გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
- გთხოვთ, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი.
პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ რუბრიკის შექმნა, ვფიქრობ, ეს დამატებით მოტივაციას მისცემს სტუდენტებს და, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ, რომ ჩამთვალეთ ღირსად მე ვყოფილიყავი თქვენი პირველი რესპოდენტი. მე ვარ თამარ ბარამია, ამჟამად ვსწავლობ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
- რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი?
გულწრფელად გითხრათ, აბიტურიენტობის პერიოდში დიდად არ მიფიქრია იმაზე, თუ რომელი უნივერსიტეტი უნდა ამერჩია, ჩემთვის პრიორიტეტი იყო ჩამებარებინა სახელმწიფო უნივერსიტეტში და რაც მთავარია სამართალის სპეციალობაზე. მაგრამ, უნდა ვაღიარო სტუ პირველ ადგილს იკავებდა ჩემს მიერ არჩეულ უნივერსიტეტებს შორის, შესაბამისად, აქ ჩარიცხვა ძალიან გამიხარდა.
- რით იყო საინტერესო სტუ-ს სტუდენტური ცხოვრება ?
2012 წელს ჩავირიცხე სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე- ბაკალავრიატში, 2016 წელს ჩავაბარე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურაში. მართალი გითხრათ, ჩემთვის სტუ-ს კედლები უფრო თბილი აღმოჩნდა. პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია ცოდნა, რასაც ხელი შეუწყო ფაკულტეტზე მომუშავე მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლებმა, რომლებიც ორიენტირებულნი არიან იმაზე, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიეცათ სტუდენტებისთვის. ასევე, სასწავლო პროცესიდან გამომდინარე ფაკულტეტის მხარდაჭერით გავიარე პრაქტიკა ქ. თბილისის მერიაში, შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში და ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.
- ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ რომელ ღონისძიებას გამოყოფდით?
ფაკულტეტის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა არაერთი სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის ღონისძიება, მათ შორის, ჩემთვის მეტად საინტერესო იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი მოსამართლეების მიერ ჩატარებული საჯარო ლექციები, ასევე, ძალიან ეფექტური და მრავლის მომცემი იყო გერმანული დელეგაციის ვიზიტი, როდესაც ჩატარდა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია.
- უნივერსიტეტი ახორციელებს საჯარო ლექციათა ციკლს, რამდენად ასრულებს თავის მიზანს ეს ლექციები?
როგორც ვიცი, აღნიშნული ხორციელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ინიციატივით და მხარდაჭერით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს საჯარო ლექციები ძალიან საინტერესოა სტუდენტებისათვის, ვინაიდან, ხდება მათი თვალსაწიერის გაფართოება, ახალი ინფორმაციის მიღება-დამუშავება, სტუდენტები ყოველთვის აქტიურად ესწრებიან ამ ლექციებს, ინტერესდებიან მოწვეული პროფესორების მიერ შემოთავაზებული თემებით. მოხარული ვიქნები, თუკი მსგავსი ხასიათის ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება,
- როგორც ვიცით, ერთი წელი შესრულდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?
პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით და ძალისხმევით ჩამოყალიბდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, იგი შეიქმნა სამართლის სკოლის ბაზაზე, რომელმაც თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა. ადრე არსებობდა ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელიც თავის მხრივ გარკვეულ გაუგებრობას ქმნიდა, ვინაიდან, ამ სახელწოდებას არაფერი ჰქონდა საერთო სამართალთან.
მახსოვს, სტუდენტებისათვის ფაკულტეტის შექმნას როგორი ემოციური დატვირთვა ჰქონდა, ყველა სტუდენტი ერთხმად უჭერდა მხარს პროფესორ ირაკლი გაბისონიას და მის თანამოაზრეებს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
- რას გვეტყვით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესახებ?
აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე არიან ისეთი პროფესორები, რომლებიც ცნობილნი არიან სამეცნიერო საზოგადოებაში და პრაქტიკულ მოღვაწეობაში, მათ მიერ აღზრდილია არაერთი თაობის სტუდენტი. ასევე, ფაკულტეტზე არიან ახალგაზრდა მეცნიერ-პროფესორები, რომლებიც თავიანთი ენთუზიაზმით და შემართებით ცდილობენ სტუდენტს მაქსიმალურად მიაწოდონ ცოდნა. ყველა ლექტორთან, სემინარის ხელმღვანელთან ჩემი სასწავლო საქმიანობა ყალიბდებოდა ერთობლივი სურვილით, პატივისცემით და სამომავლო მეცნიერული თანამშრომლობის იმედით.
