პრაქტიკული სამართლის კლინიკის განახლებული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული ,,პრაქტიკული სამართლის კლინიკის“ განახლებული პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია და დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია, ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად. სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა მარიამ აბულაძემ თავდაპირველად მადლობა გადაუხადა პროფესორებს ირაკლი გაბისონიას და ჯემალ გაბელიას მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის.
მარიამ აბულაძემ ისაუბრა პრაქტიკული სამართლის კლინიკის შესახებ, რომელიც წარმოადგენს საუნივერსიტეტო ბაზაზე შექმნილ სივრცეს, სასწავლო დისციპლინას, სადაც ხდება სტუდენტის ცოდნის ადაპტირება პრაქტიკასთან. კლინიკის მიზანია დაეხმაროს, სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში; შეისწავლონ ადვოკატირების უნარ-ჩვევები. სტუდენტები პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების ზედამხედველობით ეუფლებიან პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის.
2008 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს პრაქტიკული სამართლის კლინიკა. ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული კლინიკის მიერ განხორციელებული იქნა უამრავი პროექტი, კერძოდ:
- უფასო იურიდიული კონსულტაცია;
- იმიტირებული სასამართლო პროცესები;
- სწავლების კურსი თბილისის სხვადასხვა სკოლებში და სხვა.
ასევე, პრაქტიკული სამართლის კლინიკის მიერ გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს პრაქტიკები საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სასამართლო სისტემაში. წლების განმავლობაში პრაქტიკული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელებმა გაწიეს უზარმაზარი სამუშაო.
ზემოაღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისათვის განახლებული სამართლის კლინიკის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, განახლებული მიზნებისა და პროექტების გაცნობა.
სამართლის კლინიკის ხელმძღვანელობა სტუდენტებს სთავაზობს, როგორც პრაქტიკულ საქმიანობას ასევე მოკლევადიან სასწავლო კურსებს, კერძოდ:
- იმიტირებულ სასამართლო პროცესებს/ სასამართლოში გამოსვლის ხელოვნებას;
- საპარლამენტო დებატებს/ პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკას;
- იურიდიული ინგლისურის კურსებს;
- პროფესიული უნარ-ჩვევების კურსებს, როგორიცაა სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები იურიდიული დოკუმენტების შედგენის ტექნიკა.
- და სხვა კურსები მაგალითისთვის, კონფლიქტების კურსი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ლტოლვილთა და დევნილთა სამართალი და სხვა.

ასევე პრაქტიკული სამართლის კლინიკის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები, საჯარო დისკუსიები და შეხვედრები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პირებთან აგრეთვე ექსკურსიები საჯარო დაწესებულებებში. ამასთანავე, ტრადიციულად პრაქტიკული სამართლის კლინიკის საქმიანობაში ჩართული სტუდენტები გაუწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას მოქალაქეებს და ასევე წაიკითხავენ სალექციო კურსებს თბილისის სკოლებში. პრაქტიკული სამართლის კლინიკა სამომავლოდ გეგმავს საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე მიავლინოს სტუდენტთა ჯგუფი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply