გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ ლია ნაცუხრიშვილს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსზე.
- მოგესალმებით ლია, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი
მოგესალმებით, მე გახლავართ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, ლია ნახუცრიშვილი.
- რას გვეტყით თქვენი სტუდენტური ცხოვრების შესახებ?
სტუდენტური ცხოვრება ძალიან საინტერესო აქტიური და დაუვიწყარი იქნება ჩემთვის რადგან, შევისწავლე სხვადასხვა უნარ-ჩვევები, მივიღე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამა თუ იმ საგნისა და შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი და კარგი ადამიანი.
- როგორია სტუ-ს სტუდენტური ცხოვრება?
უნივერსიტეტში შემოსვლის დღიდან მაქსიმალურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტში, მათ შორის არაერთ იმიტირებულ პროცესში მაქვს მონაწილეობა მიღებული უნივერსიტეტის სახელით. ასევე ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტრენინგებში: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი – სიახლეები და გამოწვევები“; „გენდერული თანასწორობა“; „საუბრები ფსიქოლოგიაზე – იურიდიული ფსიქოლოგია“; „სიძულვილის ენა და თანასწორობა“, „სამართალი და ფილოსოფია“, „ბავშვთა უფლებები“; “ქურდული სამყაროს წევრობა და მასთან კავშირი” და სხვა მრავალი. 2016 წელს ვიყავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტელექტუალურ თამაშ „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გუნდის კაპიტანი. 15.02.16 – 15.08.16 გავდიოდი ფაკულტეტზე არსებული „სამართლის კლინიკის სტაჟირებას“; 2017 წელს ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოვაციოს“ სტაჟიორი.
- რა წვლილი შეაქვს ფაკულტეტს თქვენს განვითარებაში
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა ჩემს განვითარებაში დიდი როლი შეასრულა, ამ ფაკულტეტის წყალობით მომეცა შესაძლებლობა მიმეღო ჩემი მომავალი პროფესიული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და განათლება, ასევე ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც ნებისმიერი იურისტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- რატომ შეაჩერეთ არჩევანი სტუ-ზე?
ძალიან მომწონს ჩვენი უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული, პროექტები, სწავლის მეთოდები და აქტივობები, რომლებსაც მუდმივად გვთავაზობენ სტუდენტებს. ჩემი არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე იმიტომ შეჩერდა, რომ მქონდა ინფორმაცია მისი სამართლის სკოლის კარგი სწავლების შესახებ და აქ მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმზე.
- რადგან აკადემიური პერსონალი ახსენეთ, გვიამბეთ მათზეც ორიოდე სიტყვით.
მე მოხარული ვარ რომ შეხება მაქვს ისეთ აკადემიურ პერსონალთან, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ შეგვასწავლონ საგანი და მიზანმიმართული არიან ჩვენი ცნობიერების ამაღლებაზე. ისინი გვაწვდიან, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც დაუგროვდათ მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მანძილზე.
- გარდა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული აქტივობისა კიდევ რითი ხართ დაკავებული?
2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ვიყავი 94-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,მაძიებლის” ლიდერი, აქტიურად ვმონაწილეობდით სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტში. ვიყავი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ახალგაზრდული ფორუმი 2013 წლის გამარჯვებულები, მივიღე დაფინანსება საბავშვო ტელევიზიის ,,ენკი-ბენკისაგან”.გვქონდა საქველმოქმედო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლში ,,მშობელთა ხიდი“ .2013 წელს ვიყავი 94-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში კომისიის წევრი; ვმონაწილეობდი იუსტიციის სახლში გამართულ ლიდერთა სკოლის პროექტში. იყო საინტერესო შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.
- ფაკულტეტი მსგავსი სახით ახალი ჩამოყალიბებულია, რა აზრის ხართ ამაზე?
მოხარული ვარ, რომ შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი რადგან მეტად მოგვეცა სტუდენტებს აქტიურობის საშუალება, უფრო განვითარდა ფაკულტეტი და საკმაოდ მოკლე ხანში შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი და ჯანსაღი კონკურენციის გაწევა სხვა უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტებთან, რომლებიც უკვე დიდი ხანია ამ სახელით მოღვაწეობენ. გამოყოფის შემდეგ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მათ შორის დაიგეგმა შეხვედრები დამსაქმებლებთან. რაც მთავარია ფაკულტეტი არის ყველასთვის ღია და გახსნილი.
- დღეს რომ აბიტურიენტი იყოთ, როგორი იქნებოდა თქვენი არჩევანი?
მოვიქცეოდი ისე, როგორც ოთხი წლის წინ, აუცილებლად ავირჩევდი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, კიდევ უფრო მეტი დაინტერესება მექნებოდა მისი ბოლოდროინდელი პროექტებიდან და აქტივობებიდან გამომდინარე. ფაკულტეტი შესაძლებლობას გვაძლევს სტუდენტებს პროფესიული წინსვლისა და განვითარებისთვის, გაფორმებულია არაერთი მემორანდუმი დამსაქმებლებთან, სტუდენტებს გვაქვს საშუალება გავიაროთ სტაჟირება საჯარო სამსახურებში. ასევე იგი ყოველთვის მზადაა დაგვიფინანსოს ჩვენს მიერ წარდგენილი იდეეები და პროექტები, რომლებიც ემსახურება ჩვენს პროფესიულ განვითარებას
მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ფაკულტეტის დეკანს ბატონ ირაკლი გაბისონიას და მის მოადგილეს ბატონ ჯემალ გაბელიას ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენი გვერდში დგომისთვის და იმ თავდაუზოგავი შრომისათვის რომელსაც ისინი ფაკულტეტის წინსვლისა და განვითარებისთვის ეწევიან.