საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ვიზიტი სტუ-ში

 

2018 წლის 10 მაისს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორმასწავლებლებს.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და  ხაზი გაუსვა მსგავსი სახის ღონისძიებების მნიშვნელობას. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, პროფესორი ნესტან კირთაძე, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი იგორ კვესელავა, პროფესორი რევაზ მიშველაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

სტუმარს მიესალმა სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და ყურადღება გაამახვილა მათ შედეგებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოწვევისათვის.  მოხსენებისას თემაზ: „ევროპა-საქართველოს ურთიერთობები“ ყურადღებაა გაამახვილა საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტებზე, კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე,  გლობალურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე. ხაზი  გაუსვა ევროარტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და დეოკუპაციას. ასევე, საქართველოს ევროპეიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ზოგიერთ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან აღნიშნა „მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანი სურვილი ევროპასთან ინტეგრაციისთვის და აღნიშნულ პროცესში ძალზედ აუცილებლად მიაჩნია ახლაგაზრდებისა და საგანმანათლებლო სივრციდან პირების ჩართვა“.

მინისტრის პირველ მოადგილესთან დისკუსიაში ჩაერთო სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი და მსოფლიოს პროცესების  საქართველოზე გავლენაზე გაამახვილეს ყურადღება.

ხანგრძლივი მოხსენების შემდგომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა დაუსვეს, რაზეც მოისმინეს ამომწურავი პასუხები.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply