✅❗️პროექტის − ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში” − ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების სამმართველოს ექსპერტმა, ქალბატონმა ასმათ მატუშევსკაიამ მონაწილეებს ჩაუატარა თეორიული და პრაქტიკული კურსი ვიდეო და ფონოსკოპიურ ექსპერტიზებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პირველ ეტაპზე მონაწილეები გაეცნენ აუდიო- და ვიდეოჩანაწერების ვიზუალური და პერცეფციული კვლევების, ჩანაწერების ავთენტურობის, ფიზიკური პირის ხმისა და მეტყველების მიხედვით იდენტიფიკაციის ძირითად მეთოდებსა და სხვადასახვა ტექნიკურ საშუალებასა თუ პროგრამულ უზრუნველყოფის საშუალებებს, ასევე − კომლექსური ექსპერტიზის დანიშვნისას ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის მნიშვნელობასა თუ გადასაწყვეტი საკითხების ფორმულირების ხერხებს. გაიაზრეს როგორი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი შეიძლება იყოს შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის დაგეგმვა-მომზადების პროცესში ჩაწერილი მასალა და როგორი სახის დანაშაულებების გახსნაა შესაძლებელი (მით უფრო მაშინ, როდესაც ჩანაწერი ერთადერთი მტკიცებულება შეიძლება აღმოჩნდეს საქმეში). გაიმართა დისკუსია ქვეყანაში არსებულ საკანომდებლო გამოწვევებზე, კერძოდ, ფარული ჩანაწერების დამზადება პირადი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნითა თუ პირადი ცხოვრებისა და სივრცის ხელშეუხებლობის თვალსაზრისით.
პრაქტიკული უნარების გამომუშავების მიზნით (თეორიული საკითხების შესაბამისად) მორიგი შეხვედრა გაიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტმა მონაწილეებს ჩაუატარა პრაქტიკული კურსი ვიდეო და ფონოსკოპიურ ექსპერტიზებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მსმენელებს უშუალოდ კომპიუტერული პროგრამებითა და ფოტოილუსტრაციების სახით ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ, რა სახის ხელშემშლელი ფაქტორები, იმპულსები, წყვეტები, ფალსიფიკაიის კვალი შეიძლება დააფიქსიროს ექსპერტმა ფონოგრამათა კვლევისას, რა სახის სპეცეფექტები შესაძლოა იყოს გამოყენებული ვიდეო- და აუდიოჩანაწერებზე. მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვიზუალურად ეხილათ სხვადასხვა პიროვნების მიერ წარმოთქმული ერთი და იმავე სიტყვის ფიზიკური პარამეტრები, კერძოდ, ოსცილოგრამები, წარმოთქმული ფრაზებისა და წინადადებების მელოდიაური კონტურები, ხმის ძირითადი ტონი, ფორმანტთა განლაგება და ა.შ., რომელთა დეტალურად კვლევა საჭიროა დიქტორის ხმის საიდენტიფიკაციოდ.📌
ასმათ მატუშევსკას პრაქტიკული და თეორიული სწავლება
Posted in Uncategorized.