ნარკოსიტუაცია საქართველოში და ზოგიერთი მოსაზრებები ქართული ნარკოპოლიტიკის პრობლემებზე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 16 მაისს ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე ,,მსოფლიო ნარკოპოლიტიკა და საქართველოს ნარკოსტრატეგიის აქტუალური საკითხები“, რომელშიც მონაწილეობას  მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვანი ექსპერტები ღებულობდნენ, მათ შორის გერმანიის მაქს-პლანკის  მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ბატონი ჰანს იორგ ალბრეხტი, სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის პროფესორი სელმან დურსუნი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის უფროსი პროფესორი კამილ სალიმოვი, ბურიატიის (ულან უდე) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ელვირა რადაევა და ასევე ქართველი ექსპერტები.

კონფერენციის მონაწილენი ერთსულოვანნი იყვნენ, იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარება ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, რომელნიც ავადმყოფები არიან და როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს ამ კონტიგენტთან სისხლის სამართლის წესით რეპრესიის გამოყენება არ იძლევა სასურველ შედეგს და არ უწყობს ხელს ნარკოვითარების გაუმჯობესებას.

კონფერენციის მონაწილეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ  ნარკოტიკების მომხ-მარებლების მიმართ  ჰუმანურ პოლიტიკას უნდა შევუწყვილოთ უმკაცრესი, დამოკიდებულება ნარკოტიკების გამსაღებლების და  ნარკოტრანზიტში ჩართული პირების მიმართ, რისთვისაც აუცილებელია მკაცრი, შემტევი და შედეგზე ორიენტირებული  საკანონმდებლო ნორმების და სხვა რეგულაციების შემუშავება.

კონფერენციაზე,  როგორც უცხოელი ასევე ქართველი ექსპერტების მიერ მრავალი საინტერესო რეკომენდაციები და წინადადებები გამოითქვა. გადავწყვიტეთ  მოგაწოდოთ  ამ წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიტიკური მიმოხილვა.

ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში არსებული უმძიმესი ნარკოტიკული სიტუაციიდან გამომდინარე ეს საკითხი აყვანილ უნდა  იქნას ეროვნული უსაფრთხოების რანგში და მასთან ბრძოლა უნდა განისაზღვროს, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

საქართველოში ამ ეტაპზე ნარკოსიტუაციის გაჯანსაღების მიზნით,  როგორც გადაუდებელი  ამოცანა მიგვაჩნია შემდეგი:

  პირველი − ნარკომანიასთან ბრძოლა საქართველოში შექმნილი ნარკოსიტუაციიდან გამომდინარე (რაშიც კიდევ უფრო დაგვარწმუნა ბოლო დროის მოვლენებმა) ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანაა. ასეთ ვითარებაში, თუ როგორი ნარკოპოლიტიკა და ნარკოკანონმდებლობა უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში ეს უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ  პლებისტიცის გზით და არა რომელიმე დაინტერესებულმა ჯგუფმა, თუნდაც სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო სტრუქტურამ, კარგი იქნებოდა თუ ამას მიუსადაგებდით საპრეზიდენტო არჩევნებს (სხვათაშორის აშშ-ში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რამდენიმე შტატმა პარალელურად ჩაატარა რეფერენდუმი მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით), ხოლო იტალიამ ჯერ კიდევ  1993 წელს ეს საკითხი რეფერენდუმის გზით გადაწყვიტა.

როგორც ჩანს შექმნილი პოლიტიკური და ნარკოსიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა. ასეთ ვითარებაში ის მაინც შევძლოთ, რომ ჩავატაროთ ნეიტრალური ჯგუფებით ან პირიქით დაინტერესებულ მხარეთა ერთობლივი ჯგუფებით (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით) საქართველოს ყველა რეგიონში (დიდ ქალაქებში) სოციოლოგიური გამოკვლევა ნარკოპოლიტიკასა და ნარკოკანონმდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის რაც შეიძლება გასაგებ ენაზე. კანონი, რომელიც ქცევის წესებს ადგენს ყველაფერთან ერთად  ზნეობრივიც უნდა იყოს და ეს შეუძლებელია მოსახლეობის ნების შესწავლის გარეშე ნებისმიერ კანონთან მიმართებაში მითუმეტეს ნარკოკანონმდებლობასთან  დაკავშირებით.

მეორე − სავალალო მდგომარეობაა ნარკომომხმარებლების მკურნალობასთან დაკავშირებით. საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს სახელმწიფო ვერ უწევს სათანადო მკურნალობას. ამ საქმით ძირითადად დაკავებული არიან კერძო კლინიკები და იქ მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება.  ნარკოტიკებზე ღრმად დამოკიდებულ პირებს ურჩევნიათ სამკურნალო ფულით ისევ ნარკოტიკი შეიძინონ. ამიტომ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩათვალოს, როგორც გადაუდებელი აუცილებლობა საქართველოში ანტინარკოტიკული სამკურნალო და სარეაბილიტაციო სისტემის შექმნა.  ასეთი სამკურნალო ცენტრები უნდა განლაგდეს (როგორც ამას მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს ნარკოტიზმით ყველაზე მეტად დაზიანებულ რეგიონებში). ასეთ დაწესებულებებში მკურნალობა მიუხედავად იმისა, რომ მათი ფუნქციონირება და შენახვა ძვირადღირებული სერვისია, როგორც წესი   უნდა იყოს უფასო. სახელმწიფომ უნდა გამონახოს სახსრები და შექმნას დიდი ნდობით აღჭურვილი ასეთი ტიპის მრავალთვიანი სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრები, ამისათვის სხვადასხვა ფონდებმაც უნდა შეიწუხონ თავი. ამ ცენტრებში მკურნალობას გაივლიან აფხაზებიც და ოსებიც, რამეთუ ისინიც ჩვენი შვილები არიან. ყველა მონაცემებით ამ განდგომილ რეგიონებში საშიში ნარკოსიტუაციაა შექმნილი და იქ ანტინარკოტიკული მკურნალობა თითქმის  არ არსებობს.

       მესამე − განათლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სამინისტროს ლაიტმოტივი უნდა იყოს მოზარდი და ახალგაზრდა თაობის ანტინარკოტიკული ფსიქოლოგიით აღზრდა და სწავლება. ასეთი მუშაობა და ანტინარკოტიკული სპეციალური სწავლება სკოლანდელ  დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორგანიზებულ და სისტემურ ხასიათს უნდა ატარებდეს, რისთვისაც ანტინარკოტიკული სწავლება მათი სასწავლო პროგრამის შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს.

       მეოთხე – რადგან საქართველო უკვე მყარად ჩამოყალიბდა, როგორც ნარკოტიკების საერთაშორისო სატრანზიტო სივრცის შემადგენელი ნაწილი, აუცილებელია მუდმივი და აქტიური თანამშრომლობა ამ პრობლემებთან მებრძოლ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხოლო ნარკოტიკების მწარმოებელ და მის სატრანზიტო  სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებების დადება.

       მეხუთე – თუ გადავხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას, ნარკოტიკების ექიმის  დანიშნულების გარეშე მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შენახვისათვის დასჯის საკითხებზე,  რაც ასე აქტუალურია საქართველოსათვის, შესაძ-ლებელია  გამოყენებული იქნეს სასჯელის ე.წ. ალტერნატიული ფორმები, რომელიც გულისხმობს სამედიცინო და ფსიქო-სოციალური ღონისძიებების კომპლექსის გამოყენებას  პირების მიმართ, რომლებმაც გამოთქვეს ნებაყოფლობითი მკურნალობის სურვილი. ასე მაგალითად ბელგიური  კანონმდებლობით შესაძლებელია სასჯელის განსაზღვრა პირობითად ან აღსრულების გადავადებით პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში და ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით მომდევნო  სამართალდარღვევის დროსაც  თუ ნარკოტიკების მომხმარებელი პირი თანახმაა მკურნალობაზე. საინტერესოა თურქეთის კანონმდებლობა, რომლის უმთავრესი არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ნარკომომხმარებელი ნებაყოფლობით აცხადებს თანხმობას მკურნალობაზე თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. მკურნალობის პროცესი კონტროლის სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით.

       მეექვსე – ნარკომანია – სოციალური, უპირატესად ჯანმრთელობის პრობლემაა. ზოგადად წამალდამოკიდებულების გავრცელების ტენდენციის შემცირების ორი ძირითადი ასპექტი არსებობს. პირველი –  ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის შემცირება, რაც  ადმინისტრაციული ორგანოების პრეროგატივაა  და – მეორე ნარკოტიკებზე მოთხოვნილების შემცირება, რაც  მეტად რთული და კომპლექსური საკითხია და მოითხოვს შესაბამისი უწყებების და სამინისტროების ერთობლივ მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე  გათვლილ მრავალმხრივ ღონისძიებათა პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას.

ამ საკითხებს ესაჭიროება საზოგადოების მოტივირებული ნაწილის მხარდაჭერა, ამ საქმის პროფესიონალების და უწყებების  ძალისხმევის სწორი მართვა და კოორდინაცია. ამის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, შემოღებულ იქნეს სპეციალურად პრემიერ-მინისტრის თანაშემწის (სპეციალური მრჩევლის) ინსტიტუტი ნარკოუსაფრთხოების საკითხებში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მუდმივი მონიტორინგი პროგრამის სრული მოცულობით, მისი ყველა მიმართულებით განსახორციელებლად. სამთავრობო პროგრამა უნდა მოიცავდეს ღონისძიებათა კომპლექსის ფართო სპექტრს. განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ამ საქმეში ეკლესიის როლს და მასთან თანამშრომლობას.

დასკვნის მაგიერ − ამასთან საჭიროა აღინიშნოს, რომ წინა წლებში რამდენჯერმე იქნა ინიცირებული, მათ შორის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს დონეზე ასეთი პროგრამის შემუშავება და ამოქმედების აუცილებლობა, მაგრამ  სამწუხაროდ, ხელისუფლებას მაშინ ამისთვის პოლიტიკური ნება არ ეყო. პოლიტიკურ ნებასთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა ქმედუნარიანი, რომ გახდეს, სახელმწიფო ბიუჯეტში მისი ფინანსური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს საჭირო ფულადი სახსრები. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნარკომანიასთან ბრძოლა მიჩნეული იყოს, როგორც საქართველოს მუდმივი ეროვნული ინტერესების შემადგენელი ნაწილი.

ქართველი მეცნიერების სახელით:

ჯემალ გახოკიძე  სამართლისა და პოლიტიკის დოქტორი  ტექნიკური უნივერსიტეტის სპიკერი

ირაკლი გაბისონია სამართლის დოქტორი

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანი

ჯემალ ჯანაშია  იურიდიულ მეცნიერებათა

დოქტორი პროფესორი სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი

გელა  ლეჟავა მედიცინის მეცნიერებათა

დოქტორი პროფესორი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის

პრევენციის ცენტრის სამეცნიერო

ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე

თეა გოგოტიშვილი ფსიქოლოგიურ მეც-

ნიერებათა დოქტორი, ევროპაში აკრედიტებული

                                                                                                       ფსიქოთერაპევტი

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply