სტუ-ს სენატის სპიკერმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ ჯემალ გახოკიძემ უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის შესრულებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი ინტერნეტ-სივრცეში გამოაქვეყნა სახელწოდებით „ერის სულიერი წინამძღოლი“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ჩვენი ფაკულტეტი სრულიად იზიარებს ამ სიხარულს და უერთდება მილოცვებს.
„ერის სულიერი წინამძღოლი
ხუთი წლის იყო ჩემი შვილიშვილი ლუკა, როცა ჟურნალ ,,თბილისელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში, შეკითხვაზე ვინ არის პატრიარქი, განუცხადა _ ,,პატრიარქი ღმერთმა გამოუგზავნა ქართველებსო”. სრული ჭეშმარიტებაა.
1999 წელს რუის-ურბნისობის დღესასწაულზე შევხვდით პატრიარქს მე და ჩემი მეუღლე ციცინო. მოგვეფერა და ბრძანა: თქვენი ტკივილი განუზომელიაო. მეუღლემ ცრემლმორეულმა თქვა: მე ვინა ვარ, თვით დედა ღვთისმშობელს . . ., პარტიარქმა დუმილის შემდეგ ბრძანა: ასეთი რამ ჩემთვის არც ერთ შვილგარდაცვლილ დედას არ უთქვამსო. ჩვენ იქიდან დამშვიდებული წამოვედით. რამდენი ტკივილიანი, მგლოვიარე ადამიანებისთვის მიუცია პატრიარქს ნუგეში და იმედი მომავლისა. მათ რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი ოჯახიც.
2003 წელს მე და ჩემი მეგობრები ლადო ჭანტურია, ზურაბ აბაშიძე და თემურ გამცემლიძე სტუმრად ვიყავით ქ. მოსკოვში რუსეთის პატრიარქთან ალექსი II-სთან. იგი ავადმყოფობდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც გვიმასპინძლა. საუბრისას ილია II-ის შესახებ ბრძანა: `ის არა მარტო სწავლაში იყო პირველი (მათ ერთად უსწავლიათ), არამედ დღესაც ჩვენ შორის პირველიაო”. ალექსი II-ის ამ სიტყვებმა უდიდესი სიამაყის გრძნობა მოგვანიჭა ყველას.
ჩემი თაობა და მომდევნო თაობები, მიუხედავად განვლილი უმძიმესი, ურთულესი და, შეიძლება ითქვას, ტრაგიზმით აღსავსე პერიოდისა, მაინც ბედნიერია და ამ ბედნიერების შემოქმედი სწორედ საქართველოს პატრიარქია. ჩვენ ვცხოვრობთ ილია II-ის ეპოქაში და მისი ღვაწლის შესაფასებლად არც მემატიანე და არც მეისტორიე გვჭირდება.
ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ხილულია.
თქვენო უწმინდესობავ!
როცა დადგა ჟამი დანგრეული, ხშირ შემთხვევაში, მიწასთან გასწორებული, გაფანტული ეკლესია-მონასტრების თავმოყრის, აღდგენის, აღორძინებისა და ახლის აშენების,
თქვენ ითავეთ ეს საქმე;
თქვენ აუგეთ ქართველ ხალხს წმიდა სამების საკათედრო
ტაძარი _ ქართული მართლმადიდებლობის მარადიულობის, სიძლიერისა და სიამაყის სიმბოლო.
თქვენმა გადაწყვეტილებამ ყოველი ოჯახის მესამე და მომდევნო ბავშვის მონათვლის შესახებ, ათასობით ოჯახს უბიძგა გამრავლებისაკენ. ამ მოწოდების შემდეგ საქართველოს რამდენიმე ათასი მრავალშვილიანი ოჯახი შეემატა;
თქვენ აჩუქეთ ხალხს ოცდამეერთე საუკუნის ქართული საოცრება იმედის ხატი _ უბრწყინვალესი ხატქმნილება სამების ტაძართან ერთად;
მალე კიდევ ერთი სასწაულის მომსწრენი გავხდებით, როცა აიგება მახათას მთაზე წმიდა სავანეში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი.
მე მომიწია სახელმწიფო უშიშროების მინისტრად მუშაობა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესების და თანხმობის (ფართო გაგებით) ყველაზე დიდი დარაჯი ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია და მისი მწყემსმთავარი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბრძანდება.
ბრძნულია და ფასდაუდებელი უწმინდესის მიერ გადადგმული ნაბიჯები განდგომილი რეგიონების: აფხაზეთის და ოსეთის მოსაქცევად.
ქრისტიანობა ჩვენთვის არა მარტო სარწმუნოებაა, არამედ ჩვენი მამული, ჩვენი ენა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია.
სრულიად საქართველოსთან ერთად ჩემი ოჯახი ზეიმობს თქვენს ბერად აღკვეცის, პატრიარქად აღსაყდრების და დაბადების საზეიმო დღეებს.
გისურვებთ! კიდევ მრავალი წელი ისმოდეს თქვენი ლოცვები საქართველოს გაბრწყინებისათვის.
უწმინდესო და უნეტარესო!
ილია ჭავჭავაძე ერის მამაა, თქვენ ერის სულიერი წინამძღოლი ბრძანდებით. თქვენ ლოცავთ მთელ საქართველოს. მთელი საქართველო გლოცავთ თქვენ.
P.შ. ერთ-ერთი ტრაპეზის დროს მომეცა საშუალება ჩვენი პატრიარქისათვის მომეთხრო რუსეთის პეტრიარქის ალექსი II-ის შეფასება მისი პიროვნებისა და სასულიერო აკადემიაში მისი განსაკუთრებული წარმატებების შესახებ. ტრაპეზს ესწრებოდა რამდენიმე სასულიერო პირი და ბატონი ლაშა ჟვანია. შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს პატრიარქი არ მისმენდა. თუმცა, როდესაც დავასრულე ამბავი, მომიტრიალდა პატრიარქი და ღიმილით მითხრა: ,,ალბათ, ალექსი II, როდესაც ჩემს სწავლის ამბავს შეეხო აკადემიაში, გულისხმობდა ბოლოდან პირველ ადგილს“.
უდიდესი მოკრძალებით
ციცინო და ჯემალ გახოკიძეები