მესამე კურსის სტუდენტი მართა ამირანაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ, სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მესამე კურსის სტუდენტს მართა ამირანაშვილს.

  1. მოგესალმებით, გაეცანით ჩვენს მკითხველს.

        მოგესალმებით, მე ვარ მართა ამირანაშვილი სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. მადლობა მინდა გითხრათ, რომ ვარ თქვენი რუბრიკის სტუმარი.  სულ რაღაც ორი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მომიწევდა ინტერვიუს მიცემა, როგორც  ერთ-ერთ წარმატებულ სტუდენტს და ეს ჩემთვის მართლაც სასიხარულოა.

2 რატომ გადაწყვიტეთ რომ გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტი?

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მირჩევდნენ ჩამებარებინა ჟურნალისტიკაზე, საბოლოოდ არჩევანი მაინც იურიდიულ ფაკულტეტზე შევაჩერე, და ვფიქრობ რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რაც შეეხება უნივერსიტეტს სიმართლე გითხრათ თავიდან არ მიფიქრია ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარება, თუმცა უპირატესობა მაინც სახელმწიფო უნივერსიტეტებს მივანიჭე, რის შედეგადაც გავხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი.

3.გვიამბეთ თქვენი  სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

      ჩემი სტუდენტური ცხოვრება სწორედ  ისეთია როგორიც ყოველთვის  წარმომედგინა, აქტიური და საინტერესო. ამ ორი წლის განმავლობაში მქონდა ბედნიერება შევხვედროდი მაღალი   კვალიფიკაციისა და განათლების მქონე  პროფესორებს, მიმეღო მათგან ცოდნა და გამოცდილება.  უნივერსიტეტის საშუალებით შევიძინე  არაჩვეულებრივი მეგობრები ჯგუფელების, კურსელებისა და პროფესორ-მასწავლებლების  სახით. სწავლის პირველივე დღიდან  ვცდილობ არ გამოვტოვო არცერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის ტრენინგი, პროექტი თუ ღონისძიება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის როგორც მომავალი იურისტისთვის. აგრეთვე ვცდილობ სისტემატიურად დავესწრო ფაკულტეტის მიერ გამართულ  საჯარო ლექციებსა და შეხვედრებს, სადაც განიხილება აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები.

  1. არაერთ პროექტში მიგიღია მონაწილეობა და იქნებ ამის შესახებაც მოგვიყვეთ?

    სტუდენტობის პირველივე წელს მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო საზაფხულო სკოლის პროექტში „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში,  გარდა ამისა პროექტის ფარგლებში  გავიცანი ჩემი მომავალი მეგობრები და მათთან ერთად გავატარე შვიდი მართლაც რომ შთამბეჭდავი  დღე.  აგრეთვე გავიარე 6 თვიანი სტაჟირება უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში, სადაც შესაძლებლობა მქონდა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა და კლიენტებისათვის გამეწია იურიდიული კონსულტაცია. არ შემიძლია უღრმესი მადლობა არ გადავუხადო ჩემს უსაყვარლეს ლექტორს  თამარ კაპანაძეს, რომლმაც მომცა შესაძლებლობა, რომ  დავსწრებოდი თელავის რაიონულ სასამართლოში მის მიერ ჩატარებულ პროცესებს და თავად გამხდარიყავი მოწმე იმისა თუ რაოდენ მძიმე და საპასუხისმგებლოა იყო მოსამართლე.

  1. რას ეტყოდით ფაკულტეტის ადმინისტრაციას და პირველ რიგში დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

     დიდი მადლობა მინდა ვუთხრა  ფაკულტეტის დეკანს, ბატონ ირაკლი გაბისონიას რომელიც  ყოველთვის ცდილობს  გვერდში დაუდგეს სტუდენტებს და გაითვალისწინოს მათი ინტერესები. სწორედ რომ მისი დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით მოხდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გამოყოფა, რომელიც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. აგრეთვე მადლობას ვუხდი ფაკულტეტის ადმინისტრაციას რომლის თითოეული წევრი მუდამ მზადყოფნაშია დახმარება გაუწიოს სტუდენტებს. აბიტურიენტი რომ ვიყო, აუცილებლად   ავირჩევდი  ტექნიკურ უნივერსიტეტს.  პირველ რიგში იმიტომ რომ, ჩვენი უნივერსიტეტი არის ადგილი სადაც თითოეულ სტუდენტს აქვს რეალური შესაძლებლობა განვითარდეს, მიიღოს ცოდნა და, რა თქმა უნდა, მიაღწიოს დასახულ მიზანს. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, რომელიც დაკომპლექტებულია უშუალო და მეგობრული ადამიანებით, სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს თავისუფალ და კომფორტულ გარემოში მიიღოს განათლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც სტუდენტისათვის.

6. რას ელით ბაკალავრიატის სწავლების დარჩენილი ორი წლიდან და აპირებთ თუ არა მაგისტრატურაში ჩაბარებას?

ვისურვებდი რომ შემდგომი ორი წელიწადი ისეთივე წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს , როგორიც განვლილი ორი კურსი იყო. ვფიქრობ რომ ფაკულტეტი როგორც ყოველთვის შემოგვთავაზებს  სიახლეებს და მეც ვეცდები  მაქსიმალურად ჩავერთო ახალ გამოწვევებში. მიუხედავად იმისა, რომ მომავალს არასდროს ვგეგმავ და ყოველთვის ვცხოვრობ აწმყოთი, მოხარული ვიქნებოდი რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტიც გავმხდარიყავი.

7. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

    პირველ რიგში მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო სტუდენტობა და ვუსურვო წარმატება. მე მათ ვურჩევ, რომ არ დაკარგონ არცერთი წამი და ნაყოფიერად გამოიყენონ სტუდენტობის 4 წელიწადი. სიზარმაცის გამო არ  გააცდინონ   ლექციები, შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიიღონ ყველა ღონისძიებასა და პროექტში, რომელიც მათ პროფესიულ  განვითარებასა და წინსვლას შეუწყობს ხელს.  და ბოლოს მინდა ვუთხრა, რომ მათ ნამდვილად  გაუმართლათ რადგან მოხვდნენ იქ , სადაც  შრომა და მონდომება აუცილებლად ფასდება და მოდის დიდი წარმატება.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *