31 ოქტომბერს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა გერმანელი პროფესორის თეო კობუშის საჯარო ლექცია თემაზე: სამართლებრივი სახელწიფო, როგორც სოციალური სახელმწიფო“ პროფესორი, დოქტორი თეო კობუში გახლავთ ანალიტიკური ფილოსოფიისა და რომაულ-კათოლიკური თეოლოგიის სპეციალისტი. იგი არის ემერიტუს პროფესორი ბონის ფრიდრიხ ვილჰემის უნივერსიტეტში, 2003 წლიდან ფილოსოფიის კათედრის გამგე . აგრეთვე, დირექტორი ბონის უნივერსიტეტში. დოქტორი კობუში „ფილოსოფიის ისტორიის ლექსიკონის“ თანარედაქტორია. იგი ასევე არის ფილოსოფიის გერმანულენოვან დოცენტთა კონსორციუმის თავმჯდომარე და ანტიკური ფილოსოფიის საზოგადოების საქმეთა დირექტორი.
აღნიშნული შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის, გააცნო დამსწრე საზოგადოებას იგი და ნაყოფიერი საჯარო ლექციის ჩატარება უსურვა. დეკანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ინტერდისციპლინარული პროგრამებით ფაკულტეტის ადმინისტრაციის დაინტერესებაზე, რისი დასტურიც დღევანდელი ღონისძიება გახლავთ.
პროფესორმა თეო კობუშმა ისაუბრა სოციალური სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნელობაზე, ცნებებსა და ზოგადად სახელმწიფოს სოციალურ ელემენტებზე. სახელმწიფოებრივი ერთიანობის პრინციპზე დაყრდნობით მიმოიხილა თანამედროვე სოციალური სახელმწიფოები, რომელიც განსაზღვრული იყო ჰეგელის თეორიებითა და შეხედულებებით. განმარტა თავად სოციალური სახელმწიფოს იდეა, ნეგატიური და პოზიტიური თავისუფლების ცნებები, თავისუფალ სამართლებრივ სახელმწიფოსა და სოციალურ სამართლებრივ სახელმწიფოს შორის განსხვავება და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნული მიმოიხილა გერმანიის მაგალითზე და იმსჯელა საქართველოზე თავისუფლების კუთხით წინსვლის შესაბამისად.
მოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია სტუმარსა და სტუდენტებს შორის, რაშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოწვეული პროფესორები და ფაკულტეტის დეკანი. აღნიშნული შეხვედრა დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.