თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI-PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.
შეჯიბრის ფარგლებში გუნდები წარმოადგენენ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. დავის საგანია სიძულვილის ენა და ჰოლოკოსტის უარყოფა (რევიზიონიზმი). შეჯიბრის მსვლელობისას სტუდენტებს მოეთხოვებათ როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გამოყენება.
შეჯიბრი შედგება ტრენინგის, წერილობითი განაცხადის წარდგენისა და იმიტირებული სასამართლო პროცესებისგან. იმიტირებული სასამართლო პროცესის ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს წინა ეტაპიდან შერჩეული 8 გუნდი. შეჯიბრში მონაწილეობის ხარჯები სრულად ფინანსდება ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI-PROLoG) მიერ. რეგიონული უნივერსიტეტების ერთ სტუდენტურ გუნდს, ასევე დაუფინანსდება მგზავრობა და ცხოვრება შეჯიბრის მიმდინარეობისას. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონებიდან მონაწილე გუნდების რაოდენობა აღემატება ერთს, დაფინანსების მიმღები ერთი გუნდის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებული გუნდები მიიღებენ სერტიფიკატებსა და წამახალისებელ ჯილდოებს.
მონაწილეობის წინაპირობები: შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრის შემადგენლობით. თითოეული უნივერსიტეტიდან გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს – http://nihr.freeuni.edu.ge/news/341/geo.