2018 წლის 17 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებმა გამართეს მრგვალი მაგიდა თემაზე: „მსოფლიო კონსტიტუციები“.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარმატებები უსურვა პირველკურსელებს. როგორც დეკანმა აღნიშნა: „აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ტარდება ფაკულტეტზე არსებულ საჯარო სამართლის ლაბორატორიაში, სადაც თითქმის ყველა ქვეყნის კონსტიტუცია არის დაცული“.
პირველკურსელებმა სანდრო გოძიაშვილმა და ამილ გუსეინოვმა დამსწრე საზოგადოებას ინგლისურ ენაზე გააცნეს ინფორმაცია დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის კონსტიტუციების შესახებ. მომხსენებლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ასევე, ლიტვის, პოლონეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის და სხვა ქვეყნების კონსტიტუციები. ისაუბრეს ისტორიაზე და მიმოიხილეს ამჟამინდელი კონსტიტუციური მოდელები. ზემოაღნიშნული ქვეყნების კონსტიტუციების ირგვლივ გაიმართა დისკუსია მომხსენებლებსა და დამსწრე სტუდენტებს შორის. პირველკურსელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ასისტენტი სოფო დემეტრაშვილი.
ღონისძიება შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მოუწოდა სტუდენტებს მსგავსი აქტიურობისკენ.