კონფერენცია – “დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებზე”

საქართველოს პარლამენტის ილია  ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე. კონფერენცია გახსნა ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები”-ს თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა.

კონფერენციაზე მოხსენებით თემაზე: „ძიებანი საქართველოს განდგომილი რეგიონების შემორიგებისათვის“  წარსდგა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  პოლიტიკისა და სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ  ნაშრომი „ძიებანი საქართველოს განდგომილი რეგიონებისათვის“ შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის მიერ, იგი მთლიანად ეთმობა საქართველოს  კონფლიქტური რეგიონების პრობლემატიკას.  ნაშრომში დეტალურადაა გაანალიზებული, თუ რამ განაპირობა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სეპარატიზმის იმ დონემდე გაღვივება, რომ იგი შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიური ნაბიჯების ძიებაზე, რომელიც გადადგმულია კონფლიქტების გადაწყვეტისას ამა თუ იმ სახელმწიფოში,  ამ მიზნით შერჩეული და შესწავლილია სამი პრეცედენტი  ჰონკონგის, სამხრეთ ტიროლისა და შოტლანდიის.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, მან აღნიშნა, რომ მეცნიერთა ჯგუფმა ფაქტიურად შექმნა ახლებულად გააზრებული და ფუნდამენტურად გამოკვლეული ნაშრომი საქართველოს განდგომილი რეგიონების შემორიგებისა და ერთად ცხოვრებისათვის. სამივე სახელმწიფომ ჩინეთმა, იტალიამ და შოტლანდიამ კომპრომისების საშუალებით, ურთიერთმისაღები და ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებისა და მორიგების გზით ცივილურ დონეზე  მოახერხა ჰონკონგთან და  სამხრეთ ტიროლთან კონფლიქტების მოწესერიგება. ჯემალ გახოკიძემ წამოაყენა კონკრეტული წინადადებები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ  კონფლიქტის დასარეგულირებლად.

სტუ-ს სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, პროფესორმა ავთანდილ დემეტრაშვილმა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტის სწავლულმა მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფო მიდელაშვილმა მიიღეს დებატებში მონაწილეობა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply