2018 წლის 8 ნოემბერს სტუ–ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ცნობილმა გერმანელმა დიპლომატმა, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეც–წარმომადგენელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივები საქართველოში“
ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელიც მიესალმა სტუმრებს წარუდგინა ისინი დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა მათ მობრძანებისათვის.
ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თავმჯდომარე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე.
გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეც–წარმომადგენელმა საქართველოში, დიპლომატმა დიტერ ბოდენმა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ისაუბრა კონფლიქტების გადაჭრის გზებზე, მიმოიხილა წარსული და ყურადღება გაამახვილა არსებული კონფლიქტების დარეგულირების პერსექტივებზე საქართველოს მაგალითზე. სტუმარმა ასევე აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. მათ შორის, „ბოდენის გეგმის“ შესახებ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილმა ანალიტიკოსმა, რომის გეოპოლიტიკისა და დამხმარე მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევარმა ფაბრიციო ვილინმა მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ადმინისტრაციას მოწვევისათვის და მის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგორ კვესელავა, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, პროფესორი მაია ყიფიანი, მენეჯერი ანა ფუტკარაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ღონისძიება შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ.