დასრულებული პროექტის „დანაშაულიდან სასჯელამდე“ ანგარიში

 სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტი „დანაშაულიდან სასჯელამდე“ წარმოადგენდა სასწავლო-პრაქტიკულ პროექტს, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  მესამე, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები. პროექტი აერთიანებდა ორ უმნიშვნელოვანეს, გამოძიებისა და საქმის სასამართლოში არსებითად განხილვის სტადიას, რამაც სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა რეალურ ქეისზე დაყრდნობით შეესწავლათ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები, მტკიცებულებათა მოპოვების, მათი საპროცესო დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების კანონით დადგენილი წესები.  ჩაერთვნენ შეჯიბრებით პროცესში, როგორც მხარეები და საკუთარი უფლებამოვალეობების ფარგლებში, პროცესუალური თანმიმდევრობის დაცვით თავად დაგეგმეს და განახორციელეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. წარადგინეს საქმე სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა წინაშე და მიაღწიეს წინასწარ დასახულ მიზანს.

პროექტმა მასში ჩართულ სტუდენტს მისცა შესაძლებლობა გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა, კრიტიკულად დაენახათ ის სირთულეები და საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების სწრაფად და ხარისხიანად განხორცილებას, იგი დაეხმარა სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და გაზარდა მათი აქტივობა საფაკულტეტო ცხოვრებაში.

პროექტის „დანაშაულიდან სასჯელამდე“ განხორციელების იდეა, ეფუძნებოდა სტუდენტთა სურვილებს, ჰქონოდათ პრაქტიკულ საქმიანობასთან სინტეზში მყოფი თეორიული ცოდნა და დამსაქმებელთა შენიშვნებს – იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ხვდებათ კურსდამთავრებულებს, რეალურ სამუშაო გარემოში საქმიანობის განხორციელების დაწყების შემდგომ.

პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა 6 თვიანი სასწავლო-პრაქტიკული პროექტის ფარგლებში მოახდინეს ზუსტი საკანონმდებლო ნორმის მოძიება, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა თანმიმდევრობის ლოგიკურად განსაზღვრა, აღნიშნულ მოქმედებათა დაგეგმვა და წარმოება ზუსტად, პროცედურების დაცვით, საპროცესო დოკუმენტების შევსება, შესავალი და დასკვნითი სიტყვების მომზადება, მათი წარდგენა სასამართლოს წინაშე და სხვა საკითხები, რომლებიც არსებითად დაკავშირებულია გამოძიებასა და საქმის განხილვასთან.

პროექტის შესრულება და მიღებული შედეგები სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მიერ სრულად შეფასდა დადებითად და გაეწია რეკომენდაცია მის შემდგომში განხორციელებას.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply