გამჭვირვალე საგამოცდო პროცესი

2017 წლის 5-10 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ტარდება მეორე შუალედური გამოცდები. აღნიშნული პროცესი მეტად გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანია. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილების თანახმად, შექმნილია დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად მკაცრად გამოცდების ჩატარებას, ამავე დროს, სრულიად არის დაცული ყველა სტუდენტის უფლება.
აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ სტუდენტმა შეძლოს მშვიდ გარემოში, თანაბარ პირობებში დაწეროს საგამოცდო საკითხი.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას და ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტზე დამტკიცებულია გამოცდის მსვლელობისას სტუდენტთა ქცევის წესები:
1. სტუდენტი ვალდებულია ცხრილში მითითებული განრიგის მიხედვით, გამოცხადდეს საგამოცდო ოთახში. დაგვიანების შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება. სტუდენტის დაგვიანების ფაქტი ფიქსირდება სტუდენტის მიერ საგამოცდო წესების დარღვევის უწყისში;
2. სტუდენტი ვალდებულია, იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან /და სტუდენტის ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
3. აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა საწერი კალმის, სასმელი წყლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა;
4. წერის დაწყებამდე სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, გამოცდის დაწყების შემდეგ ნებისმიერი სხვა დარღვევის შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან, გადალაპარაკებისა და გადაწერის მცდელობის დაფიქსირებისთანავე სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან;
5. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ აკრძალულია აუდიტორიიდან გასვლა წერის სრულად დამთავრებამდე;
6. საგამოცდო წესების დამრღვევი სტუდნეტისათვის გამოცხადებული თითოეული ზეპირი გაფრთხილება ფორმდება საგამოცდო წესების დარღვევის შესაბამის უწყისში, ხოლო სტუდენტის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება შესაბამისი ოქმით.
მკაცრი წესების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა გამოთქვას პრეტენზია, დამკვირვებლის, საგამოცდო საკითხის და გამოცდის მსვლელობის მიმართ, მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სტუდენტის საჩივარს განიხილავს შესაბამისი საგამოცდო კომისია და გამოიტანს გადაწყვეტილებას, დაკმაყოფილების შემთხვევაში კი სტუდენტს მიეცემა შესაძლობლობა დამატებით დაწეროს გამოცდა.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას დამოკიდებულება მკაფიო და ცალსახაა. დაცული უნდა იყოს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების უფლებები. აუცილებელია ყველა სტუდენტი იმყოფებოდეს თანაბარ და სამართლიან გარემოში. ლექტორის შეფასება პირდაპირპროპორციული უნდა იყოს სტუდენტის ნაშრომისა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply