სტუ-ს სამართლის მაგისტრატურის სტუდენტმა ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მოიპოვა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის მაგისტრატურის სტუდენტმა თამარ ბარამიამ ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მოიპოვა. ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია დაწესდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით 2016 წელს. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეაჯამა სტიპენდიების მისაღებად შემოსული წარდგინებები და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიანიჭა სტუდენტებს: თამარ ბარამიას – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტს და დავით დოლიძეს – გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტს. ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გამიზნულია განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები. კომისიის მიერ საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა ერთი ბაკალავრიატის სტუდენტი და ერთი მაგისტრატურის, რომლებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან და აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობენ. მათ ასევე მოეთხოვებოდათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და საზოგადოებრივი აქტიურობა. კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება, რეკომენდაცია, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სიგელები, სერტიფიკატები, CV, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს ამავე ფაკულტეტის სტუდენტს თამარ ბარამიას ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოპოვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply