პროფესორ ზურაბ ჯიბლაძის საჯარო ლექცია თემაზე – სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და სისტემური ანალიზის საკითხები

2017 წლის 10 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში, სტუ ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის პრობლემების და ფაკულტეტთაშორის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა,  პროფესორმა ზურაბ ჯიბლაძემ, წაიკითხა საჯარო ლექცია   თემაზე  „სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და სისტემური ანალიზის საკითხები“ .

შესავალ სიტყვაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ  მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისათვის და დამსწრე საზოგადოებას უსურვა საინტერესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნა.

თავდაპირველად პროფესორმა ზურაბ ჯიბლაძემ ისაუბრა ჟიული შარტავას ღვაწლზე, გაიხსენა ჟიული შარტავას სტუდენტობა, რომელიც სტუ-ს წარჩინებული სტუდენტი გახლდათ. ასევე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის პრობლემების და ფაკულტეტთაშორისი კვლევითი ცენტრის დაფუძნების ისტორია, დღემდე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები.  გაამახვილა ყურადღება კვლევითი ცენტრის პარტნიორებზე, მათ შორის, პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიაზე, რომლის პრეზიდენტი არის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი. ასევე, სტუმარმა აღნიშნა სტუ-ს სპიკერის ჯემალ გახოკიძის როლი, კვლევით ცენტრის წინსვლის საქმეში.

საჯარო ლექციის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის მექანიზმები, საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანალიზი, კანონშემოქმედებითი საქმიანობის თემატური ანალიზი, მეცნიერებისა და ექსპერტების მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში, პოლიტიკური კავშირები და საზოგადოებრივი ურთიერთობები. სტუმარი მოკლედ შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, დაისვა არაერთი კრიტიკული  შეკითხვა და ასევე, გამოიკვეთა პროფესორ- მასწავლებელთა პოზიცია კვლევითი ცენტრის საქმიანობის ირგვლივ.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს მსგავსი სახის შეხვედრებს, რომელიც აამაღლებს სტუდენტთა სამართლებრივ შეგნებას.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply