პირველკურსელი თამთა მაისურაძე

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ თამთა მაისურაძეს,  რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის პირველ კურსზე.

  1. გთხოვთ, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი.

პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ ვარ თქვენი რუბრიკის სტუმარი. მე ვარ თამთა მაისურაძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კურსის სტუდენდი, სამართალმცოდნეობის სპეციალობის მიმართულებით.

  1. გვიამბეთ სკოლის წლების შესახებ

2005 წელს დავიწყე ჩემი სასკოლო მოღვაწეობა. პირველივე დღიდან ენთუზიაზმით და დიდი მოლოდინებით ჩავერთე სასწავლო პროცესში. უნდა ავღნიშნო, რომ N149 სკოლა ჩემთვის იყო არა მხოლოდ განათლების მიღების დაწესებულება, არამედ პიროვნული ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი საწყისი.  მოსწავლეობის პერიოდი დატვირთული იყო არა ერთი აქტივობით, რადგან სკოლაში თეორიული სწავლების გარდა დიდ ყურადღებას უთმობდნენ სხვადასხვა სახის პროექტებსა თუ ღონისძიებებს, რომლებშიც, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყავი ჩართული და საკმაო დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა. არაერთხელ მივიღე მონაწილეობა ისეთ ინტელექტუალურ თამაშში, როგორიცაა „რა? სად? როდის?“, აგრეთვე აქტიურად ვეუფლებოდი სადებატო ხელოვნებას და არა მხოლოდ ჩემი სკოლის ინიციატივით გამართულ დებატებში ვიღებდი მონაწილეობას, არამედ სკოლათა შორის შეჯიბრებებშიც.

  1. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი?

პირველ რიგში ვიტყვი იმას,  რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე. საერთოდ ვთვლი, რომ ყველა ადამიანს თავის მოწოდება აქვს, ჩემი მოწოდება კი იყო ვყოფილიყავი სამართლის სტუდენტი, მომავალი იურისტი და სამართალდამცავი, რის ახდენაშიც მეხმარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ჩემი მეგობრებისგან საკმაოდ ხშირად მესმოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის შესახებ, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და იძლეოდა სამართლის განხრით განათლების და განვითარების საკმაოდ კარგ საშუალებას. ასევე გაგონილი მქონდა  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის შესახებ, რამაც სიმართლე გითხრათ ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ვარ დღეს სტუ-ს სტუდენტი ესეც არის.

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესახებ?

რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა. პროფესიონალებით სავსე გუნდი, რომლებიც გამოირჩევიან ცოდნით, კვალიფიკაციით და სტუდენტებთან მიდგომით. მათ ნამდვილად იციან როგორ დააინტერესონ და სწავლის სურვილი გაუჩინონ სტუდენტს.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

გამომდინარე იქიდან, რომ სულ  2 (ორი) თვეა მქვია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი უარყოფითი მხარის დანახვა ალბათ თქვენც დამეთანხმებით ცოტა რთულია, მაგრამ მაინც შევცვლიდი სასწავლო ცხრილებს. ვისურვებდი ლექციებს და სემინარებს შორის არსებული ფანჯრები არ არსებობდეს.

  1. მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩავირიცხე სტუ-ში და გავხდი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დიდი ოჯახის წევრი, ბევრი მსმენია  იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს, ეს იქნება სამეცნიერო კონფერენციები, გაცვლითი თუ სასტაჟიორო პროგრამები, საზაფხულო სკოლები, ვორქშოფები და კიდევ უამრავი რამ. მე პირადად უკვე მივიღე მონაწილეობა ფაკულტეტის მიერ მოწყობილ სტუდენტურ ვორქშოფში „მსოფლიო და გენდერი“, ასე ვთქვათ ჩემი დებიუტი იყო და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მივიღე.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

არ დამავიწყდება ჩემი პირველი შთაბეჭდილება ბატონ ირაკლისთან პირველი შეხვედრისას. უშუალო, კომუნიკაბელური, მეგობრული და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული. ვამაყობ, რომ მყავს ისეთი დეკანი, როგორიც ბატონი ირაკლია.

  1. დაბოლოს, რა ურჩევ შენს კურსელებს?

მეც პირველკურსელი ვარ, აქედან გამომდინარე მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ შეგეშინდეთ პირველივე შესაძლებლობისთანავე თქვენი თავის გამოვლენის. არ შეგეშინდეთ და არ იფიქროთ იმაზე რომ პირველკურსელობა არის ბარიერი და არ შეგიძლიათ აკეთოთ ის რაც სხვებს შეუძლიათ. ვეტყვი იმას, რომ არ გამოტოვონ არც ერთი შესაძლებლობა, რომელსაც მათ ნამდვილად ანიჭებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. იყავით მოტივირებულები, მიზანმიმართულები და იფიქრეთ იმაზე, რომ არ არსებობს ბარიერები, რომლის გადალახვაც შეუძლებელია.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply