სტუდენტური ვორქშოფი  თემაზე: „დისკრიმინაცია“ ჩატარდა

2018 წლის 9 თებერვალს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: „დისკრიმინაცია“

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა მაია ყიფიანმა, ხოლო სტუდენტებს მოწვეული სტუმრები წარუდგინა სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ციალა გლოველმა.

სტუდენტურ ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველი დევნილთა უფლებებში მერი კოჭლამაზაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და ვორქშოფის ორგანიზატორებს მოწვევისათვის.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პროფესორებმა მაია ყიფიანმა და ციალა გლოველმა ასევე, სტუდენტებმა: ანა ტაკაშვილმა, თორნიკე კაპანაძემ და თომა ხაბეიშვილმა.

ვორქშოფში მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სამართლის სპეციალობის 23 სტუდენტი,  რომლებმაც პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს შემდეგი თემები: „ადრეული და იძულებითი ქორწინება“, „ბულინგი“, „გენდერული დისკრიმინაცია“, „სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია“, „პატიმრების დისკრიმინაცია“, „გენდერული დისკრიმინაცია შრომით უფლებებში“, „სსმ პირების დისკრიმინაცია“, „რელიგიური დისკრიმინაცია“, „რელიგიური უმცირესობები“, „ეიჯიზმი“, „დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით“, „ბავშვთა დისკრიმინაცია“, „მტკიცების ტვირთის სტანდარტი დისკრიმინაციის საქმეებზე“ და „რასობრივი დისკრიმინაცია“.

სტუდენტური ვორქშოფის დასასრულს წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი, სტუდენტებმა ამომწურავად უპასუხეს შეკითხვებს, დაისახეს სამომავლო გეგმები და წარმოადგინეს საკუთარი რეკომენდაციები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა ანა ფუტკარაძემ და ღონისძიების ორგანიზატორებმა  მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები, მადლობა გადაუხადეს მსგავსი ჩართულობისთვის და წარმატებები უსურვეს თითოეულ მათგანს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply