ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აცხადებს ესსეების კონკურსს შემდეგი მიმართულებებით:

  1. სამართალი
  2. საერთაშორისო ურთიერთობები

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის სამართლის  და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

  • ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
  • თითოეულ ნაშრომს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი (თანაავტორობით დაწერილი ნაშრომები არ მიიღება);
  • თითოეული ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე.

წარმოდგენილი ესსე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს:

  • მოცულობა: არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 2500 სიტყვისა
  • ძირითადი ტესქტისა და სქოლიოების შრიფტი: Sylfaen
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტი – 9;
  • ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1.15
  • გვერდების საზღვრები – 1.9 სმ

წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. შინაარსის შესაბამისობა სათაურთან
  2. თემის აქტუალობა
  3. აზრის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის სტილი
  4. საკითხის ავტორისეული შეფასება (ინდივიდუალური ხედვა)
  5. ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა
  6. ციტირების ტექნიკა
  7. გამოყენებული ლიტერატურის მრავალფეროვნება

 

კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო, კერძოდ:

  • 1-ლი ადგილი – 1000 ლარი
  • მე-2 ადგილი – 600 ლარი
  • მე-3 ადგილი – 300 ლარი

გამარჯვებული მონაწილეების ესსეები გამოიცემა კრებულის სახით.

დაინტერესებულ პირებმა  30 მარტამდე ესსეები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე : publiclaw@gtu.ge

 

 

 

 

 

 

 

 

შეხვდი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს

 

2018 წლის 16 თებერვალს 15:00 საათზე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ შეხვდი დამსაქმებელს ფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია.

ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2018 წლის 13 თებერვალს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უძღვებოდა.

ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა ახალი პროექტების დაფინანსება, კერძოდ:

  1. პროექტი „დანაშაულიდან სასჯელამდე“, რომლის ფარგლებში სტუდენტები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს,
  2. პროექტი „ჯანდაცვის სამართალი“, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების, სილაბუსებისა შექმნის, პრაქტიკული ტრენინგების ჩატარებით და სასწავლო პროგრამის შემუშავებით.
  3. პროექტი „გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“, რომლის ფარგლებში ჩატარდება კვლევა გენდერულ საკითხებთან მიმართებაში.
  4. პროექტი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სამართალი“, რომლის რეზულტატი გამოიხატება სახელმძღვანელოს შექმნაში.

საბჭომ მეორე საკითხად იმსჯელა ბიუჯეტის ცვლილებაზე, რომელიც გამოწვეული იყო დაწესებული სამეცნიერო ჯილდოების გადაცემით.

საბჭომ ასევე განიხილა ფაკულტეტის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი სტუდენტთა განცხადებები, რომლის თანახმადაც, სოციალური პროექტის ფარგლებში სტუდენტები ითხოვდნენ სწავლის საფასურის ნაწილობრივ  დაფინანსებას.

აგრეთვე, მოისმინეს სტუ-ს კანცლერის, პროფესორ ქეთი ქოქრაშვილის ინფორმაცია სტუ-ს სამოქმედო გეგმისა და ფინანსური ანგარიშგებისა და კონტროლის დოკუმენტის შექმნის თაობაზე.

პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა საყურადღებოდ

ყველა პროფესორ-მასწავლებელი, მოწვეული, აკადემიური პერსონალი, სპეციალისტები და ტექნიკური თანამშრომლები ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია აღნიშნულ მისამართზე
http://leqtori.gtucard.ge/

პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდა

2018  წლის 10 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტშეხვდი დამსაქმებელსფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორმასწავლებლებს შეხვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ნინო გვენეტაძე.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა  ფაკულტეტის მიერ წამოწყებულ ისეთ ინტერდისციპლინარულ პროექტებს როგორიცაა: საინჟინრო სამართალი,   კოსმოსური სამართალი, ბიზნესსამართალი და სხვ.    ყურადღება გაამახვილა მულტიდისციპლინარული პროგრამების და  სიახლეების დანერგვაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი, სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე , სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.  

დამსწრე საზოგადოების  წინაშე მოხსენებით წარსდგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პროფესორი ნინო გვენეტაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოწვევისათვის.

მოხსენებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე შეეხო სასამართლო სისტემის ოთხ წლიანი სტრატეგიის ძირეულ ასპექტებს.  ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, სასამართლოს გამოწვევებს და სამართალწარმოების ზოგიერთ პრობლემას.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა მაქს პლანკის უნივერსიტეტის პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობას შექმნას და ჩამოაყალიბოს ინტერდისციპლინარული პროგრამები, ასევე,  ისაუბრა ფაკულტეტზე „ახალი ტექნოლოგიებისა და სამართლებრივი პროგნოზირების ცენტრის“ შექმნის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების პროგნოზირებას.

  სასამართლოთა საქმიანობის  მიმოხილვის შემდგომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს, რომლებმაც საინტერესო და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოთქვეს.  სტუმარმა ასევე პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა სტუდენტებს და წარმატებები უსურვა მათ.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საჩუქრად გადასცა სახელმძღვანელოები: „საგამოძიებო სამართალი“, „საპროკურორო სამართალი“ და „არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“. თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუ-ს ბიბლიოთეკას უსახსოვრა უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები და ბროშურები.

შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს რექტორმა აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილმა.

 

 

სტატუსის  აღდგენის ან/და დამატებით სემესტრში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

 სტუდენტის სტატუსშეჩერებულ ან/და დამატებით სემესტრში/სემესტრებში სწავლის გაგრძელების მსურველ პირებს შეუძლიათ მიმართონ ფაკულტეტს განცხადებით (911ა ოთახი) და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. სტატუსის შეჩერების ბრძანების ქსეროასლი (დეკანატი 902ა ოთახი)
  2. აკადემიური მოსწრების ბარათი(დეკანატი 902ა ოთახი)
  3. ანგარიშის ამონაწერი ბუღალტერიიდან (ადმინისტრაციული კორპუსის 210 ოთახი)
  4. სწავლების საფასურის ¼ (562,50 ლარი) გადახდის ქვითარი
  5. განცხადება (911ა ოთახი)

სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი  პოლიციის აკადემიაში  

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული-პროფესორის ნინო გოგნიაშვილის ორგანიზებით მესამე კურსის სტუდენტები სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შემეცნებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ.

შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, კერძოდ, შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგიასა და პოლიციის უწყებებში კადრების მიღების პროცედურებზე.

აკადემიაში ვიზიტისას სტუდენტები პოლიციელთა მომზადების მეთოდიკასა და ძირითად პრინციპებს გაეცნენ და მოისმინეს მათთვის საინტერესო საკითხები.

სტუდენტებმა დაათვალიერეს  აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები .

სტუდენტების ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა  პოლიცის აკადემიის საქმიანობის ადგილზე გაცნობას და სამართლებრივი კულტურის ამაღლებას

 

 

 

სტუდენტური ვორქშოფი  თემაზე: „დისკრიმინაცია“ ჩატარდა

2018 წლის 9 თებერვალს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: „დისკრიმინაცია“

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა მაია ყიფიანმა, ხოლო სტუდენტებს მოწვეული სტუმრები წარუდგინა სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ციალა გლოველმა.

სტუდენტურ ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველი დევნილთა უფლებებში მერი კოჭლამაზაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და ვორქშოფის ორგანიზატორებს მოწვევისათვის.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პროფესორებმა მაია ყიფიანმა და ციალა გლოველმა ასევე, სტუდენტებმა: ანა ტაკაშვილმა, თორნიკე კაპანაძემ და თომა ხაბეიშვილმა.

ვორქშოფში მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სამართლის სპეციალობის 23 სტუდენტი,  რომლებმაც პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს შემდეგი თემები: „ადრეული და იძულებითი ქორწინება“, „ბულინგი“, „გენდერული დისკრიმინაცია“, „სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია“, „პატიმრების დისკრიმინაცია“, „გენდერული დისკრიმინაცია შრომით უფლებებში“, „სსმ პირების დისკრიმინაცია“, „რელიგიური დისკრიმინაცია“, „რელიგიური უმცირესობები“, „ეიჯიზმი“, „დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით“, „ბავშვთა დისკრიმინაცია“, „მტკიცების ტვირთის სტანდარტი დისკრიმინაციის საქმეებზე“ და „რასობრივი დისკრიმინაცია“.

სტუდენტური ვორქშოფის დასასრულს წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი, სტუდენტებმა ამომწურავად უპასუხეს შეკითხვებს, დაისახეს სამომავლო გეგმები და წარმოადგინეს საკუთარი რეკომენდაციები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა ანა ფუტკარაძემ და ღონისძიების ორგანიზატორებმა  მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები, მადლობა გადაუხადეს მსგავსი ჩართულობისთვის და წარმატებები უსურვეს თითოეულ მათგანს.