სპეც-კურსი: სეკულარიზაციის თეორიები

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს გთავაზობთ სპეც-კურსს: სეკულარიზაციის თეორიები, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ლექცია-სემინარები და თავისუფალი დისკუსიები თემებზე:

  • სახელმწიფოსა და რელიგიისა ურთიერთმიმართებები თანამედროვე საზოგადოებებში;
  • სეკულარიზაცია: თეორია თუ რეალობა?
  • სეკულარიზაციის პროცესი დასავლურ სამყაროში;
  • სეკულარიზაციის კლასიკური თეორიები და მათი სოციალ-პოლიტიკური და თეორიული საფუძვლები და სხვ.

კურსი ინტერდისციპლინურ მიდგომაზე იქნება აგებული, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხები არა ერთი კონკრეტული დისციპლინის ჭრილიდან იქნება დასმული და განხილული, არამედ სხვადასხვა დისციპლინის (სამართლის თეორიის, სოციალური თეორიის, რელიგიის სოციოლოგიის, ისტორიის) მიდგომებისა და მეთოდების მოშველიებით, რაც შეიძლება ფართო პერსპექტივაში იქნება გაშუქებული. ამ მიდგომის მიზანია, სტუდენტებს გაუფართოვოს თვალსაწიერი ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად აქტუალური საკითხებისა, თუ პრობლემების ხედვაში და გაუადვილოს თანამედროვე დასავლური მეცნიერების პერსპექტივიდან ჩვენი საზოგადოების და კულტურის სპეციფიკის გააზრება. ამასთან, სტუდენტს აღნიშული კურსის გავლის შედეგად, შესაძლებლობა ექნება დამოუკიდებლად იმსჯელოს და კრიტიკულად გაიაზროს ესა თუ ის ხედვა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართების საკითხებზე, სეკულარიზაციის თეორიის პერსპექტივიდან.

კურსის ფარგლებში ლექციების ციკლს წაიკითავს კასელის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების დოქტორი, ემერიტუს პროფესორი იოჰანეს ვაისი (Johannes Weiß). იოჰანეს ვაისი არის მაქს ვებერის სპეციალისტი და ერფურტის უნივერსიტეტის მაქს ვებერის სახელობის სოციალურ და კულტურის მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის (Max-Weber-Kolleg für kultur- und sozialwissenschaftliche Studien) მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი.

 კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს.

 კურსის წარმატებით გავლის შედეგად, სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს. კურსზე დასწრება უფასოა.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

  • შესძინოს ზოგადი თეორიული, ინტერდისციპლინური ცოდნა სეკულარიზაციის ცნების, თანამედროვე სოციალურ-თეორიულ, ფილოსოფიურ და პოლიტიკის მეცნიერებებში ამ ცნების განსხვავებული გამოყენების შესახებ.
  • შეუქმნას აკადემიური/მეცნიერული წარმოდგენა სეკულარიზაციის თეორიებზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ამ თეორიების პერსპექტივიდან დაინახოს და გააანალიზოს სახელმწიფოსა და რელიგიის/რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთმიმართების პრობლემატიკა.
  • გაუღრმავოს კრიტიკული ხედვის უნარ-ჩვევები აღნიშნულ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობის, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ მაგალითებთან მისადაგების გზით, (დებატების, პრეზენტაციის მართვისა და სხვა სავარჯიშოების საფუძველზე)

კურსის წარმატებით გავლის მოსალოდნელი შედეგები:

 სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტს ექნება ცოდნა სეკულარიზაციის ცნების, სეკულარიზაციის ცალკეული თეორიებისა და მათ შორის არსებული განსხვავებების შესახებ. ასევე გაეცნობა ინტერდისციპლინური მიდგომის სპეციფიკას და მის პოტენციალს.

 გარდა ამისა, სტუდენტს საშუალება ექნება თეორიულ ცოდნასთან ერთად, შეიძინოს და გაიღრმავოს რიგი პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა, რაც გულისხმობს:

  • სეკულარიზაციის ცნებისა და თეორიების საქართველოს კონტექსტთან მიმართებაში გამოყენებას; მის ადაპტირებას ქართულ კონტექსტზე;
  • საქართველოში სახელმწიფოსა და რელიგიის/რელიგიურ ინსტიტუტთა შორის მიმართების გაანალიზებას სეკულარიზაციის თეორიების პერსპექტივიდან;
  • საზოგადოებრივ და საჯარო დებატებში ჩართვას სეკულარიზაციის, სეკულარიზმის პრინციპისა და ზოგადად სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართების პრობლემატიკაზე; შესაბამისი აკადემიური ტერმინებით ოპერირებას.

 სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი შეძლებს, გააანალიზოს სეკულარიზაციის თეორიის ანალიტიკური და პრაქტიკული ღირებულება და მნიშვნელობა.

კურსის ავტორები და ხელმძღვანელები:

სპეც-კურსი შედგება 15 ლექცია-სემინარისგან, რომელთა ძირითად ნაწილს გაუძღვება კასელის უნივერსიტეტი დოქტორანტი ქეთევან რჩეულიშვილი (10 ლექცია-სემინარი), ხოლო 5 ლექცია-სემინარისგან შემდგარ ციკლს წაიკითავს კასელის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, იოჰანეს ვაისი (კასელის უნივერსიტეტი).

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 903 ა ოთახში.                                 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply