელურად სტუდენტები სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც ესწრებოდნენ. დასასრულს, საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე მიესალმა და სტუდენტები საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატებით დააჯილდოვა.

საზაფხულო სკოლის მესამე დღე

გრძელდება საზაფხულო სკოლა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისთვის ქ. ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
15 ივლისს საზაფხულო სკოლის მსმენელებს შეხვდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გვანცა კვარაცხელია, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: „საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმი“.
სტუ-ს პროფესორებმა ნინო ქურასბედიანმა და დავით ჭრიკიშვილმა ლექციის სახით სტუდენტებს გააცნეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა საზღვარგარეთის ქვეყნების საკონსტიტუციო კონტროლის საშუალებები და შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე წარმოაჩინეს დადებითი და უარყოფითი ასპექტები.

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა

2017 წლის 10-15 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა.
აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებელ ელემენტს წაროადგენს კვლევითი კომპონენტი, რომელიც მიმართულია მაგისტრატურის სტუდენტის დამოუკიდებელ თეორიულ და პრაქტიკულ მსჯელობასა და უნარის განვითარებაზე.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტი მოიცავს 45 კრედიტს. მისი სავალდებულო ელემენტებია: სამაგისტრო კვლევის პროექტი – პროსპექტუსი, თეორიული/ექსპერიმენტული კვლევა – კოლოკვიუმი და სამაგისტრო ნაშრომის დასრულება და დაცვა.
დასრულებული საკვალიფიკაციო ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს მაგისტრანტის დამოუკიდებელი კვლევითი მუშაობის შედეგს. საკვალიფიკაციო ნაშრომში ასახული უნდა იყოს ჩატარებული თეორიული/ექსპერიმენტული კვლევით მიღებული შედეგები.
დასრულებული საკვალიფიკაციო ნაშრომის წარდგენის, საჯარო დაცვისა და საბოლოო შეფასების პროცედურები დადგენილია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული „დებულება მაგისტრატურის შესახებ“ (2012 წლის 26 ივნისის № 704 დადგენილება) ხოლო მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომის გაფორმება სავალდებულოა დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო ნაშრომის შეფასება ხდება 100 ქულით. აუცილებელია მისი საჯარო დაცვა. საკვალიფიკაციო ნაშრომს აფასებს 5-7 წევრისაგან შემდგარი სამაგისტრო კომისია 100 ქულიანი შეფასების სისტემით, შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
√ საკვლევი პრობლემის აღწერა, აქტუალურობა,
√ პრაქტიკული მნიშვნელობა
√ საკვლევი თემის ირგვლივ არსებული ლიტერატურის ანალიზი
√ კვლევის მეთოდების გამოყენება
√ ჩატარებული კვლევის შედეგების განსჯა
√ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დასკვნის გაკეთება
√ ნაშრომის გაფორმების ხარისხი და მისი წარმოჩენის ხარისხი.
მაგისტრანტის საჯარო დაცვის შეფასება განისაზღვრება კომისიის თითოეული წევრის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით, ამასთან საკვალიფიკაციო ნაშრომი არ ითვლება დაცულად, თუ სამაგისტრო კომისიის წევრთა უმრავლესობა მას აფასებს 20-ზე ნაკლები ქულით. კენჭისყრისას ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სტუდენტების მიერ დამუშავებული კვლევები შეეხებოდა ისეთ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: სასამართლო მტკიცება და მტკიცებულებები სამოქალაქო პროცესში.შვილად აყვანის თავისებურებანი საქართველოში, გაკოტრების მმართველის პრობლემა გაკოტრების სამართალში, ხელშეკრულების განმარტება-1980 წლის საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის შესახებ გაეროს კონვენციის მიხედვით”,ანდერძით მემკვიდრეობა, ნარკოტიკული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაულობა, არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დასჯის თავისებურებანი, სასჯელასრულების სისტემა საქართველოში და მისი შედარებითი ანალიზი, კრიმინალური ანთროპოლოგია, ბრალდებული სისხლის სამართლის პროცესში, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის დაუსაბუთებლობის პრობლემები, განზრახ მკვლელობა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და სხვა.
სამაგისტრო კომისიის თავმჯდომარემ, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ დადებითად შეაფასა წარმოდგენილი საკვალიფიკაციო ნაშრომები, მოისმინა ნაშრომის ავტორთა რეკომენდაციები წამოჭრილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მათ როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე პრაქტიკულ მოღვაწეობაში.

საზაფხულო სკოლის მეორე დღე

14 ივლისს 11:00 სთ-ზე საზაფლო სკოლის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი ლომთაძე, რომელმაც წაიკითხა ლექცია: „საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების პრაქტიკული ასპექტები“. სტუდენტებთან მიმოიხილა  ყველა აქტუალური  საქმე, რომელიც საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენს.

112550a ,112550B, 112550C , 112450a, 112450B, 112450C ჯგუფის სტუდენტების საყურადღებოდ!!!

112550a ,112550B, 112550C , 112450a, 112450B, 112450C ჯგუფის სტუდენტების საყურადღებოდ  საგანში “სახელშეკრულებო სამართალი“ და „სამოქალაქო საქმეთა განხილვა სასამართოლოში“ ჩატარდება დამატებითი გამოცდა 19 ივლისს 11:00სთზე- პირველ კორპუსში მე-5 სართული.

სტუ-ს სტუდენტებისთვის დაიწყო საზაფხულო სკოლა ქ. ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უკვე მეხუთედ 13-18 ივლისს ტარდება საზაფხულო სკოლა. ლექცია-სემინარებს გაუძღვებიან როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები  და თანამშრომლები. ასევე, სტუ-ს პროფესორები.

პირველ დღეს სტუდენტებს  შეხვდა  საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი სულხანიშვილი, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: „საკონსტიტუციო კონტროლისა და გადაწყვეტილების აღსრულების მეთოდები“. სტუდენტები  ასევე დაესწრნენ სასამართლო პროცესს.

საზაფხულო სკოლის მსმენელთათვის დაგეგმილია შემდეგი საკითხის განხილვა: საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცედურები, ადამიანის უფლებები სისხლის სამართალში და მიმდინარე აქტუალური სამართლებრივი საკითხების განხილვა.

პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათსერთიფიკატები.

პროფესორი გიორგი გორაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელშეწყობით ამავე უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე 2017 წლის 27 ივნისიდან 7 ივლისამდე სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდების სამეფო) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის გაცნობის მიზნით.

გიორგი გორაძეს ჰააგაში თან ახლდა სტუდენტთა შვიდკაციანი ჯგუფი. ჯგუფმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განახორციელა რამდენიმე ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში სასამართლოს მიერ სპეციალურად გამოყოფილმა თანამშრომლებმა ჯგუფს მოუწყვეს დახვედრა და გააცნეს სასამართლოს ისტორია და სპეციფიკა.

ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა სასამართლოს ცალკეულ ქეისებსა და ტექნიკურ მხარეს სპეციალური აუდიო და ვიდეო გიდის, ასევე ცალკეული ექსპონატების მეშვეობით, რომლებიც გამოფენილი იყო სადემონსტრაციო დარბაზში.

ჯგუფი დაესწრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლის გრეტა კარბონეს ლექციას, რომელიც ეხებოდა როგორც აღნიშნული სასამართლოს სპეციფიკას და სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეებს. მიმოხილული იქნა პრაქტიკულად ყველა  აქტუალური ქეისი. ქალბატონმა კარბონემ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და ვრცლად ისაუბრა საქართველოს საქმეზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ზედამხედველობით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოში 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად ჩადენილ სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც იყო საქართველო. მომხსენებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანას და მასზე, როგორც სახელმწიფოზე არ ვრცელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია, სავარაუდო სამხედრო დანაშაულის ჩადენის ადგილი, რადგანაც იყო საქართველოს ტერიტორია, სამხედრო დანაშაულის დადგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მაინც დაეკისრებათ მოცემული დანაშაულის ჩამდენ პირებს, მიუხედავად მათი მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოცემულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა მისი დასრულების კონკრეტული ვადა უცნობია.

ჯგუფი დაესწრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე ორ სხვადასხვა პროცესს ორი სხვადასხვა ბრალდებულის მიმართ: 1. კოტ დივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგო, რომელსაც ბრალად ედება 2010-2011 წლებში კაცობრიობის წინააღმდე მიმართული დანაშაულების ჩადენა (მკვლელობები, გაუპატიურება, თავდასხმა და დევნა); 2. ბოსკო ნტაგანდას – კონგოლეზიური ჯარების/კონგოს განმანთავისუფლებელი პატრიოტთა ძალების შტაბის უფროსის მოადგილე და ოპერაციების ხელმძღვანელი. მას ბრალად ედება კონგოში სამხედრო (მკვლელობა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, გაუპატიურება, სექსუალური მონობა, 15 წლამდე არასრულწლოვანთა ჯარში გაწვევა და სხვა) და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების (მკვლელობა, გაუპატიურება, სექსუალური მონობა, დევნა, მოსახლეობის იძულებით გადაცემა და სხვა) ჩადენა.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის დეკანის  ირაკლი გაბისონიას ბრძანებით   შექმნილი კომისიის წინაშე საბაკალავრო ნაშრომების დაცვის მიზნით წარდგნენ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები.

სტუდენტების ნაშრომები შეეხებოდა ისეთ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯის თავისებურებანი; ტერორიზმი; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობა; პენიტენციარული დანაშაულობა; ოჯახში ძალადობის პრობლემატიკა; დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ; შრომითი ხელშეკრულების რეგულირება; ანდერძისმიერი მემკვიდრეობა; კეთილსინდისიერების პრინციპი; სამეზობლო სამართლის შედარებითი სამართლებრივი კვლევის ანალიზი; გენოციდი საერთაშორისო სამართალში;თავდებობა-როგორც საბანკო გარანტია; ჩუქების სამართლებრივი ბუნება; საჯარო ინფორმაცია და მისი მოთხოვნის თავისებურებანი; ქმედუნარიანობა და მრავალი სხვა.

წარმოდგენილი ნაშრომების შეფასების დროს გათვალისწინებულ იქნა  როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური მხარე, თემის აქტუალობა, წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზები  და სხვა კრიტერიუმები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია შეხვდა სტუდენტებს და უსურვა მათ შემდგომი წარმატებები.