2018 წლის 24 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ და სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „საინჟინრო სამართლის“ ფარგლებში არქიტექტურული კომპანიის „არქ არეა“ და სამშენებლო კომპანიის „დეკოლაინი“ ხელმძღვანელები შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მობრძანებისთვის. დეკანმა ხაზი გაუსვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „საინჟინრო სამართლის“ განხორციელების მნიშვნელობას, რომელსაც ხელმძღვანელობს სტუ-ს რექტორი აკადემიკოსი, არჩილ ფრანგიშვილი. დეკანმა ყურადღება გაამახვილა საინჟინრო სამართლის კუთხით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლაზე. დეკანის თქმით „აღნიშნული შეხვედრის მიზანია პრაქტიკოსებისაგან იმის გაგება, თუ რაზე უნდა გამახვილდეს ჩვენი მხრიდან ყურადღება ამ პროექტის განხორციელებისას“.
შეხვედრას ესწრებოდნენ: : კომპანია „არქ არეას“ დამფუძნებელი – დირექტორი – ზურაბ კამლაძე; კომპანია „დეკოლაინის“ დირექტორი – კობა ჩიხლაძე. არქიტექტურული ჯგუფის უფროსი – ალეკო ქარცივაძე; სანებართვო განყოფილების უფროსი – ქეთი ჯაფარიძე სარემონტო განყოფილების მენეჯერი – ვაჟა მაღრაძე; არქიტექტურული ჯგუფის უფროსი – გოჩა გელაშვილი; პროექტის „საინჟინრო სამართლის“ მონაწილე, პროფესორი- გიორგი გორაძე; მოწვეული პროფესორი, სამშენებლო სამართლის ექსპერტი- კობა ყალიჩავა; პროექტის „საინჟინრო სამართლის“ მონაწილე, პროფესორი თეიმურაზ ბეჟოშვილი.
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და არქიტექტურულ კომპანია „არქ არეას“ შორის.
კომპანიის ხელმძღვანელებმა და პროფესორებმა გამართეს დისკუსია მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე სამშენებლო სამართალთან მიმართებაში.
დეველოპერული კომპანიის „არქ არეას“ დამფუძნებელმა ზურაბ კამლაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კურსდამთავრებული, მათი თქმით „დღეს უნივერსიტეტები ვერ ზრდიან პროფესიონალებს სამშენებლო სფეროში და სწორედ რომ დროულია ფაკულტეტის წამოწყება სამშენებლო სამართლის კვალიფიციური სპეციალისტების გაზრდის თვალსაზრისით“
ფაკულტეტის ასისტენ-პროფესორმა და კომპანია „დეკოლაინის“ დირექტორმა კობა ჩიხლაძემ ხაზი გაუსვა პრაქტიკული თვალსაზრისით ისეთი იურისტების არსებობას, რომლებმაც იციან როგორც სამართალი ასევე, სამშენებლო, საინჟინრო და სხვა მიმართულებები. როგორც მან თქვა: „აუცილებელია სასწავლო პროგრამაში აისახოს ფაკულტეტის აღნიშნული სამეცნიერო პროექტი და სტუდენტებმა აქედანვე ისწავლონ სამშენებლო სამართალი, როგორც არჩევითი საგანი“
მოწვეულმა პროფესორმა, სამშენებლო სამართლის ექსპერტმა კობა ყალიჩავამ განსაკუთრებულად შეაფასა ფაკულტეტის წამოწყება „საინჟინრო სამართლის“ დანერგვის შესახებ, განმარტა სამშენებლო კოდექსთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი და განაცხადა, რომ „თუ სამშენებლო სამართალი ფაკულტეტზე აისახება, როგორც სასწავლო პროგრამა ეს იქნება ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი და ფაკულტეტის კურსდამთავრებულების 70-80% ამ მიმართულებით აუცილებლად დასაქმდება“.
პროფესორმა თეიმურაზ ბეჟოშვილმა საზოგადოებას წარუდგინა ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოქვეყნებული ორი სამეცნიერო სტატია და კვლევის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
პროექტის განხილვა შეაჯამა პროფესორმა გიორგი გორაძემ, რომელმაც ისაუბრა მელბურნისა და სიდნეის უნივერსიტეტზე, რომლებიც სწორედ რომ სასწავლო პროგრამა „საინჟინრო სამართლით“ არიან ცნობილები, ხაზი გაუსვა იმას რომ პროექტი საინჟინრო სამართალი არ მოიცავს მხოლოდ სამშენებლო სამართალს და იგი შედგება: ენერგეტიკის სამართლით, ბიოინჟინერიით, სატრანსპორტო სამართლით, ასევე, განმარტა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის დანერგვაზე. გიორგი გორაძემ სამომავლო გეგმებიც გააცნო დამსწრე საზოგადოებას.
შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.