საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული ძეგლების, ეკლესია-მონასტრების პოპულარიზაცია, მათი შენარჩუნებისთვის გარკვეული სახის აქტივობების განხორციელება, მოქალაქეობრივი კულტურული შეგნების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სხვა.
კლუბის დამფუძნებლები არიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი ირინა მიქავა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი აკაკი ჯიჯელავა.
დამფუძნებლების მიზნების თანახმად, კლუბი ხელს შეუწყობს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, აგრეთვე ნებისმიერ ეკომოლაშქრეს დაგეგმონ და განახორციელონ ლაშქრობები საქართველოს ტერიტორიებზე „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში. კლუბის პრიორიტეტი არის ცოდნის გაღრმავება ბუნების დაცვით სფეროში, შესაბამისად, კლუბი იზრუნებს ჩაატაროს საჯარო ლექციები, ტრენინგ-სემინარები ბუნების დაცვაზე, გამართოს კონკურსები და სხვა გარემოსდაცვითი აქტივობები.
კლუბის საქმიანობით დაინტერესებულნი არიან, როგორც საქართველოს ტექნიკური ასევე, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“ აერთიანებს საჯარო მმართველობის, საზოგადოებრივი ურთიერთობების, ინფორმატიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის 80-მდე სტუდენტს, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი კლუბის მიერ განხორციელებულ პროექტებში. „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“-ს ორგანიზებით პირველი ლაშქრობა შედგა ბირთვისში, ასევე მოინახულეს ცხრაჯვარი, ნიკორწმინდა, ასურეთი, სადაც შემორჩენილია ძველი გერმანული არქიტექტურა.
„სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“-ს სამომავლო გეგმები იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია დარწმუნებულია, რომ მათი საქმიანობის შედეგად გაიზრდება სტუდენტთა ჩართულობა გარემოს დაცვით საკითხებში.