ასოცირებული პროფესორის გოჩა ოჩიგავას სამუშაო ვიზიტი ჩეხეთსა და გერმანიაში

2017 წლის 13 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, გოჩა ოჩიგავა მორიგი საქმიანი (ერთკვირიანი) ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიაში გაემგზავრა. ბატონი გოჩა შეხვდა პრაღის სახელმწიფო-სამეფო უნივერსიტეტისა და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს, პროფესორ – მასწავლებლებს და მიიღო უახლესი ინფორმაცია ახალი საგანმანათლებლო – გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტთა შეფასების ევროპული სისტემის მუშაობის შესახებ.

საინტერესო შეხვედრა შედგა უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინტერკულტურული ცენტრის ხელმძღვანელობასთან (ფრანკფურტი) და გაიმართა მოლაპარაკება აღნიშნულ ინსტიტუტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის უთიერთანამშრომლობის შესახებ, რაც, პირველ რიგში, ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას იძლევა.

საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“

2017 წლის 19 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული ახალგაზრდა იურისტთა კლუბისა  და საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“
ლექცია წაიკითხა , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის სისხლის სამართლის ანალიტიკოსმა გოგა ხატიაშვილმა.

საჯარო ლექციაზე, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, იმსჯელეს თუ რამდენად  ეფექტურია ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების საქმიანობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირების შედეგად ხდება თუ არა პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და მათთვის სათანადო სასჯელის შეფარდება, რამდენად არის გათვალისწინებული გენდერული ხედვა სამართალწარმოების პროცესში და უზრუნველყოფილია თუ არა ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოება.
ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, აუდიტორია აქტიურად ჩაერთო თემების განხილვაში  და დამსწრე პირებს საშუალება მიეცათ კითხვები დაესვათ მომხსენებელისათვის.

პროფესორ შოთა ფაფიაშვილის მისალოცი წერილი

საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის  დეკანს, ბატონ  ირაკლი გაბისონიას

ბატონო ირაკლი,

საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თაობის მეცნიერ-პრაქტიკოს იურისტებს, გულითადად  გილოცავთ სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის დეკანის საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თქვენდამი ნდობის გამოცხადებას, გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და სამსახურებრივ საქმიანობაში, მით უფრო, რომ თქვენ ბრძანდებით  იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივანი და აღნიშნული აკადემიის მიერ დაფუძნებული ჟურნალი „იურისტი“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი. ქვეყანაში შექმნილი ვითარების ანალიზი გვიჩვენებს, რომ სამწუხაროდ, არ ხდება მეცნიერთა ჩართვა სამართლებრივი საკითხების კვლევის საქმეში. ასევე მიგვაჩნია, რომ აღსადგენია თანამშრომლობა საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და ხელისუფლებას შორის.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მხარდაჭერით თანამშრომლობა პერსპექტიული და საქმიანი იქნება იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს შორის, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს, თქვენი ხელშეწყობით ჩატარებული იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის საბჭოს სხდომები, სტუდენტების შეხვედრები აკადემიის წევრებთან, ჩვენი აკადემიის წევრების საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ლალი ფაფიაშვილის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის რომან შენგელიას მიერ ჩატარებული საჯარო ლექციები. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მხარდაჭერა ჩვენს მიერ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარებაში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში არსებული პრობლემური საკითხების განხილვას, სადაც  მოხსენებით გამოვიდნენ აკადემიის წევრები, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორები ჯემალ გახოკიძე და ჯემალ ჯანაშია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი.

იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრები, სამართლის დარგის მეცნიერები და პრაქტიკოსები, მზადყოფნას გამოვთქვამთ ნებისმიერი ფორმით თქვენთან თანამშრომლობაზე.

პატივისცემით,

იურიდიული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

პროფესორი შოთა ფაფიაშვილი. 

ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია

 2017 წლის 31 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე,  გაიმართა რიგი ღონისძიებები, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 78 წლის აღსანიშნავად. საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის  სახელობის კაბინეტი. ფაკულტეტის სამ წარჩინებულ სტუდენტს – ანა ტაკაშვილს, დავით მექვაბიძეს და მარიამ ელიაძეს დეკანის, ირაკლი გაბისონიას შუამდგომლობის საფუძველზე დაენიშნათ ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია 150 ლარის ოდენობით.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაინტერესებულია წარჩინებულიახალგაზრდების წახალისებით, რათა სტუდენტებს  გაეზარდოთ მოტივაცია და გაუძლიერდეთ სწავლის სურვილი.

საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის ფორუმი

აშშ-ის საელჩო საქართველოში 23 აპრილს, 11:00 დან 18:00 საათამდე სასტუმრო თბილისი რუმს ჰოტელში (მისამართი: კოსტავას ქუჩა N14) მართავს „მეგობრობის ფორუმს“. ღონისძიება ეძღვნება ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური თანამშორმლობის 25 წლის იუბილეს.

ღონისძიებაზე აშშ-ის საელჩო წარმოადგენს  საგანმანათლებლო, გაცვლით და საგრანტო პროგრამებს, როგორც სკოლის მოსწავლებისა და სტუდენტებისთვის ასევე მასწავლებლებისა და მეცნიერთათვის.

საინფორმაციო გამოფენის პარალელურად, გაიმართება სემინარები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ამერიკის საგანმამანათლებლო სისტემაზე. სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა გზები არსებობს ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად, როგორ მოიძიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი, შეავსონ განაცხადი და მოიპოვონ დაფინანსება.

მსოფლიო ინოვაციური სამიტი “WISE Learners’ Voice”

კატარის ფონდის მიერ განათლების სფეროში დაარსებული მსოფლიო ინოვაციური სამიტი (The World Innovation Summit for Education (WISE)) აცხადებს 21-დან 30 წლამდე ახალგაზრდების მიღებას პროგრამაზე – “WISE Learners’ Voice”, რომლის ძირითადი თემაა მიგრაციები და დევნილთა კრიზისი. კანდიდატებს უნდა ქონდეთ მაღალი მოტივაცია რათა მონაწილეობა მიიღონ პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებაში.

შევსებული ფორმა უნდა გაიგზავნოს ინტერნეტით 2 მაისისთვის, გრინვიჩის დროით (GMT) 13 : 00 საათზე.

აპლიკაციის ფორმა და დამატებითი დეტალები იხილეთ თანდართულ ბმულზე.


http://www.wise-qatar.org/sites/default/files/2017-18_criteria_and_guidelines.pdf

სამართლის დეპარტამენტის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა 2017 წლის 31 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით მონაწილეობა მიიღეს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მოდელირებული პროექტში – ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (International Conference–Seminar 2017 of Human Rights and Freedoms). საერთაშორისო კონფერენცია-სემინარი უტრეხტის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში ჩატარდა. მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა აკრედიტირებული უნივერსიტეტები, მათ შორის ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის სტუდენტები.

პროექტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის სტუდენტების, წახალისებას რათა მათ გაიუმჯობესონ ცოდნა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით, შეიძინონ პროფესიული უნარ–ჩვევები და აიმაღლონ კვალიფიკაცია იურისპრუდენციასა და საერთაშორისო კონვენციების უკეთ შესწავლაში, ასევე ისეთი შესაძლებლობების მიცემას, რომლებიც დაეხმარებათ  მჭიდრო ურთიერთობა იქონიონ ნიდერლანდების სამეფოში (ქ. ჰააგაში) არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებთან.

ღონისძიების  ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ სემინარები, დაურიგდათ საკონფერენციო მასალები და გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.

სამრთლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ხელს უწყობს წარმატებულ და მოტივირებულ სტუდენტებს ცოდნისა და გამოცდილების მიღებისთვის რაც გამოიხატება მსგავს ღონისძიებებში ფაკულტეტის სტუდენტების მუდმივი ჩართულობით.

იოსებ ბაჩიაშვილის ნაშრომის პრეზენტაცია

2017 წლის 7 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის ნაშრომის „იურიდიული განათლება და სამართალშემოქმედება“ წარდგინება-განხილვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები.

ნაშრომის პრეზენტაციაზე შესავალი სიტყვა წარმოთქვა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთიერთობათა ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მაღალკვალიფიციური იურისტების მომზადებაზე და ბოლო პერიოდში ამ სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გაანალიზებასა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების საჭიროებაზე.

თავად ავტორმაც დეტალურად ისაუბრა ყველა იმ თეზისზე, რომელიც განხილულია ნაშრომში, მათ შორის, იურიდიული განათლების მეთოდოლოგია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე მიმოიხილა იურისპრუდენციის ზოგად თეორიული და სოციალური საგნების სწავლების ურთიერთშესაბამისობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში.

გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ სამართლისა და საერთაშორისო უეთიერთობების ფაკულტეტის პროფესორები: ნინო ნიშნიანიძე, ლია ადეიშვილი, ალექსანდრე ტალიაშვილი, შოთა ფაფიაშვილი და გურამ ნაჭყებია. მათ დადებითად შეაფასეს იოსებ ბაჩიაშვილის ნაშრომი და აღნიშნეს რომ იგი ხელს შეუწყობს იურიდიული დისციპლინების სწავლების მეთოდოლოგიის სრულყოფას.

შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებთან

2017 წლის 4  აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებს შორის. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ ქეთევან კვინიკაძემ დეტალურად გააცნო სტუდენტებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ისტორია და მისია. ისაუბრეს კვალიფიკაციის ასამაღლებელ, საპროცესო დოკუმენტაციის შედგენის, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ და სასამართლო მოხელეთა მოსამზადებელ  კურსებზე.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და  სტუდენტების მიერ იუსტიციის უმაღლესი სკოლა შეფასდა, როგორც  ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სამოსამართლო კანდიდატების, მოსამართლეების, მოსამართლეთა თანაშემწეების და სასამართლოს სხვა თანამშრომელთა მაღალ პროფესიულ სწავლებას.

იქვე გაჟღერდა ინფორმაცია ღია კარის დღესთან დაკავშირებით, სადაც  სტუდენტთა უმრავლესობამ დასწრების  სურვილი  გამოთქვა, ვინაიდან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსები ხელს უწყობს სტუდენტთა ცოდნის ამაღლებასა და გამოცდილების შეძენას.

შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისათვის და სტუდენტ ახალგაზრდობას საინტერესო შეკითხვებისა და მოსაზრებებისათვის.

შრომის კოდექსის კომენტარების პრეზენტაცია

2017 წლის 30 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართა  პროფესორ ამირან ზენაიშვილის წიგნის, შრომის კოდექსის კომენტარების  პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე,  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, დამსაქმებლების და დასაქმებულთა წარმომადგენლები.

პრეზენტაცია გახსნა  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა ირაკლი გაბისონიამ და წარმოდგენილ საზოგადოებას მიულოცა შრომის კოდექსის კომენტარების გამოცემა, ყურადღება გაამახვილა მის მნიშვნელობაზე და სიტყვა გადასცა სახელმძღვანელოს ავტორს ბატონ ამირან ზენაიშვილს.

ავტორი დეტალურად შეეხო ყველა იმ თეზისს, რომელიც განხილულია წიგნში. მათ შორის, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები, საქართველოს მიერ, ევროკავშირის მიმართ საერთაშორისო აქტებით და კონვენციებით აღებული ვალდებულებების შიდა კანონმდებლობაში ინტეგრირებისა და იმპლემენტაციის ანალიზს, კომენტარში გამოყენებულ კვლევებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე. ავტორის თქმით, წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანონში 2013 წ. შეტანილი ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვის დინამიკას, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ერთგვაროვან პრაქტიკას და ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, განიხილეს არაერთი წინადადება  შრომის კოდექსის სრულყოფისათვის, სტუდენტებმა  შეკითხვით მიმართეს, როგორც სახელმძღვანელოს ავტორს, ასევე მოწვეულ სტუმრებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრს დიმიტრი ხუნდაძეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა პარალელები გაავლეს მსოფლიო პრაქტიკის შრომის კანონმდებლობასა და ქართული სამართლებრივ სისტემას შორის, ხაზი გაუსვეს ასოცირების შეთანხმების შედეგებისა და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას.

პრეზენტაციის დასასრულს, სახელმძღვანელოს ავტორმა დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნები და მადლობა გადაუხადა მათ საინტერესო დისკუსიაში ჩართვისა და მობრძანებისათვის.