სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ამერიკელი მოსამართლეები ესტუმრნენ

2017  წლის 7  ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ამერიკელი მოსამართლეები და ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.  აშშ-ს ჯორჯიის შტატის კობის ოლქის მოსამართლე ანა ჰარისი,  აშშ-ს ჯორჯიის შტატის ჰენრის ოლქის მოსამართლე ბენ სტადარტი, მაიკლ კუკარო  სასამართლო ადმინისტრატორი, ჯორჯიის შტატის სასამართლო საბჭოს დირექტორის მოადგილე და ნინო მარდალეიშვილი აშშ-ს საელჩოს ანტი-ნარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სამსახურის პროგრამის კოორდინატორი.

ანა ჰარისმა, ბენ სტადარტმა და მაიკლ კუკარომ სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისათვის წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე: „იურიდიული პროფესია და სამოსამართლეო კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში“.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც სტუმრებს საჩუქრად ქართული ღვინო გადასცა. დეკანმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ  ჩვენი ფაკულტეტი ამაყობს მსგავსი სტუმრებით, მადლობა გადაუხადა მათ სტუმრობისთვის და აშშ-თან თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

დეკანმა ირაკლი გაბისონიამ სიტყვა გადასცა მაიკლ კუკაროს, რომელმაც გააკეთა მოხსენება ერთობ საინტერესო თემაზე. თავდაპირველად, იგი შეეხო იმ წარმოდგენებს, რომელიც არსებობს აშშ-სთან დაკავშირებით, ისაუბრა იურისტობის, როგორც პროფესიის მიზანსა და როლზე. განმარტა, თუ როგორ მოიპოვებენ აშშ-ში იურისტის წოდებას, წარმოაჩინა ამ კუთხით განსხვავებები ქართულ და ამერიკულ, ფედერალურ და შტატების სისტემებს  შორის.   შეეხო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს. ბოლოს, კი რამდენიმე რჩევა მისცა სტუდენტებს.  

ჯორჯიის შტატის მოსამართლე ანა ჰარისმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს, თუ რა გზა განვლო მოსამართლეობამდე. მოიყვანა რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი მის მიერ განხილული საქმეებიდან, ისაუბრა იურისტის თვისობრივ ძირითად მახასიათებლებზე.  მოუწოდა სტუდენტებს ნუ ეცდებიან მსოფლიოს შეცვლას, არამედ შეცვალონ ერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. აღწერა ამერიკის სისტემა სტუდენტურ სტაჟირებებსა და პრაქტიკებთან მიმართებაში.

ბენ სტადარტი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს მოწვევისა და აშშ-ს საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობისათვის. ბენ სტადარტმა ვიზიტის ფარგლებში არსებულ სხვადასხვა შეხვედრებზე ისაუბრა, რომელიც გაიმართა საქალაქო  და უზენაეს სასამართლოებში და რომ ამ შეხვედრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათი შეხედულებით საქართველო ნამდვილად ილტვის რეფორმებისკენ და კარგია რომ ამ საქმეში უნივერისტეტებიც აქტიურად არიან ჩართულნი. აშშ-ს სასამართლოებსა და საქართველოს სასამართლოებს შორის არის მსგავსება, თუმცა რიგი საკითხები დასახვეწია. მან არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის,  სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს გასცა პასუხები, რომელიც შეეხებოდა აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, მოსამართლის დანიშვნა/არჩევის წესს, სასჯელის შერჩევასა და დანიშვნას,  სიკვდილით დასჯას, მიმიდინარე მოვლენებს და სხვა საკითხებს. ყველა შეკითხვას სტუმრებმა ამერიკისა და საქართველოს მაგალითების გაანალიზების საფუძველზე გასცეს პასუხები და სტუდენტებზე  დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ სტუდენტების სახელით მადლობა გადაუხადა ამერიკელ სტუმრებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზებისთვის დეკანის მოადგილეს პროფესორ ჯემალ გაბელიას.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply