ჯანსაღი მომავლისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით და თვითმმართველობის ორგანიზებით ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა სირბილის მარათონში მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრი ლისის ტბაზე გაიმართა, სადაც მონაწილეებს მიესალმა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და მადლობა გადაუხადა ყველას მოწვევისათვის და სთხოვა პროფესორ ნესტან კირთაძეს  ორიოდე სიტყვით მიემართა დამსწრე საზოგადოებისათვის.

ნესტან კირთაძე მიესალმა მარათონის მონაწილეებს, შეახსენა 25 თებერვალი, ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე  საქართველოს ისტორიაში და მადლობა გადაუხადა ყველას ასეთი აქტიურობისთვის.

მარათონის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებულები.

პროფესორ მამაკაცებში  l-ჰენრი კუპრაშვილი, ll-ზურაბ კვეტენაძე, lll-ჯემალ ჯანაშია

პროფესორ ქალბატონებში l-ლელა წიკლაური ll-მაია ყიფიანი lll-ქეთი ქოქრაშვილი

სტუდენტ ბიჭებში- I- ჯემალ მირაზაშვილი ll- ნიკა თარაშვილი lll-გიორგი გოგინაშვილი

გოგო სტუდენტებში პირველი ადგილი აიღო ზაირა მაშალიევამ, მეორე თამარ ახვლედიანმა, მესამე ელენე ნადირაშვილმა

გაზაფხულის სკოლა 2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის ორგანიზებით,ამა წლის 6-7-8  მარტს  ტარდება  გაზაფხულის სკოლა 2018
„გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“.

პროექტში მონაწილეობის მსურველები, გასაუბრებაზე მობრძანდით, ორშაბათს 26 მარტს 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე 913ა ოთახში.

კომისიის წევრები: დეკანი, პროფესორი

ირაკლი  გაბისონია

პროფესორი მაია ყიფიანი

პროფესორი ციალა გლოველი

ფაკულტეტის სტუდენტები ქ. ნიუნბერგში კონფერენციაზე იმყოფებიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე და  სტუდენტები ბაჩო კვირკველია, ლოლიტა კაროუკინა, ანა ანდრიაძე, სალომე ნემსიწვერიძე, მარიამ ამილახვარი და თორნიკე სონღულაშვილი ქ. ნიუნბერგში კონფერენციაზე იმყოფებიან. 2018 წლის 23 თებერვალს BaYernMUN2018-ის გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც 70 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა პირველ და მეორე სესიაზე უკვე წარადგინეს მოხსენებები, რომლებიც შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე მდგარი გამოწვევები, გენდერული თანასწორობის დაცვა და თავისუფალი წვდომა გარემოზე, კერძოდ, წყლისა და ჰაერის დაბინძურების რისკებზე.

მონაწილე სტუდენტები გადანაწილდებიან შესაბამის კომიტეტებში და  ღონისძიების დასასრულს მიიღებენ რეზოლუციას. კონფერენცია დასრულდება 25 თებერვალს.

აღნიშნულ კონფერენციაში ფაკულტეტის სტუდენტებისა და ასისტენტ-პროფესორის მონაწილეობა სრულად დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

 

 

 

 

მეოთხე კურსის სტუდენტი ლია ნაცუხრიშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ ლია ნაცუხრიშვილს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსზე.

  1. მოგესალმებით ლია, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი

მოგესალმებით, მე გახლავართ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, ლია ნახუცრიშვილი.

  1. რას გვეტყით თქვენი სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

სტუდენტური ცხოვრება ძალიან საინტერესო აქტიური და დაუვიწყარი იქნება ჩემთვის  რადგან, შევისწავლე სხვადასხვა უნარ-ჩვევები, მივიღე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამა თუ იმ საგნისა და შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი და კარგი ადამიანი.

  1. როგორია სტუ-ს სტუდენტური ცხოვრება?

უნივერსიტეტში შემოსვლის დღიდან მაქსიმალურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტში, მათ შორის არაერთ იმიტირებულ პროცესში მაქვს მონაწილეობა მიღებული უნივერსიტეტის სახელით. ასევე ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტრენინგებში: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი – სიახლეები და გამოწვევები“; „გენდერული თანასწორობა“; „საუბრები ფსიქოლოგიაზე – იურიდიული ფსიქოლოგია“; „სიძულვილის ენა და თანასწორობა“, „სამართალი და ფილოსოფია“, „ბავშვთა უფლებები“; “ქურდული სამყაროს წევრობა და მასთან კავშირი” და სხვა მრავალი. 2016 წელს ვიყავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტელექტუალურ თამაშ „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გუნდის კაპიტანი. 15.02.16 – 15.08.16  გავდიოდი ფაკულტეტზე არსებული  „სამართლის კლინიკის სტაჟირებას“; 2017 წელს ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოვაციოს“ სტაჟიორი.

  1. რა წვლილი შეაქვს ფაკულტეტს თქვენს განვითარებაში

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა ჩემს განვითარებაში დიდი როლი შეასრულა, ამ ფაკულტეტის წყალობით მომეცა შესაძლებლობა მიმეღო ჩემი მომავალი პროფესიული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და განათლება, ასევე ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც  ნებისმიერი იურისტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

  1. რატომ შეაჩერეთ არჩევანი სტუ-ზე?

ძალიან მომწონს ჩვენი უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული, პროექტები, სწავლის მეთოდები და აქტივობები, რომლებსაც მუდმივად გვთავაზობენ სტუდენტებს. ჩემი არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე იმიტომ შეჩერდა, რომ მქონდა ინფორმაცია მისი სამართლის სკოლის კარგი სწავლების შესახებ და აქ მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმზე.

  1. რადგან აკადემიური პერსონალი ახსენეთ, გვიამბეთ მათზეც ორიოდე სიტყვით.

მე მოხარული ვარ რომ შეხება მაქვს ისეთ აკადემიურ პერსონალთან, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ შეგვასწავლონ საგანი და მიზანმიმართული არიან ჩვენი ცნობიერების ამაღლებაზე. ისინი გვაწვდიან, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც დაუგროვდათ მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მანძილზე.

  1. გარდა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული აქტივობისა კიდევ რითი ხართ დაკავებული?

2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ვიყავი 94-ე საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბ ,,მაძიებლის” ლიდერი, აქტიურად ვმონაწილეობდით სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტში.  ვიყავი  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ახალგაზრდული  ფორუმი 2013 წლის გამარჯვებულები, მივიღე დაფინანსება საბავშვო ტელევიზიის ,,ენკი-ბენკისაგან”.გვქონდა საქველმოქმედო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლში ,,მშობელთა ხიდი“ .2013 წელს ვიყავი 94-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში კომისიის წევრი; ვმონაწილეობდი იუსტიციის სახლში გამართულ ლიდერთა სკოლის პროექტში. იყო საინტერესო შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.

  1. ფაკულტეტი მსგავსი სახით ახალი ჩამოყალიბებულია, რა აზრის ხართ ამაზე?

მოხარული ვარ, რომ შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი რადგან მეტად მოგვეცა სტუდენტებს აქტიურობის საშუალება, უფრო  განვითარდა ფაკულტეტი და საკმაოდ მოკლე ხანში შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი და ჯანსაღი კონკურენციის გაწევა სხვა უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტებთან, რომლებიც უკვე დიდი ხანია ამ სახელით მოღვაწეობენ. გამოყოფის შემდეგ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მათ შორის დაიგეგმა შეხვედრები დამსაქმებლებთან. რაც მთავარია ფაკულტეტი არის ყველასთვის ღია და გახსნილი.

  1. დღეს რომ აბიტურიენტი იყოთ, როგორი იქნებოდა თქვენი არჩევანი?

მოვიქცეოდი ისე, როგორც ოთხი წლის წინ, აუცილებლად ავირჩევდი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, კიდევ უფრო მეტი დაინტერესება მექნებოდა მისი ბოლოდროინდელი პროექტებიდან და აქტივობებიდან გამომდინარე. ფაკულტეტი შესაძლებლობას გვაძლევს სტუდენტებს პროფესიული წინსვლისა და განვითარებისთვის, გაფორმებულია არაერთი მემორანდუმი დამსაქმებლებთან, სტუდენტებს გვაქვს საშუალება გავიაროთ სტაჟირება საჯარო სამსახურებში. ასევე იგი ყოველთვის მზადაა დაგვიფინანსოს ჩვენს მიერ წარდგენილი იდეეები და პროექტები, რომლებიც ემსახურება ჩვენს პროფესიულ განვითარებას

მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ფაკულტეტის დეკანს ბატონ ირაკლი გაბისონიას და მის მოადგილეს ბატონ ჯემალ გაბელიას ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენი გვერდში დგომისთვის და იმ თავდაუზოგავი შრომისათვის რომელსაც ისინი ფაკულტეტის წინსვლისა და განვითარებისთვის ეწევიან.

გამოიცა წიგნი „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებებისა ფაკულტეტისა და  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში დავით სოლომნიშვილის ავტორობით გამოიცა წიგნი „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“.

აღნიშნულ წიგნში განხილულია ცნობილი ქართველი იურისტის _ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ყურადღება გამახვილებულია ქართული იურისპრუდენციის ისეთ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანწილად პასუხობს გასული საუკუნის სამართლებრივი, კულტურული, სოციალური ყოფა-ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს.  დავით სოლომნიშვილის დამხმარე სახელმძღვანელო „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“ გამოცემულია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით.

პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდა

2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია და თავმჯდომარის მოადგილე მირიან ხარაბაძე შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესში პრაქტიკოსების რეკომენდაციების მოსმენის აუცილებლობას და სასწავლო, პროგრამებში, სილაბუსებში მათი რჩევებისა და მოსაზრებების ასახვას.

შეხვედრას უძღვებოდა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც სთხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს სტუდენტებისათვის მცირედი მოხსენება გააკეთებინა.

როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ აღნიშნა, მისი უწყებისთვის მეტად მნიშვნელოვანია სტუდენტებთან და სასწავლო დაწესებულებებთან მყარი კავშირის დამყარება, სწორედ ამიტომ მიესალმება ფაკულტეტის ორგანიზებულ პროექტს „შეხვდი დამსაქმებელს“. თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აღსრულების კოდექსის კანონპროექტზე და  განხორციელებულ თუ სამომავლო რეფორმებზე.

სტუდენტების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა აღსრულების ეროვნული ბიუროს იურისტი ეკატერინე ახალკაცი, რომელმაც გააცნო სტუდენტებს აღსრულების სისტემასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები, მოვალეთა რეესტრისა და კერძო აღსრულებასთან დაკავშირებული ასპექტები, ასევე, ყურადღება გაამახვილა  ელექტრონულ აუქციონთან და გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ გამოითქვა წინადადება ფაკულტეტზე ისწავლებოდეს „აღსრულების სამართალი“, რომელიც უკეთ მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას აითვისონ აღსრულების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, თავმჯდომარემ გაამახვილა ყურადღება აღსრულების ბიუროში დასაქმებისა და სტაჟირების შესახებ, მოუწოდა სტუდენტებს გამოიყენონ შესაძლებლობა და მიმართონ ბიუროს განაცხადით, რათა ისინი დასაქმდნენ სამომავლოდ .

შეხვედრა ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს, რაც სტუდენტებმა მაქსიმალურად გამოიყენეს და დასვეს არაერთი შეკითხვა აღსრულების მექანიზმების, წარმოების, მოვალეთა რეესტრის, ელექტრონული აუქციონისა და სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრა შეაჯამა  სტუ-ს სპიკერმა, პროფესორ ჯემალ გახოკიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბიუროს თავმჯდომარეს მობრძანებისთვის და ორიოდე სიტყვით შეაფასა აღსრულების სისტემა საქართველოში.

 

გიორგი გორაძე საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა

სტუ-ის სამართლისა და საერთშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა. როგორც სრულუფლებიანი წევრი, იგი მიწვეულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ მრგვალ მაგიდაზე ქალაქ შანხაიში (ჩინეთი) ამა წლის აპრილში და საკონსტიტუციო სამართლის მსოფლიო კონგრესზე, რომელიც იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. მიმდინარე წელს აღნიშნული კონგრესი ჩატარდება ივნისის მეორე ნახევარში ქალაქ სეულში (სამხრეთ კორეა).

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს გიორგი გორაძეს ამ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას

 

Download (PDF, Unknown)

სტუდენტთა აქტივობები ოჯახში  ძალადობის სასწავლო კურსის ფარგლებში

 

15 თებერვალს ოჯახში ძალადობის სასწავლო კურსის ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით სასწავლო კურსის სტუდენტები იმყოფებოდნენ ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. თავშესაფრის თანამშრომელმა სტუდენტებს დაათვალიერებინეს შენობა. დაწვრილებით გააცნეს თავშესაფარში განთავსების პირობები და ის აქტივობები, რომლებიც თავშესაფრის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის ხორციელდება.

ასევე, 10 თებერვალს ოჯახში ძალადობის სასწავლო კურსის ფარგლებში სამართლისა  და  საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით აღნიშნული სასწავლო კურსის სტუდენტები იმყოფებოდნენ თეატრში სპექტაკლზე “ირინეს ბედნიერება”, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახში ძალადობის თემატიკას.

აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია:

Ø ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში;
Ø სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ;
Ø სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø სტუდენტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

კლინიკის ორგანიზებით უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან, რომლებიც 1 თვის განმავლობაში გაივლიან მოსამზადებელ ტრეინინგს.
ტრეინინგების შემდგომ სტუდენტები დაიყოფიან გუნდებად და გადაინაწილებენ როლებს.

აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი თემატური აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს შესასწავლი მასალის უკეთ ათვისებას.
კურსს უძღვება მოწვეული ტრენერი, საიას პროექტის “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით” კოორდინატორი ნინო ჩიხლაძე.

 

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აცხადებს ესსეების კონკურსს შემდეგი მიმართულებებით:

  1. სამართალი
  2. საერთაშორისო ურთიერთობები

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის სამართლის  და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

  • ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
  • თითოეულ ნაშრომს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი (თანაავტორობით დაწერილი ნაშრომები არ მიიღება);
  • თითოეული ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე.

წარმოდგენილი ესსე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს:

  • მოცულობა: არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 2500 სიტყვისა
  • ძირითადი ტესქტისა და სქოლიოების შრიფტი: Sylfaen
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტი – 9;
  • ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1.15
  • გვერდების საზღვრები – 1.9 სმ

წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. შინაარსის შესაბამისობა სათაურთან
  2. თემის აქტუალობა
  3. აზრის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის სტილი
  4. საკითხის ავტორისეული შეფასება (ინდივიდუალური ხედვა)
  5. ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა
  6. ციტირების ტექნიკა
  7. გამოყენებული ლიტერატურის მრავალფეროვნება

 

კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო, კერძოდ:

  • 1-ლი ადგილი – 1000 ლარი
  • მე-2 ადგილი – 600 ლარი
  • მე-3 ადგილი – 300 ლარი

გამარჯვებული მონაწილეების ესსეები გამოიცემა კრებულის სახით.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ 15 მარტამდე შემდეგ და ესსეები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე : publiclaw@gtu.ge

 

 

 

 

 

 

 

შეხვდი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს

 

2018 წლის 16 თებერვალს 15:00 საათზე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ შეხვდი დამსაქმებელს ფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია.