საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა მიერ 2017 წლის 29 მარტს დაფუძნდა ა(ა)იპ „თავისუფალი განათლების აკადემია“, რომელიც ემსახურება არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს, ტრენინგებს, კონფერენციებს, იმიტირებულ პროცესებს, მოდელირებებსა და სხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს, რომელიც გათვლილია მოსწავლეებსა და სტუდენტებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აკადემიის დამფუძნებელია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ბაქარი გვაზავა.
თავისუფალი განათლების აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, სკოლებსა და ორგანიზაციებთან. აკადემიაში გარდა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისა გაწევრიანებულნი არიან, როგორც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტთა ტრენერობით ჩატარდა პირველი ტრენინგი „მოზარდი და სამართალი“.
სამართლისა და სერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და ა(ა)იპ „თავისუფალი განათლების აკადემია“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მიესალმება ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა აქტიურობას, მათ ჩართულობას სამეცნიერო-საზოგადოებრივ საქმიანობაში და გამოთქვამს მზადყოფნას თანამშრომლობისათვის.
ვიმედოვნებთ, რომ ორგანიზაცია საქმიანობას გააგრძელებს წარმატებით, რაშიც მნიშვნელოვანი იქნება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წვლილი.