2017 წლის  შეჯამება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური ტელევიზია Stu Net-ის მიერ 29 დეკემბერს მოეწყო უნივერსიტეტის 2017 წლის შედეგების შემაჯამებელი გადაცემა, სადაც მიწვეული იყვნენ: რექტორი, კანცლერი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსი, ყველა ფაკულტეტის დეკანი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და სტუდენტები.

შემაჯამებელ გადაცემაში მიწვეული იყო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც დამსწრე საზოგადოების წინაშე ისაუბრა ფაკულტეტის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სახის აქტივობებზე, მათ შორის,  სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის  „საინჟინრო სამართლი“-ს, მედიასამართლის, ლინგვოკრიმინალისტიკის და სხვა პროექტების  შესახებ.

დეკანმა ყურადღება გაამახვილა ფაკულტეტის მიერ  საერთაშორისო დონის სპეცილისტების  მაიკლ გრანტის, ამერიკელი მოსამართლეების ანა ჰარისის, ბენ სტადარტის და მაიკლ კუკაროს,  პროფესორების  თეო კობუშის, ვალტერ იეშკეს, ელიკო წიკლაური-ლამიხის, ჰანს იორგ ალბრეხტის და სხვათა მოწვევაზე, რომლებმაც ფაკულტეტის სტუდენტებს არაერთი საჯარო ლექცია წაუკითხეს.

მნიშვნელოვანია რომ 2017 წლის განმავლობაში ფაკულტეტმა გააფორმა ისეთი მნიშვნელოვანი მემორანდუმი უცხოურ უნივერსიტეტთან, როგორიცაა მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი და საქართველოში არსებულ მნიშნელოვან სტრუქტურულ ერთეულებთან:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროთან, სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში აპარატთან და სხვებთან.

დეკანმა გაიხსენა ფაკულტეტის მიერ ბოლო დროს ჩატარებული კონფერენციები: საერთაშორისო  კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და გენდერი“-4.

პროფესორ ირაკლი გაბისონიამ  მიმოიხილა ფაკულტეტზე არსებული კვლევითი ცენტრების  მათ შორის,  პოლიტიკისა და სამართლის კვლევითი ცენტრის, საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრის, ჩინეთის კვლევითი ცენტრის, კულტუროლოგიის კვლევითი ცენტრის  საქმიანობა.

დეკანმა ხაზი გაუსვა ფაკულტეტის პრიორიტეტს, რომელიც მდგომარეობს ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისებაში, რისთვის ფაკულტეტი აქტიურად აფინანსებს აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს საერთაშორისო სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. მათ შორის, დაფინანსდა სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში, პროფესორთა ვიზიტი განათლების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, სტუდენტებისა და პროფესორების ვიზიტი ჩეხეთში კონფერენციაზე „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისათვის“ და სტუდენტების მონაწილეობა ჰააგაში სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში. ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა საზაფხულო  სკოლები ქ. ბათუმში  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ზუგდიდში, ასევე გაიმართა ზამთრის სკოლა ბაკურიანში.

საგულისხმოა, რომ გადაცემაში მონაწილე სხვა პირებმაც, მათ შორის, სტუ-ს რექტორმა, კანცლერმა, სპიკერმა და სხვა ფაკულტეტის დეკანებმა აღნიშნეს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საქმიანობის დადებითი ასპექტები. ხაზი გაუსვეს საინჟინრო სამართლის პროექტის მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილეს ფაკულტეტის ყოველდღიურ აქტიურობაზე, რაც გამოიხატება საჯარო ლექციების, სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებაში, სხვადასხვა სტუმრების მოწვევაში, მემორანდუმების გაფორმებაში და სხვა.

Posted in Uncategorized and tagged .

gabela23

Leave a Reply