პროფესორი გიორგი გორაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელშეწყობით ამავე უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე 2017 წლის 27 ივნისიდან 7 ივლისამდე სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდების სამეფო) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის გაცნობის მიზნით.

გიორგი გორაძეს ჰააგაში თან ახლდა სტუდენტთა შვიდკაციანი ჯგუფი. ჯგუფმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განახორციელა რამდენიმე ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში სასამართლოს მიერ სპეციალურად გამოყოფილმა თანამშრომლებმა ჯგუფს მოუწყვეს დახვედრა და გააცნეს სასამართლოს ისტორია და სპეციფიკა.

ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა სასამართლოს ცალკეულ ქეისებსა და ტექნიკურ მხარეს სპეციალური აუდიო და ვიდეო გიდის, ასევე ცალკეული ექსპონატების მეშვეობით, რომლებიც გამოფენილი იყო სადემონსტრაციო დარბაზში.

ჯგუფი დაესწრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლის გრეტა კარბონეს ლექციას, რომელიც ეხებოდა როგორც აღნიშნული სასამართლოს სპეციფიკას და სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეებს. მიმოხილული იქნა პრაქტიკულად ყველა  აქტუალური ქეისი. ქალბატონმა კარბონემ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და ვრცლად ისაუბრა საქართველოს საქმეზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ზედამხედველობით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოში 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად ჩადენილ სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც იყო საქართველო. მომხსენებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანას და მასზე, როგორც სახელმწიფოზე არ ვრცელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია, სავარაუდო სამხედრო დანაშაულის ჩადენის ადგილი, რადგანაც იყო საქართველოს ტერიტორია, სამხედრო დანაშაულის დადგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მაინც დაეკისრებათ მოცემული დანაშაულის ჩამდენ პირებს, მიუხედავად მათი მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოცემულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა მისი დასრულების კონკრეტული ვადა უცნობია.

ჯგუფი დაესწრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე ორ სხვადასხვა პროცესს ორი სხვადასხვა ბრალდებულის მიმართ: 1. კოტ დივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგო, რომელსაც ბრალად ედება 2010-2011 წლებში კაცობრიობის წინააღმდე მიმართული დანაშაულების ჩადენა (მკვლელობები, გაუპატიურება, თავდასხმა და დევნა); 2. ბოსკო ნტაგანდას – კონგოლეზიური ჯარების/კონგოს განმანთავისუფლებელი პატრიოტთა ძალების შტაბის უფროსის მოადგილე და ოპერაციების ხელმძღვანელი. მას ბრალად ედება კონგოში სამხედრო (მკვლელობა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, გაუპატიურება, სექსუალური მონობა, 15 წლამდე არასრულწლოვანთა ჯარში გაწვევა და სხვა) და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების (მკვლელობა, გაუპატიურება, სექსუალური მონობა, დევნა, მოსახლეობის იძულებით გადაცემა და სხვა) ჩადენა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply