გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ გიგა ძირკველიშვილს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე.
1. მოგესალმებით, გიგა, გააცანით თავი მკითხველს
მოგესალმებით, დავიბადე ქ. რუსთავში დიდ და ბედნიერ ოჯახში, მყავს 2 ძმა და 5 და. გავიზარდე რუსთავში და ამ ქალაქს უკავშირდება თითქმის ყველა ბავშვობის მოგონება. დავდიოდი ქ. რუსთავის კერძო სკოლა „რეცა“-ში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა, როგორც ჩემს განათლებაში ისე პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
2. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?
პატარაობიდან მოყოლებული ყოველთვის მქონდა შეხება იურისტებთან და სხვანაირად შეუძლებელიც იყო, რადგან მამაჩემი და მისი ძმები პროფესიით იურისტები არიან. სწორედ ამ ფაქტორმა და დიდმა ინტერესმა ამ პროფესიის მიმართ გადამაწყვეტინა მეცადა ბედი სამართლის მიმართულებით. სტუ-ზე არჩევანის გაკეთება კი სტუ-ში არსებულმა სწავლების პროცესმა, მეგობრულმა გარემომ და ამასთანავე მამის რჩევამ განაპირობა.
3. რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?
პირველ რიგში, გამოვყოფდი სწავლების ჯგუფურ მეთოდს, რომელიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას უკეთ მოუსმინონ ლექტორებს და უშუალო კონტაქტი იქონიონ, როგორც ლექტორებთან ასევე ჯგუფელებთან. მეორე რიგში, გამოვყოფდი სტუ-ს მაღალკვალიფიციურ ლექტორებს, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან დაგეხმარონ. ასევე ინოვაციებს, რომლებსაც ფაკულტეტის ხელმძღვანელობა გვთავაზობს და რაც ყველაზე მთავარია სტუ სტუდენტებს უქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ მათ სრულყონ საკუთარი უნარ-ჩვევები და განვითარდნენ პროფესიულად. უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტის ხელმძღვანელობა ყოველთვის ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, დაუღალავად შრომობენ, რათა სტუ გახდეს უფრო მეტად კომფორტული და სასურველი სასწავლებელი, რომელიც მუდამ ღიაა ინოვაციებისთვის.
4. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?
ყოველთვის ვცდილობ ვიყო აქტიური სტუდენტი და მივიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში.
2017 წლის ზაფხულში ვიყავი ზუგდიდის სამართლის სკოლაში, სადაც საშუალება მქონდა დავსწრებოდი გერმანელი ლექტორების სემინარებს. გამეგო მეტი მათი სამართლებრივი სტრუქტურისა და პრაქტიკის შესახებ, გამეცნო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მეთანამშრომლა მათთან.
2017 წლის მარტში მივიღე მონაწილეობა სისხლის სამართლის საჯარო ლექციის ჩატარებაში, საკითხზე მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები.
გარდა ამისა, უამრავ ღონისძიებაში, ტრენინგებში, კონფერენციებში მიმიღია მონაწილეობა უნივერსიტეტის ფარგლებში და ფარგლებს გარეთაც, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
5. სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?
სამომავლოდ , ვგეგმავ იურისტობას ბიზნეს-სამართლის მიმართულებით ვიწრო ჭრილში, კერძოდ გაკოტრების სამართალი- გადახდისუუნარობა. ასევე, მინდა მქონდეს საადვოკატო ბიურო, მაღალკვალიფიციური ჯგუფით, რომელიც დიდ გამოწვევებს შეეჭიდება.
6. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?
პირველ რიგში, გილოცავთ სტუდენტობას და ჩემი რჩევა იქნება გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც სტუ სთავაზობთ. მიიღეთ ყველა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა, იშრომეთ, რადგან შრომას ყოველთვის აქვს აზრი.