2018 წლის 20 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ,,გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ–სამართლებრივი ასპექტების“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან დიმიტრი ცქიტიშვილთან და ნინო წილოსანთან.
ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ნაყოფიერი სამუშაო გარემო უსურვა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
შეხვედრა მიეძღვნა ისეთი თემის განხილვას, როგორიცაა „ქალის როლი პოლიტიკაში“. თავდაპირველად, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა ქალბატონმა ნინო წილოსანმა ისაუბრა პარლამენტში ქალთა კვოტირების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პარლამენტის წევრმა ბატონმა დიმიტრი ცქიტიშვილმა სტუდენტებს გააცნო ის ძირეული საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ფემინიზმთან, გენდერ ბალანსთან, ნაადრევ ქორწინებასთან და სხვა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები დეპუტატებს განსახილველი თემის ფარგლებში, გენდერულ-სამართლებრივ ჭრილში.