იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრა სტუდენტებთან

2018 წლის 26 აპრილს  სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მოწვევით  იტალიის ელჩი საქართველოში  ანტონიო ენრიკო ბარტოლი შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო-იტალიის ურთიერთობები“

შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ელჩს მობრძანებისთვის და მცირედი საჩუქრები გადასცა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სახელით.

იტალიის ელჩს საქართველოში მიესალმა სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ს კანცლერი, პროფესორი ქეთი ქოქრაშვილი.

პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ იტალიის ელჩს გააცნო იმ თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ამყარებს რომის „ლა საპიენსას“ და „ლინქ-ქამფუს“ უნივერსიტეტებთან და მოიწვია აღნიშნული უნივერსიტეტებისა და სტუ-ს მიერ ერთობლივად დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც 15-18 მაისს გაიმართება.

იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლმა ჩაატარა  ლექცია საქართველო-იტალიის ურთიერთობების შესახებ, ისაუბრა იტალიის სამართლებრივი კულტურის თაობაზე და  სტუდენტებს გააცნო იტალიის საელჩოს  მიერ დაწესებული სტიპენდიები, რომლის მოპოვებაც შეუძლიათ, როგორც მაგისტრებს ასევე, დოქტორანტებს.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იგორ კვესელავამ იტალიის ელჩს გააცნო ფაკულტეტის ახალი ხედვა ინჟინერ-იურისტის  სასწავლო პროგრამის დამკვიდრების  შესახებ.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნათია ლაცაბიძემ და დოქტორანტმა ნათია სულავამ, ასევე, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს იტალიის ელჩს საქართველოში და საინტერესო და ამომწურავი პასუხები მიიღეს ანტონიო ენრიკო ბარტოლისგან.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply