2017 წლის 10-15 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა.
აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებელ ელემენტს წაროადგენს კვლევითი კომპონენტი, რომელიც მიმართულია მაგისტრატურის სტუდენტის დამოუკიდებელ თეორიულ და პრაქტიკულ მსჯელობასა და უნარის განვითარებაზე.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტი მოიცავს 45 კრედიტს. მისი სავალდებულო ელემენტებია: სამაგისტრო კვლევის პროექტი – პროსპექტუსი, თეორიული/ექსპერიმენტული კვლევა – კოლოკვიუმი და სამაგისტრო ნაშრომის დასრულება და დაცვა.
დასრულებული საკვალიფიკაციო ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს მაგისტრანტის დამოუკიდებელი კვლევითი მუშაობის შედეგს. საკვალიფიკაციო ნაშრომში ასახული უნდა იყოს ჩატარებული თეორიული/ექსპერიმენტული კვლევით მიღებული შედეგები.
დასრულებული საკვალიფიკაციო ნაშრომის წარდგენის, საჯარო დაცვისა და საბოლოო შეფასების პროცედურები დადგენილია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული „დებულება მაგისტრატურის შესახებ“ (2012 წლის 26 ივნისის № 704 დადგენილება) ხოლო მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომის გაფორმება სავალდებულოა დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო ნაშრომის შეფასება ხდება 100 ქულით. აუცილებელია მისი საჯარო დაცვა. საკვალიფიკაციო ნაშრომს აფასებს 5-7 წევრისაგან შემდგარი სამაგისტრო კომისია 100 ქულიანი შეფასების სისტემით, შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
√ საკვლევი პრობლემის აღწერა, აქტუალურობა,
√ პრაქტიკული მნიშვნელობა
√ საკვლევი თემის ირგვლივ არსებული ლიტერატურის ანალიზი
√ კვლევის მეთოდების გამოყენება
√ ჩატარებული კვლევის შედეგების განსჯა
√ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დასკვნის გაკეთება
√ ნაშრომის გაფორმების ხარისხი და მისი წარმოჩენის ხარისხი.
მაგისტრანტის საჯარო დაცვის შეფასება განისაზღვრება კომისიის თითოეული წევრის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით, ამასთან საკვალიფიკაციო ნაშრომი არ ითვლება დაცულად, თუ სამაგისტრო კომისიის წევრთა უმრავლესობა მას აფასებს 20-ზე ნაკლები ქულით. კენჭისყრისას ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სტუდენტების მიერ დამუშავებული კვლევები შეეხებოდა ისეთ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: სასამართლო მტკიცება და მტკიცებულებები სამოქალაქო პროცესში.შვილად აყვანის თავისებურებანი საქართველოში, გაკოტრების მმართველის პრობლემა გაკოტრების სამართალში, ხელშეკრულების განმარტება-1980 წლის საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის შესახებ გაეროს კონვენციის მიხედვით”,ანდერძით მემკვიდრეობა, ნარკოტიკული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაულობა, არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დასჯის თავისებურებანი, სასჯელასრულების სისტემა საქართველოში და მისი შედარებითი ანალიზი, კრიმინალური ანთროპოლოგია, ბრალდებული სისხლის სამართლის პროცესში, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის დაუსაბუთებლობის პრობლემები, განზრახ მკვლელობა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და სხვა.
სამაგისტრო კომისიის თავმჯდომარემ, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ დადებითად შეაფასა წარმოდგენილი საკვალიფიკაციო ნაშრომები, მოისმინა ნაშრომის ავტორთა რეკომენდაციები წამოჭრილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მათ როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე პრაქტიკულ მოღვაწეობაში.
სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა
Posted in Uncategorized.