2017 წლის 30 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართა პროფესორ ამირან ზენაიშვილის წიგნის, შრომის კოდექსის კომენტარების პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, დამსაქმებლების და დასაქმებულთა წარმომადგენლები.
პრეზენტაცია გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა ირაკლი გაბისონიამ და წარმოდგენილ საზოგადოებას მიულოცა შრომის კოდექსის კომენტარების გამოცემა, ყურადღება გაამახვილა მის მნიშვნელობაზე და სიტყვა გადასცა სახელმძღვანელოს ავტორს ბატონ ამირან ზენაიშვილს.
ავტორი დეტალურად შეეხო ყველა იმ თეზისს, რომელიც განხილულია წიგნში. მათ შორის, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები, საქართველოს მიერ, ევროკავშირის მიმართ საერთაშორისო აქტებით და კონვენციებით აღებული ვალდებულებების შიდა კანონმდებლობაში ინტეგრირებისა და იმპლემენტაციის ანალიზს, კომენტარში გამოყენებულ კვლევებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე. ავტორის თქმით, წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანონში 2013 წ. შეტანილი ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვის დინამიკას, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ერთგვაროვან პრაქტიკას და ასოცირების შესახებ შეთანხმებას.
ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, განიხილეს არაერთი წინადადება შრომის კოდექსის სრულყოფისათვის, სტუდენტებმა შეკითხვით მიმართეს, როგორც სახელმძღვანელოს ავტორს, ასევე მოწვეულ სტუმრებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრს დიმიტრი ხუნდაძეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა პარალელები გაავლეს მსოფლიო პრაქტიკის შრომის კანონმდებლობასა და ქართული სამართლებრივ სისტემას შორის, ხაზი გაუსვეს ასოცირების შეთანხმების შედეგებისა და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას.
პრეზენტაციის დასასრულს, სახელმძღვანელოს ავტორმა დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნები და მადლობა გადაუხადა მათ საინტერესო დისკუსიაში ჩართვისა და მობრძანებისათვის.