საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქ. ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალურ ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017 წლის 20-22 მაისს უკრაინაში ქალაქ ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალურ ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაბუნია იმყოფებოდა. იგი მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე მისი ვიზიტის დროს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აღნიშნულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. მიღწეულ იქნა შეთანხმება იურიდიულ ფაკულტეტსა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტს შორის მჭირდო თანამშრომლობის თაობაზე და დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო სასწავლო ღონისძიებები.
თანამშრომლობის ფარგლებში პირველ ეტაპზე მოხდება უახლესი თანამედროვე, მაღალი დონის კრიმინოლოგიის სახელმძღვანელოს შექმნა უკრაინელი კოლეგების მონაწილეობით. ასევე, დაგეგმილია ქართულ იურიდიულ სივრცეში შემოტანილ იქნეს უახლესი კრიმინოლოგიური დარგის „საკრალური კრიმინოლოგიის სწავლება“. შესაბამისი სილაბუსისა და სახელმღვანელოს შექმნა ამ საგანში უკრაინელ პროფესორებთან ერთად დასრულებულია. მივლინების ფარგლებში ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაბუნია გაეცნო აღნიშნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, კონსტიტუციური, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის კათედრების მუშაობის სპეციფიკას.
უკრაინის ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა ვალენტინა ზაიცევამ გამოთქვა სურვილი, მიხეილ გაბუნიამ წაუკითხოს აღნიშნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს 1 თვიანი სალექციო კურსი ქართული კრიმინოლოგიის მიღწევების შესახებ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ხელმძღანელობასთან შეთანხმებით.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას და ასოცირებული პროფესორის მიხეილ გაბუნიას მიერ მომზადებული სამეცნიერო სტატია „კრიმინოლოგიური შეხედულებანი სამართალსა და სამართლიანობაზე“ გამოქვეყნდება კონფერენციის მასალათა კრებულში.
თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლოდ დაგეგმილია უკრაინელ პროფესორთა ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას შეხედულებით აღნიშნული მემორანდუმი მისცემს სტუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დამატებით შესაძლებლობებს, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით.
ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply