კურსდამთავრებული ლორენა შამათავა

ამჟამად წარმოგიდგენთ, ლორენა შამათავას, რომელმაც  წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

 

მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა,  მინდა მოგილოცოთ ჩარიცხვა ვილნიუსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.

მეც მინდა მოგილოცოთ ახალი რუბრიკის შექმნა. ვფიქრობ, რომ სტუდენტებისთვის ეს რუბრიკა იქნება არამარტო საინტერესო, არამედ შეიძლება ერთგვარი „ბუკლეტი“ იყოს, თუ როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად უნივერსიტეტში არსებული ყველა რესურსი და მივაღწიოთ წარმატებას. დიდი მადლობა, დიახ, ვილნიუსის უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ევროკავშირის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით.

  1. რამ შეუწყო ხელი თქვენს ესოდენ წარმატებას?

შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის საკმაოდ აქტიური სტუდენტი ვიყავი და ვცდილობდი ჩემი სტუდენტობა მრავალფეროვანი ყოფილიყო. ძალიან ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო დიდი მონდომებაა საჭირო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოც. მე ამ მხრივ გამიმართლა, ფაკულტეტი ყოველთვის მხარს მიჭერდა ყველა წამოწყებაში და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა. ასე, რომ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ წარმატების ფორმულა შეიცავს: მონდომებას, დაუღალავ შრომას და დადებით გარემოს.

  1. რატომ ჩააბარეთ სტუ-ში?
    გულახდილად ვიტყვი, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და მობილობის საშუალებით გადმოვედი სტუ-ში. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.
  2. როგორი ურთიერთობა გაქვთ ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან, ლექტორებთან?
    უზომოდ მადლიერი ვარ, რომ სტუ-დენტი ვიყავი და მქონდა პატივი გამეცნო სტუ-ს ხელმძღვანელობა და ლექტორები. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ძალიან მენატრებიან. ფაკულტეტი ყოველთვის მხარს მიჭერდა და ენთუზიაზმით უყურებდა ჩემს ახალ წამოწყებებს, მაგრამ ბოლო წელს განსაკუთრებულად დამეხმარა ხელმძღვანელობაც და ლექტორებიც. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ლიტვაში გავაგზავნე საბუთები, ორი გასაუბრება გავიარე, უნივერსიტეტში ჩავირიცხე და დაფინანსების კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. დედლანების მეშინოდა ყველაზე მეტად, ვაი და ვერ მოვასწრებდი და ამდენი შრომა წყალში ჩამეყრებოდი. ყველაზე მეტად მხარს მიჭერდა უშუალოდ დეკანი, ბ-ნი ირაკლი გაბისონია, ამისთვის დიდი მადლობა მას. ფაკულტეტის ხელმძღვანელობა და ლექტორები, რომ არა შეიძლება ლიტვის საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტიც არ ვყოფილიყავი. ყველა საბუთი დროულად გამიმზადეს და ყველაფერი მოვასწარი. ეს დიდი შვება იყო ჩემთვის.
  3. რა არის ის განსაკუთრებული რაც სხვა უნივერსიტეტს არ აქვს ?

აქ აუცილებლად ავღნიშნავდი ურთიერთობას სტუდენტსა და ფაკულტეტის დეკანს შორის. ადამიანური ურთიერთობა და მოსმენის უნარი. მახსოვს პირველად ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით უნდა შევსულიყავი დეკანთან ბ-ნ ირაკლისთან და ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცი როგორ დამეწყო, რას მეტყოდა, როგორი რეაქცია ექნებოდა, მე ხომ რიგითი სტუდენტი ვიყავი. მაგრამ როგორც კი შევედი, ბ-ნმა ირაკლიმ ყურადღებით მომისმინა, რჩევებიც კი მომცა და მაშინ მივხდი, რომ სტუ უპირველეს ყოვლისა არსებობს სტუდენტებისთვის, არამარტო იმისთვის, რომ ცოდნა მისცეს, არამედ მოუსმინოს სტუდენტს, გაიგოს მისი აზრი და გაითვალისწინოს ის. საზღვარგარეთ სტუდენტის აზრი და სურვილი უპირველესია, მიხარია, რომ სტუ-ში იგივე მიდგომა დავინახე.

  1. რომელ პროექტებში მიგიღიათ მონაწილეობა?

სტუდენტობის დროს ძალიან ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. 2014 წელს ლიტვაში ახალგაზრდა ელჩების სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი ვიყავი, ვიზიტის ფარგლებში, პირადად შევხვდი ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარეს. სამჯერ (2014,2015,2016 წწ.) მოვიპოვე ლიტვის სახელმწიფო დაფინანსება და გავემგზავრე ლიტვაში საზაფხულო სკოლებში. 2016 წელს გავხდი გერმანული ასოციაციის START Stiftung კონკურსის გამარჯვებული, ვიმყოფებოდი გერმანიაში სტაჟირებით 2 თვით. ვიყავი ბერლინში “მრავალფეროვნების სკოლის” ტრენერ-ფასილიტატორი. 2015 წელს გავხდი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის MitOst-ის სტიპენდიანტი და პროექტის “აქტიური მოქალაქეობა” ავტორი და კოორდინატორი. 2016 წელს, მე-2 ადგილი დაიკავა ჩემს მიერ დაწერილმა სიმღერამ “Lietuva-širdis mana”, მუსიკალურ ფესტივალზე. 2014 წელს Theodor Hauss KOleg-გერმანული ორგანიზაციის მიერ კავკასიის რეგიონში განხორციელებული პროგრამის კურსდამთავრებული ვარ.2016 წელს სტუ-ს სახელით დებატების ჩემპიონატში ვიღებდი მონაწილეობას, 2017-ში კი აშშ-ს პროექტი საერთაშორისო კლიენტთა კონსულტაცია ადვოკატებისთვის. 2017 წელს მივიღე მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციაში “კონსტიტუცია და ცვლილებები“ , პოლონეთში. გარდა ამისა თარჯიმნობით ვარ დაინტერესებული და 29 სექტემბერს მიწვეული თარჯიმანთა საერთაშორისო სემინარზე საფრანგეთში.

  1. რა მოგცათ უნივერსიტეტმა?

სტუ ჩემი წარმატების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გახდა. სწორედ სტუ-ში არსებული ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრში დავიწყე სიარული 3 წლის წინ, შევისწავლე ლიტვური ენა და ჩემი ცხოვრება დაუკავშირდა ლიტვას. ახლა ვარ ვილნიუსის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, მოვიპოვე ლიტვის რესპუბლიკის სწავლების სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდიაც. სწავლების ენა – ლიტვური. და ყველაფერი ეს დაიწყო სწორედ სტუ-ში. უნივერსიტეტი იმაზე მეტს გვაძლევს ვიდრე გვგონია, უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი.

  1. ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულრომელ ღონისძიებას გამოყოფდით?

ფაკულტეტი ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ატარებს, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ვიქტორ დოლიძესთან შეხვედრა და სტუ-ში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიის გახსნა. ამით უნივერსიტეტმა დაამტკიცა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და მჯერა, რომ საკმაოდ მალე ჩვენ გავხდებით ევროკავშირისა და ნატოს ღირსეული წევრები.

 

  1. დაბოლოს, ჩვეული კითხვა რას ურჩევთ პირველკურსელებს?

პირველკურსელებს მინდა ვუსურვო იყვნენ აქტიური და ყოველთვის გამოიჩინონ ინიციატივა, ხოლო ფაკულტეტი მათ არამარტო მოუსმენს, არამედ გაიზიარებს მათ იდეებს და ხელს შეუწყობს მათ სამომავლო პროფესიულ კარიერას. ყველაფერი თქვენს ხელშია, პირველკურსელებო. წარმატებები ყველა წამოწყებაში.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply