2018 წლის 15 მარტს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა საჯარო ლექციათა კურსის “სახელმწიფოსა და სამართლის სწავლების” ფარგლებში ჩაატარა პირველ საჯარო ლექცია თემაზე: „პლატონის სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფია“
თავდაპირველად, პროფესორმა მცირედი განმარტება გააკეთა საჯარო ლექციათა კურსის შესახებ, მიმოიხილა ძირითადი სასემინარო თემატიკა და გააცნო სტუდენტებს შემდგომი მომხსენებლების შესახებ ინფორმაცია.
პროფესორ მამუკა ბერიაშვილის საჯარო ლექცია ეძღვნებოდა თემას: „ პლატონის სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფია“, რომლის ფარგლებში მიმოხილული იქნა პლატონის ბიოგრაფიული მონაცემები, მის ცხოვრებასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები, მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამართლიანობის განმარტებაზე.
აღნიშნული საჯარო ლექციების მიზანია უზრუნველყოს სტუდენტის მიერ იურიდიული და სამართლებრივ-პოლიტიკური საკითხების შესწავლა არა მხოლოდ ვიწრო სპეციალური, არამედ კომპლექსური ინტერდისციპლინური მიდგომის საფუძველზე. საჯარო ლექციების ფარგლებში გაანალიზებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეალიების (მაგ. საგამოძიებო ორგანოების მიერ ადამიანზე ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების დასაშვებობა-დაუშვებლობა) მართებულობა ან სიმცდარე.
მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ლექციების მოსმენის შედეგად სტუდენტი შეძლებს სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტების, სამართლებრივი აქტებისა და სამართალის აღსრულების კრიტიკული ანალიზსა და მათ საკუთარ დანიშნულებასთან რეალური მიმართების ხარისხზე არგუმენტირებულ მსჯელობას, შეძენილი ფართო თეორიული თვალსაწიერის, ფუნდამენტური საკითხების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მეშვეობით კონსექვენტური და იურიდიული რელევანტობის მქონე დასკვნების გამოტანას.