- წარმოიდგინეთ, რომ ახლა ხართ აბიტურიენტი, აირჩევდით თუ არა სტუ-ს და რითი იქნებოდა ეს განპირობებული?
გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ჩემი არჩევანი უცვლელად დარჩებოდა. ერთადერთი რამ რასაც შევცვლიდი უფრო აქტიური სტუდენტი ვიქნებოდი, რადგან დღეს ფაკულტეტი სტუდენტს ათას შესაძლებლობას სთავაზობს. წავიდოდი გაცვლითი პროგრამით ევროპის რომელიმე ქვეყანაში, რადგან ფაკულტეტს აქვს ეს შესაძლებლობა, უფრო მეტ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას. ორი სიტყვით რომ გითხრათ, გამოვიყენებდი ყველა შესაძლებლობას და ახლა უფრო მეტად წარმატებული ვიქნებოდი ვიდრე ვარ.
- ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?
გეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ ფაკულტეტზე ყველაფერი კეთდება სტუდენტის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება უფრო მეტის გაკეთება.ამას ალბათ დროც სჭირდება, სასწავლო თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ ვიტყვი უარყოფითს, მაგრამ ტექნიკურ მხარეზე თუ ვისაუბროთ, მაგალითად, ჩვენს სასწავლო კორსპუსთან არ არის შესაბამისი აბრა გამოკრული თუ რა ფაკულტეტებია განთავსებული მე-6 კორპუსში, მახსოვს, გაკეთდა ძალზედ კარგი წარწერა, თუმცა მალევე ჩამოხსნეს, რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია სტუდენტებს შორის, არაერთხელ მივედით დეკანთან, მან გვითხრა, რომ ამაზე განგაში არ აგვეტახა და შეგვპირდა რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლებოდა.
- მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?
ძალიან ძნელია, მოკლედ გიამბოთ ის, რასაც ფაკულტეტის ხელმძღვანელობა და უშუალოდ დეკანი და სხვები აკეთებენ. სტუდენტს აქვს შესაძლებლობა სასწავლო ხასიათის ლექცია-სემინარების გარდა, სამეცნიერო საქმიანობაში ჩაერთოს, სხვადასხვა ღონისძიებებში, საზაფხულო სკოლებსა და იმიტირებულ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. ასევე, ფაკულტეტი აქტიურად აფინანსებს იმ სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო ხასიათის ტრენინგებში, კონფერენციებში. ჩემი ინფორმაციით, ათეულობით სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთ ფაკულტეტის დაფინანსებითა და მხარდაჭერით.
- რამდენად დიდია თქვენს წარმატებაში ფაკულტეტის როლი?
როგორც იტყვიან, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ფაკულტეტზე განხორციელებული რეფორმების ტალღას მოვყევი, რამაც დადებითი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში ორჯერ მოვიპოვე პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია, მაგისტრატურაში სწავლისას კი ქ. ბათუმის მერიის მიერ დაწესებული ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია, რომელზეც ასევე უნივერსიტეტმა წარმადგინა.
- რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?
რასაკვირველია, პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ტექნიკურ უნივერისტეტში. ფასდაუდებელია მისი როლი, ფაკულტეტის ჩამოყალიბების საქმეში. ასევე, მადლობას გამოვთქვამ ჩემი და სხვა სტუდენტების მხარდაჭერისთვის.
- დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით წლევანდელ პირველკურსელებს?
მათ უბრალოდ ვეტყვი, რომ შეაღონ ყველა კარი, გამოიყენონ მაქსიმალურად შესაძლებლობა, მოითხოვონ ის რაც ეკუთვნით, ბოლომდე დაიხარჯონ და მიიღონ სასურველი. ფაკულტეტზე ყველა სტუდენტს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა გაესაუბრონ დეკანს, გაუზიარონ მას საკუთარი შეხედულებები, რაც ძალიან მომწონს, ეს უშუალო, ადამიანური დამოკიდებულებები ხელს უწყობს სტუდენტებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლობ სოციალური პროექტებით, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება ისეთ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება დაფარონ სწავლის საფასური.