თეიმურაზ დარსანიას მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა.

 

2017  წლის 8 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახლაგაზრდა მეცნიერის, ასოცირებული პროფესორის თეიმურაზ დარსანიას მონოგრაფიის „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მცდელობისათვის“ პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა.

აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხვია გვარამია, სტუ-ს სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ჯემალ ჯანაშია, პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი, აგრეთვე ჩვენი და სოხუმის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

პრეზენტაცია-განხილვა გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაკულტეტის მიზნებს . კერძოდ იმას, რომ  აღმოუჩინოს დახმარება და გამოიჩინოს მხარდაჭერა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებისადმი. მან შეაფასა მონოგრაფია, წამოაყენა საკუთარი შეფასებები და წარმატებები უსურვა. გამოთქვა იმედი, რომ თეიმურაზ დარსანიას სამეცნიერო მოღვაწეობა მხოლოდ ახლა იწყება და იგი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული პროფესორი.

სიტყვა გადაეცა სტუ-ს სპიკერ ჯემალ გახოკიძეს, მან გაიხსენა თეიმურაზ დარსანიას სადოქტორო თემის დაცვა, შეაქო იგი განხორციელებული შრომისთვის, ორიოდე სიტყვით შეეხო მის პიროვნულ თვისებებს და უსურვა შემდგომი წარმატებები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა პროფესორ ვეფხვია გვარამიამ პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა სტუ-ს ადმინისტრაციას, ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და უშუალოდ პროფესორ ირაკლი გაბისონიას, რომ მაქსიმალურად ახალი ენერგიითა და ძალისხმევით ხდება საგანმანათლებლო ბაზარზე ერთ-ერთი  კონკურენტუნარიანი ფაკულტეტის ჩამოყალიბება. ასევე, მადლობა გადაუხადა ამ პრეზენტაციის მოწყობისათვის და გაიხსენა როგორც თემურ დარსანიას სტუდენტობა, ასევე, ერთობლივი თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი.

საკუთარი მოსაზრებები წამოაყენეს პროფესორებმა ჯემალ ჯანაშიამ და მიხეილ მამნიაშვილმა. მიმოიხილეს მონოგრაფიაში განხილული სამართლებრივი საკითხები, შეაფასეს ნაშრომის მეთოდიკა, სქემა, ხაზი გაუსვეს ლიტერატურის ნუსხას, მათ შორის, უცხოურ და ქართულ ლიტერატურას.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტმა ლიკი ნაცუხრიშვილმა გაიხსენა თეიმურაზ დარსანიას სტუდენტობის პერიოდი,  ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება მის მიმართ.  გაიმართა ჯანსაღი პოლემიკა მონოგრაფიის ირგვლივ, სტუდენტებმა წამოაყენეს საკუთარი პოზიციები და უდიდესი მადლიერება გამოხატეს მათი ლექტორისადმი.

შეხვედრის დასასრულს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა მადლობა მოახსენა სტუმრებს მობრძანებისთვის, სტუდენტებს აქტიურობისთვის და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი აზრი ფაკულტეტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მეტი შრომისკენ მოუწოდა ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც ფაკულტეტი თავის მხრივ გაუწევს დახმარებას, რაც იქნება მათი წინსვლის გარანტი.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply