2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია და თავმჯდომარის მოადგილე მირიან ხარაბაძე შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს……………………………………………….
ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესში პრაქტიკოსების რეკომენდაციების მოსმენის აუცილებლობას და სასწავლო, პროგრამებში, სილაბუსებში მათი რჩევებისა და მოსაზრებების ასახვას.
შეხვედრას უძღვებოდა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც სთხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს სტუდენტებისათვის მცირედი მოხსენება გააკეთებინა.
როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ აღნიშნა, მისი უწყებისთვის მეტად მნიშვნელოვანია სტუდენტებთან და სასწავლო დაწესებულებებთან მყარი კავშირის დამყარება, სწორედ ამიტომ მიესალმება ფაკულტეტის ორგანიზებულ პროექტს „შეხვდი დამსაქმებელს“. თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აღსრულების კოდექსის კანონპროექტზე და განხორციელებულ თუ სამომავლო რეფორმებზე.
სტუდენტების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა აღსრულების ეროვნული ბიუროს იურისტი ეკატერინე ახალკაცი, რომელმაც გააცნო სტუდენტებს აღსრულების სისტემასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები, მოვალეთა რეესტრისა და კერძო აღსრულებასთან დაკავშირებული ასპექტები, ასევე, ყურადღება გაამახვილა ელექტრონულ აუქციონთან და გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ გამოითქვა წინადადება ფაკულტეტზე ისწავლებოდეს „აღსრულების სამართალი“, რომელიც უკეთ მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას აითვისონ აღსრულების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, თავმჯდომარემ გაამახვილა ყურადღება აღსრულების ბიუროში დასაქმებისა და სტაჟირების შესახებ, მოუწოდა სტუდენტებს გამოიყენონ შესაძლებლობა და მიმართონ ბიუროს განაცხადით, რათა ისინი დასაქმდნენ სამომავლოდ .
შეხვედრა ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს, რაც სტუდენტებმა მაქსიმალურად გამოიყენეს და დასვეს არაერთი შეკითხვა აღსრულების მექანიზმების, წარმოების, მოვალეთა რეესტრის, ელექტრონული აუქციონისა და სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სპიკერმა, პროფესორ ჯემალ გახოკიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბიუროს თავმჯდომარეს მობრძანებისთვის და ორიოდე სიტყვით შეაფასა აღსრულების სისტემა საქართველოში.