მეოთხე კურსის სტუდენტი ნიკო მერებაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“,  რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ   სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტს ნიკო მერებაშვილს.

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

მოგესალმებით, პირველ რიგში მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ჩემი თავი. მე ვარ ნიკო მერებაშვილი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი.

 

  1. გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ

განვლილი სტუდენტური ცხოვრება ძალიან კარგად მახსენდება. პირველ რიგში უნივერსიტეტის მადლობელი ვარ, ვინაიდან, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და ბევრი მეგობარი შევიძინე. ეს პერიოდი დატვირთული იყო ბევრი თავგადასავლებით და გამოწვევებით. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ იურისპრუდენციაში, როგორც პროფესიაში თავდაპირველი ნაბიჯები ძალიან დიდ შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს აღსანიშნავია, რომ თავად ეს პროცესი სასიამოვნოა.

  1. არაერთი პრაქტიკა გაგივლიათ და ამის შესახებ რა გვეტყვით?

 

იურისტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას,  თუ თავის თეორიული ცოდნის რეალიზებას, როგორ განიმტკიცებს პრაქტიკაში. ძალიან კარგად და ნაყოფიერად მახსენდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა – „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სახსრებით ვიმყოფებოდით ქალაქ ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში და ყოველდღიურად გვქონდა შეხვედრები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან, გავეცანით აქტუალურ თემებს და მივიღეთ კითხვებზე საინტერესო პასუხები. ასევე იურიდიული კლინიკა „ჩემი ადვოკატი“-ს ფარგლებში 3 თვიანი პრაქტიკული კურსი გავიარე ნაძალადევის გამგეობაში, სადაც გვევალებოდა ნებისმიერი მოქალაქისთვის, ნებისმიერ საკითხზე იურიდიული კონსულტაციის გაწევა,  ასევე სხვადასხვა დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, საჩივარი, განცხადების) დაწერა, გაცნობა მოქალაქეებისთვის და  საჭიროების შემთხვევაშიც სასამართლო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის განხორციელება. ამჟამად ვარ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სტაჟიორი, სადაც უშუალოდ შეხება მაქვს სასამართლო აქტებთან და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება არის უდიდესი პრაქტიკული ცოდნის დაგროვება.

 

  1. რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში სტუდენტი ფეხს იკიდებს და იწყებს ნელ-ნელა შესვლას პროფესიაში. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია სასწავლო დაწესებულებას და არსებულ საგანმანათლებლო სტანდარტებს პროფესიაში შესვლის კუთხით. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა ურთიერთობა მქონოდა ისეთ პროფესორ-მასწავლებლებთან, რომლებიც პირველ რიგში, გამოირჩევიან მათი ადამიანობით და შემდეგ პროფესიონალიზმით. მოგეხსენებათ უმეტესობა პროფესორებისა არის პრაქტიკოსი იურისტი მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში. ამრიგად, მათგან პრაქტიკული რჩევების მიღება და სიტუაციების ამგვარად გადმოცემა არის უმნიშვნელოვანესი განვითარებისთვის და საკითხის დამუშავებისთვის.

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

ამჟამად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წამოწყებულ ახალ პროექტს „შეხვდი დამსაქმებელს“ გამოვყოფდი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი  შეხვედრა გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და მის გუნდთან, სადაც ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების გარდა, მივიღეთ ბევრი ინფორმაცია არსებულ თუ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ასოციაციაში.

  1. რატომ აირჩიეთ სტუ ?

სპეციალობის არჩევის შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტის არჩევა გახლდათ საჭირო, მეგობრების რჩევა, რომელიც სწავლობდნენ აღნიშნულ უნივერსიტეტში და მათი დამაკმაყოფილებელი შეფასება გახლდათ გადამწყვეტი, რომ ამერჩია სტუ.

  1. როგორც ვიცით, ერთ წელზე მეტი შესრულდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი და სწორი ნაბიჯის გადადგმა, რადგან ასეთ პირობებში კონკრეტულ სპეციალობებს დაეთმობა უფრო დიდი დრო და მათ განვითარებაში გადადგმული ქმედითი ნაბიჯები იქნება ბევრად უფრო ეფექტური, რაც საბოლოოდ წარმატების მომტანია.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

დასანერგი არის ნაშრომის გასაჩივრების სისტემა. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა უზრუნველყოს ამ სისტემის დანერგვა ვინაიდან, როგორც სტუდენტს ასევე პროფესორებს გააჩნიათ საკუთარი აზრი ნაშრომთან დაკავშირებით. ამიტომ, ნაშრომის შეფასება გვინდა თუ არ გვინდა არის სუბიექტური და ხშირად სტუდენტს შეეძლება გაუჩნდეს პრეტენზია ან უსამართლობის განცდა, ამიტომ ვფიქრობ ამ საკითხში უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს ნეიტრალური „არბიტრების“ არსებობა, რაც საბოლოოდ აღარ დატოვებს ზოგ შემთხვევაში უსამართლობის განცდას, ასევე მოხსნის ყველანაირ უხერხულ მომენტს სტუდენტსა და პროფესორს შორის. ასევე ვფიქრობ ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტებს არსებულ პრაქტიკებზე თუ სხვადასხვა შესაძლებლობებზე აქვთ მწირი ინფორმაცია, აღნიშნული კუთხითაც არის სამუშაო, მგონი ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მინდა ერთ საკითხსაც შევეხო, რომელიც მაწუხებს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩვენს ფაკულტეტს არ ეხება და ეს საკითხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის  „გეპეის“ მოშორებაა. რა თქმა უნდა,  ეს არ ხელყოფს ჩვენს ევროპულ ღირებულებებს, აღნიშნულს ჩვენვე უნდა მოვუღოთ ბოლო, რომელიც მხოლოდ უარყოფითს ასხივებს და გამუდმებით წარსულზე ნეგატიურად მიუთითებს, ჩვენ არ უნდა გვერქვას „გეპეი“ არამედ უნდა ვცეთ პატივი ჩვენს სახელს „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“. ამრიგად, ასეთ საკითხებზე საჯაროდ საუბარი ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები პასუხობს, თანამედროვე ყოფაში დემოკრატიულობის და საჯაროობის გამოწვევებს.

9.მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც  ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი სტუდენტებს აძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს. არ დავკარგავ დროს სათითაოდ ჩამოთვლაში, მაგრამ  ხანდახან განვიცდი ხოლმე, რომ მე-4 კურსზე ვიმყოფები და კიდევ მინდა ბაკალავრობის პერიოდი გაგრძელდეს, რადგან ფაკულტეტი იძლევა ძალიან დიდი აქტიურობის საშუალებას.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

ბატონ ირაკლი გაბისონიას მადლობას გადავუხდიდი გაწეული შრომისთვის და ვუსურვებდი მეტი პროექტების განხორციელებას. მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და ჩემს პროფესიულ განვითარებაში უდიდესი წვლილისთვის დიდი მადლობა გადავუხადო ამავე უნივერსიტეტის დამსახურებულ პროფესორებს, თავის საქმიანობაში პროფესიონალებს და უაღრესად კეთილ და მისაბაძ ქალბატონებს მარიამ აბულაძეს და მანანა ბაწელაშვილს. მინდა აღვნიშნო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველა პროფესორზე ანალოგიური შემიძლია ვთქვა, ვისთანაც კი მე პირადად ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ამ ქალბატონებს გამოვყოფ მათი წვლილის გამო ჩემს პროფესიულ განვითარებაში. მადლობა კიდევ ერთხელ.

  1. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

პირველ რიგში, მიხარია თუ ვინმესთვის ჩემი რჩევა გასათვალისწინებელი იქნება და მინდა პირველკურსელებს ვურჩიო ძალიან ბევრი შრომა დასახული მიზნებისკენ სწრაფვაში და მივცე რჩევები ისეთ საკითხებზე, რომელსაც ლექციებზე ვერ მოისმენენ და ეს მხოლოდ პრაქტიკაში გამომუშავებადია. აუცილებლად დამატებით წაიკითხონ სალექციო მასალის გარდა ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც კი მოეძიებათ. ასევე მინდა ვურჩიო, რომ უცხოურ ენებს დაეუფლონ. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოებს, რასაც ჩვენ მოვიხმართ არის ყოველთვის სუბიექტური და ავტორის შეხედულებით დაწერილი, ამიტომ ნებისმიერი საკითხის პირველი წყაროდან მოძიება და მისი გაცნობა, საკითხებზე მისცემთ უფრო ფართოდ მსჯელობის და გააზრების საშუალებას.  ვუსურვებდი მათ წარმატებებს და ვეტყოდი, რომ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყოველ ჩვენგანს კანონმდებლობის რეფორმირებასა და მის დაცვაში, ის კონკრეტული ურთიერთობის დარეგულირების გარდა, უნდა უზრუნველყოფდეს და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც მთავარ ღირებულებას. სამწუხაროდ აღნიშნული ფორმატი არ გვაძლევს ყველა საკითხზე საუბრის საშუალებას და მინდა ყველა პირველკურსელს, ასევე სხვა კურსის სტუდენტებსაც ვუსურვო წარმატებები და საჯაროდ განვაცხადო, რომ თუ შევძლებ მათ დახმარებას რამით ეს ძალიან გამეხარდება და ნებისმიერ დროს მათ გვერდით მიგულონ.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply