2018 წლის 16 მარტს შედგა ტელეხიდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინური კლუბის წევრებსა და ჩინეთში ამავე კლუბის წევრებს ნელი ახობაძესა და ნინი ასანიძეს (ქალაქი ხანგჭოუ, ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტი) შორის. ორივე სტუდენტი ამჟამად სწავლობს ერთწლიან პროგრამაზე ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, რომელთა დაფინანსებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს.
ქართველ სტუდენტებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე, ჩინეთის კლუბის პრეზიდენტი, სამართლის მიმართულების სტუდენტი სანდრო გოძიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები. სიამაყით აღინიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სულ ახლახან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტთან, რის შედეგადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცემათ შანსი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ისწავლონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
ტელეხიდის დროს სტუდენტებმა აქცენტი გააკეთეს ჩინეთში აპრობირებულ საგანმანათლებლო სისტემაზე. სტუდენტებმა გაიხსენეს ჩინეთში სასწავლებლად წასვლამდე როგორი იყო პირველი ემოციები ჩინური ენის სწავლის დაწყებისას, თუმცა ყველაფერი არც ისე რთული აღმოჩნდა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ახლა ორივე მათგანი ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტში სწავლობს და აქვთ სამთავრობო სტიპენდია.
საუბარი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დარბაზიდან დაისვა მრავალი შეკითხვა იმ პერსპექტივებთან დაკავშირებით, რომელიც თან ახლავს ჩინური ენის სწავლებას, მათ აქტივობებს და შთაბეჭდილებებს ჩინეთის უნივერსიტეტში. საუბარი შეეხო დასაქმების საკითხებსაც.
სტუდენტური ტელეხიდი შეაჯამა პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ. მან წარმატება უსურვა ჩინეთში მყოფ სტუდენტებს და მიმოიხილა ჩინური ენის სწავლების პერსპექტივები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მომავალი თანამშრომლობის გეგმები ხანგჭოუს ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტთან.